კრიმინალი
დაკავებული მორაგბის, არჩილ გაგნიძის ჩვენების მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი ხიდის ტერიტორიიდან გაქცევის შემდეგ არ უნახავთ
2020-06-30 10:44:00
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბის, არჩილ გაგნიძის განცხადებით, ამავე საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა მცხეთაში გაყოლა არა საჩხუბრად, არამედ ავტომანქანის წამოსაყვანად სთხოვეს, ვინაიდან თავად ნასვამი იყვნენ.
„2020 წლის 19 ივნისს, საღამო პერიოდში, დაახლოებით, 22:00 საათისთვის, ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებოდი ქალაქ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან ეზოში, იქ იმყოფებოდა ჩემი მეგობარი და უბნელი ვასო მახარაძე. ასევე, შორი-ახლოს იმყოფებოდნენ ჩვენი უბნელი სხვა პიროვნებებიც, რომელთა სახელები და გვარები აღარ მახსოვს. მე ვსვამდი ლუდს, ამ დროს, ჩემთან მოვიდნენ ჩვენი ზედა უბნის ახალგაზრდები. დაახლოებით, 10 ახალგაზრდა, რომელთაგან ორი ჩემი უბნელია. მათი სახელები და გვარები ჩემთვის უცნობია. აღნიშნული პიროვნებები არიან, დაახლოებით, 18-19 წლისანი, აღნიშნულმა ახალგაზრდებმა იქ მყოფ პიროვნებებს ემოციურად დაგვიწყეს მოყოლა, რომ ისინი იმავე დღეს საქეიფოდ იმყოფებოდნენ მცხეთაში, ერთ-ერთ სახლში, რომელიც განთავსებულია საავტომობილო ტრასის პირას, „ლიდერფუდის“ შენობის უკან. იქ შეკრებილები იყვნენ კლასელები და ქეიფობდნენ. კლასელების გარდა იქ სხვა პიროვნებები იმყოფებოდნენ თუ არა, მე იქ მათგან არ გამიგია. მათი განმარტებით, სუფრასთან ქეიფის დროს, მათ ჩემთვის უცნობ პიროვნებებთან მოუხდათ ჩხუბი და ისინი წამოვიდნენ ქალაქ თბილისში. წამოსვლისას ერთ-ერთ მათ თანაკლასელს ქეიფის ადგილას დარჩა საკუთარი ავტომანქანა, რომელიც ვერ წამოიყვანა, რადგან ნასვამ მდგომარებაში იყო. ასევე, მათივე განმარტებით, მათ ადგილზე დარჩა მათი მეგობრები, რომლებიც წამოსაყვანები იყვნენ. ამიტომ, ახალგაზრდებმა ჩვენ გვთხოვეს, რომ ჩვენგან რომელიმე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება მათ მცხეთაში გაყოლოდა, დამჯარდიყო მათი იქ მყოფი ავტომანქანის საჭესთან და დარჩენილ მეგობრებთან ერთად წამოეყვანა ის თბილისში. მე და ვასო მახარაძე დავეთანხმეთ მათ თხოვნას. ვასო მახარაძე დაჯდა მათთან ერთად მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის საჭესთან, მე დავჯექი მის გვერდით სავარძელზე, ხოლო იქ მყოფი ახალგაზრდები, 4 კაცი მათ შორის, იმავე ავტომანქანის მფლობელი, რომლის გვარია ჩიქოვანი, სახელი არ ვიცი, ხოლო მეორეა ჩემი უბნელი ნიკა რევაზიშვილი, დასხდნენ იმავე ავტომანქანის უკანა სავარძელზე და ჩვენ წავედით მცხეთაში.
