მსოფლიო
შსს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
2020-11-08 00:18:28
შსს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1975 წელს დაბადებული ორი პირი - ა.ხ. და ა.კ. ქრთამის მიცემის, მუქარისა და იძულების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და შესთავაზეს, ერთ - ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით 50 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, პრესის თანდასწრებით, დემონსტრაციულად დაეტოვებინა თანამდებობა და გაეკეთებინა განცხადება, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა. აღნიშნული განცხადების გაკეთების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებას დაჰპირდნენ.
მას შემდეგ, რაც თედორე გობეჯიშვილისგან უარი მიიღეს, ბრალდებულები ისნის N5 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაემუქრნენ ანგარიშსწორებით და აიძულებდნენ დასთანხმებოდა შემოთავაზებულ წინადადებას.
ბრალდებულებთან შეხვედრის მეორე დღეს -2020 წლის 7 ნოემბერს 1977 წელს დაბადებული თედორე გობეჯიშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქრთამის შეთავაზებას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და ჯგუფურად ჩადენილ მუქარას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, აკაკი კობალაძეს და აკაკი ხუსკივაძს აბსურდული ბრალი წაუყენეს.
კომენტარები