მსოფლიო
“დედაჩემმა მომწერა: გიორგი, რა ქენი ამნაირი?” – რა უთხრეს გიორგი კეკელიძის დედას?
2020-11-13 14:31:09
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ვფიქრობდი, დამეწერა თუ არ. ვფიქრობდი, ვფიქრობდი და გადავწყვიტე. არასდროს შეგაწუხებდით უმნიშვნელო იშვიათი წაკბენების გამო, აქამდეც იოლად ვიტანდი და აწიც ავიტან, რომ არა დედაჩემის გვიანღამინდელი მოწერილი: "გიორგი, რა ქენი ამნაირი?” დედაჩემი ვერ არის მთლად ჯანმრთელად და სასწრაფოდ გადავურეკე. ვიღაც შეხმიანებია და უთქვამს – “სადღაც ეწერა, იმ დღეს გიორგის მოწოდებით უამრავი ადამიანი შევიდა ბიბლიოთეკაში და საპირფარეშო დასვარესო” – აი, ასე. და ის კიდევ ნერვიულობს ამაზე და ამბავი. ჰოდა, სანამ ძირითად სათქმელს მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რომ ესეც ტყუილია, რბილად რომ ვთქვათ – მავნებლური. სულ ათიოდ ჩემი სტუდენტი ან აქციის მონაწილე თუ იყო ბიბლიოთეკაში იმ ღამით. როგორც ვიცი, ტერიტორიას არ ტოვებდნენ ჯარიმის შიშით. იყვნენ პოლიციელები და მათაც გავუღეთ კარი – ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან.
ჰოდა, ვინც ამას წერდით, თქვენც ხომ იცით, რომ სულ სხვა რამემ გაგაბრაზათ და ეს სამარცხვინო ამბავი ამადაც გამოიგონეთ? მათ შორის ადამიანებმა, რომლებსაც პატივს ვცემ და მცემენ. გაგაბრაზათ იმან, რომ არ შეგიძლიათ, მარტივი წინადადება მარტივადვე აღიქვათ – "თუ ვინმეს, ძვირფასო სტუდენტებო, წყალი მოგწყურდებათ, ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის” და ართულებთ, ართულებთ და აბინძურებთ იმ საპირფარეშოებზე უფრო. თქვენც ხომ ზუსტად იცით, აი, თქვენ, ვინც ეს იკადრეთ – ვისაც მხარს უჭერთ, მისი მიტინგი რომ ყოფილიყო, პირიქით იტყოდით. შეიძლება აქეთა მხრიდან დაგმსგავსებოდათ მაშინ ვინმე – არ გამოვრიცხავ. მაგრამ მინდა ისიც იცოდეთ, რომ კარს მაშინაც გავხსნით, გავხსნით უპრობლემოდ და იგივე შემართებით. ისიც ხომ ზუსტად იცით და ეს მე მახარებს – ჰუმანიზმის მხარეს იმ ღამით, ათიათასობით დადგა და მოიწონა, სრულიად უპარტიო და ჩვეულებრივი ხალხი. და ამან გაგაცოფათ და გაგამწარათ. მერწმუნეთ აქეთ, უბრალო, ადამიანურ მხარეს ძალიან ბევრი ვართ და მანდ – ბოღმისა და სიავის ნთხევის – ძალიან ცოტა – იოლად დათვლით, თუ სიძულვილი არ დაგიბრმავებთ თვალებს. მაგრამ ჩვენი სიმრავლე, არ ნიშნავს რომ ნიშნი უნდა მოგიგოთ ან დაგჩაგროთ. პირიქით, სრულიად პირიქით. თქვენ ჩვენ ვეღარ დაგვამარცხებთ, ჩვენ კი თქვენ – აღარ.
ჰოდა, კიდევ ერთხელ მინდა რომ შეისმინოთ – მე არც ნაცი ვარ და არც ქოცი, არც პოლიტიკა არის ჩემი საქმე. არც იქნება. ორივე დროს ვმუშაობდი და ვერცერთში ნახავთ ხელისუფლის დითირამბს ჩემგან. ეს გიკვირთ და ბრაზს გგვრით. დიახ, მე გიორგი კეკელიძე ვარ, ერთი თქვენგანი, თქვენი ტოლი ან უარესი. მაგრამ მე ვარ და ვარ ადამიანი, ვინც თვლის, რომ თავისუფლებაში ვარჯიში არის ადამიანად ყოფნის მთავარი ნიშანი, რომ გასაწმენდი საპირფარეშო იოლად მოწესრიგდება, გასაწმენდი გული – ძნელად. დიახ, ძალიან სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ – არიან ადამიანები, რომელთაც კითხვა რა დაესმით. და ჩვენ, მე და თქვენ, უნდა ვეცადოთ და რა ჯგუფის საზოგადოებაში კი არ ჩავტოვოთ ისინი, არამედ ძალა მოვიკრიბოთ და "ვინ” ჯგუფში გადმოვიყვანოთ. უნდა ვაჩვენოთ, რიმ არ ვბოროტდებით – დაგვწყევლიან და გავუღიმებთ, ხელს აგვიკრავენ და მეორეს გავუწვდით. და ისინი თუ არა, მათი შვილიშვილები მაინც ისწავლიან, რომ სიძულვილით არაფერი აშენდება, მხოლოდ ინგრევა და ნადგურდება. ერთმა იკითხა, ბიბლიოთეკა შენთვის ბაბუაშენს ხომ არ დაუტოვებიაო. არა, მეგობარო, ბაბუაჩემს ჩემთვის არაფერი დაუტოვებია, გარდა იმის ცოდნისა, რომ უნდა ეცადო და მეორე ადამიანი დაინახო, მეორე ადამიანი შეამჩნიო და ხელი გაუწოდო.
ამ თემაზე აღარ შეგაწუხებთ. მე ჩემს თავს მივხედავ და დედაჩემსაც დავამშვიდებ. თქვენც დამშვიდდით. წინ ისედაც ბევრი და დიდი საქმეა.
თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“
კომენტარები