ჩვენ მივედით მცხეთასთან, ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას არსებული „ლიდერფუდის“ შენობასთან, ტრასიდან ჩავუხვიეთ ხელმარჯვნივ და მალევე მივედით რკინის ჭიშკართან. გარეთ ჭიშკართან იდგნენ ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი. ჩვენ გავაჩერეთ ავტომანქანა, უკანა სავარძელზე მყოფმა ახალგაზრდებმა მათ ჰკითხეს, სად იყო ავტომანქანა, რომელიც ჩვენ უნდა წაგვეყვანა თბილისში, რაზეც იქ მყოფებმა უპასუხეს, რომ „მანქანა წაიყვანესო“, მაგრამ ვინ წაიყვანა, არ დაუსახელებიათ. ამის შემდეგ, ჩვენ იმავე ავტომანქანით გამოვბრუნდით უკან, შევუხვიეთ ტრასაზე და წამოვედით ქალაქ თბილისის მიმართულებით. გზაზე, ტრასის პირას, ჩვენ შემოგხვდა ფეხით თბილისის მიმართულებით მიმავალი ბიჭები, 4 პიროვნება. უკან მსხდომებმა ვასო მახარაძეს სთხოვეს, რომ შეეჩერებინა მანქანა, რათა გაეგოთ, ხომ არ იყვნენ ისინი მათი ახლობლები. ამის გამო, ვასო მახარაძემ იმ ბიჭებთან გააჩერა მანქანა და ჩვენ გადავედით მანქანიდან. მანქანიდან ჩვენი გადასვლისთანავე, გზაზე ფეხით მიმავალი პიროვნებები გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით, გადაირბინეს იქ არსებულ მდინარეზე გადამავალი ხიდი, ანუ საავტომობილო ტრასა ფეხით გადაკვეთეს და ხიდის პირას მოეფარნენ ჩემი თვალთახედვის არეს. აქვე დავამატებ, რომ მანქანიდან ჩემი გადასვლისა და იქ მყოფი 4 პიროვნების დასავლეთის მიმართულებით გაქცევისთანავე, მე ფეხით სწრაფი სიარულით გავყევი მათ და ვეძახდი, რომ არ გაქცეულიყვნენ და შეჩერებულიყვნენ. ჩემთან ერთად გაქცეულ 4 პიროვნებას უკან მიყვებოდა აგრეთვე ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე მჯდომი ოთხივე ახალგაზრდა, რომელთაგან ორი მათგანი ასევე ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა წინ, ხოლო დანარჩენი ორი ჩემ უკან. ჩემთან ერთად გაქცეულ პიროვნებებს გაყოლილი ახალგაზრდები ასევე ეძახდნენ მათ რაიმეს, მე ვერ გავიგინე, რადგან ტრასაზე მოძრაობდნენ ავტომობილები, ამის გამო იყო ხმაური.
რაც შეეხება ვასო მახარაძეს, ის სად იმყოფებოდა, აღარ მახსოვს. როცა გაქცეული პიროვნებები მიეფარნენ თვალს, მე მივედი იმ ადგილას, საიდანაც ისინი მიეფარნენ თვალს და ხელმარჯვნივ, ხიდის ქვეშ, გავყევი მოასფალტებულ, მოსაბრუნებელ გზას, რომლის გადასწვრივ ჩემი მოძრაობის მიმართულებიდან ხელმარცხნივ შევნიშნე ძველებური, მცირე ზომის შენობა. მოასფალტებულ გზაზე მე ფეხით გავიარე, მაქსიმუმ, 100 მეტრის მანძილი, მაგრამ ჩემ გარშემო და წინ ვერავინ დავინახე, გარდა ჩემთან ერთად მომავალი ჩვენი მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომთაგან ორი ახალგაზრდისა. მე მოვტრიალდი და ფეხით წამოვედი უკან. აღნიშნული ორი ახალგაზრდაც გამომყვა უკან და ჩვენ მივედით იმავე ადგილას, სადაც ჩამოვედით ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან. იქ მისულს ადგილზე უკვე დაგხვდა ჩვენი ავტომანქანა „ტოიოტა ქამრი“, რომელშიც იჯდა ვასო მახარაძე, მანქანა იდგა ზემოაღნიშნულ ძველ შენობასთან ახლოს, საავტომობილო გზის გვერდულზე, როდესაც იქ მივედი, ჩვენთან ერთად მყოფი დანარჩენი ორი ახალგაზრდა, მე ვერ შევნიშნე. მე მივედი და დავჯექი მანქანაში მძღოლის გვერდით, ამ დროს, ჩემთან ერთად ფეხით წამოსული ორი ახალგაზრდა სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა, ვეღარ შევნიშნე.
