საზოგადოება
კეკელიძე სირცხვილიას ღამის აქციის მონაწილეებს: ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის
2020-11-09 19:59:41
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების მისამართით წერს, რომ მათთვის ბიბლიოთეკის კარი დღეს ღამით ღია იქნება.
კეკელიძე აქციის მონაწილეებს კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
"დღეს იმ აქციაზე, მეორე აქციაზე - აი, ღამით რომ იმართება, როგორც გამანდეს, არაერთი ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტი მიდის. შეიძლება, ზოგჯერ მე მომწონდეს ან არ მომწონდეს რაღაც კონკრეტული ნაბიჯი, ემთხვეოდეს ან არ მათ ფიქრსა და განწყობას ჩემი ფიქრი ხანდახან, მაგრამ ისინი, ეს ვიღაცისთვის ახირებული ხალხი მე ძალიან მიყვარს. და მიყვარს არამხოლოდ სუბიექტურად - ხვალინდელი საქართველო მათ უნდა ააშენონ. ეს გარდაუვალი ამბავია.
შესაბამისად - სულ მათ მხარეს ვარ და ამიტომაც, გავიმეორებ იმას, რაც ადრეც მითქვამს - ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება თქვენთვის - თუ შეგცივდათ ან მოგწყურდათ ან სხვა აუცილებელი და საჭირო მიზეზი გქონდეთ. და კიდევ, ერთი პროზაული და მობეზრებული, მაგრამ აუცილებელი რამ უნდა გითხრათ - აუცილებლად დაიცავით დისტანცია და გაიკეთეთ პირბადე. კორონა-ვირუსი ვერ არის სახუმარო საქმე - ამ დღეებში მისი სივერაგე არაერთმა ჩემმა ახლობელმა გამოსცადა.
არც ყველაზე მამაცი კაცი მგონია თქვენს შორის თავი და მით უმეტეს - არც გმირობაა ჩემი ოცნება. ერთი უბრალო თქვენგანი ვარ, რომლისთვისაც სამყაროს ცენტრში გუშინაც იდგა, დღესაც დგას და ხვალაც იდგება ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი. იმ წიგნებში, ეს ბიბლიოთეკა რომ ინახავს, უფრო სწორედ, იმ წიგნთაგან საუკეთესო წიგნებში, სწორედ ეს წერია", - წერს კეკელიძე.
კომენტარები