მე მანქანაში დაჯდომისას გავიხედე მაერჯვენა მხარეს და მანქანიდან დაახლოებით, 3 მეტრში, დავინახე რომ ჩვენთან ერთად მყოფმა ორმა ახალგაზრდამ იქ მიწის ზედაპირზე არსებული ბალახებიდან წამოაყენა ერთი, ჩემთვის უცნობი დაახლოებით, მათივე ტოლი ასაკის მამაკაცი, მოკიდეს ხელი და მოიყვანეს მანქანასთან. მე იმ მომენტში არ დამინახავს, რომ ზემოაღნიშნულ ჩემთვის უცნობ ახლაგარზდა მამაკაცს მისი მომყოლი პიროვნებები უხეშად მოპყრობოდნენ, ან შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიემართათ მისთვის. იგი საკუთარი ფეხით ჩაჯდა ჩვენს მანქანაში უკანა სავარძელზე, დანარჩენი მანამდე ჩემთან ერთად მყოფი 4 ახალგაზრდაც დაჯდა იმავე უკანა სავარძელზე და ჩვენ წამოვედით თბილისის მიმართულებით. მგზავრობისას, როცა შემოვედით თბილისში, იმ უცნობ ახალგაზრდას ვუთხარი, რომ მას მანქანიდან ჩამოვსვამდით ხალხმრავალ და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელ ადგილას, რათა ის ადვილად დაბრუნებულიყო სახლში“, - აცხადებს გაგნიძე.
გამომძიებლის კითხვაზე, როცა „ტოიოტა ქამრით“ თბილისი მიმართულებით მგზავრობდნენ, მანქანაში ბოლოს დამჯდარ ახალგაზრდას ხომ არ მიუმართავს მისთვის, ან ვასო მახარაძისთვის, გაგნიძე პასუხობს, რომ „ახალგაზრდას მისთვის, ან ვასო მახარაძისთვის რაიმეს თხოვნით არ მიუმართავს და რომ მხოლოდ მან შესთავაზა წყალი, რაზეც უარი განუცხადა“.
ცნობისთვის, შავი ფერის „ტოიოტა ქამრიში“ ისხდნენ ბრალდებულები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე, ვახო ჩიქოვანი, აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვანი - ზ.ხ.
გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შქარაშვილს, გური ამირხანაშვილს და ვახო ახვლედიანს, რომლებიც ნაცემი გიორგი ქათამაძის დასახმარებლად მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც საქმეში კიდევ ერთი ფიგურანტი მანქანა - „მერსედესი“ წავიდა,
დაახლოებით 00:50 საათზე, თავს დაესხნენ ვახო ჩიქოვანი, ვასილ მახარაძე, აკაკი ქვრივიშვილი, არარუწლოვანი ზ.ხ., არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გური ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს და ვახო ახვლედიანს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გური ამირხანაშვილი და ვახო ახვლედიანი გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებული ბუჩქნარისკენ. გური ამირხანაშვილი, გიორგი ქათამაძე და ვახო ახვლედიანი დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.
ვასილ მახარაძემ, ვახო ჩიქოვანმა, აკაკი ქვრივიშვილმა, არასრუწლოვანმა ზ.ხ.-მ, არჩილ გაგნიძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა დაიწყეს მიმართულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გური ამირხანაშვილი, რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება - მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს თბილისში.
კომენტარები