1 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,გარდაცვლილის ცხედარი მტკვარში გადააგდეს" - მკვლელობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

პოლიციამ რუსთავში მომხდარი 35 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ა. გარდა ამისა, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები - 1992 წელს დაბადებული მ.ღ. და 1981 წელს დაბადებული დ.მ. ამავე ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი - 1989 წელს დაბადებული დ.დ., ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულია 1989 წელს დაბადებული გ.გ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულმა გ.ა.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1983 წელს დაბადებულმა ზ.ჯ.-მ, წარსულში არსებული დაპირისპირებისა და შურისძიების მოტივით, 35 წლის მამაკაცის მკვლელობა დაგეგმეს. მსხვერპლის ქალაქიდან მოტყუებით გაყვანის მიზნით, მათ დახმარებისთვის მიმართეს ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულ გ.გ.-ს, ორ პოლიციელს და ყოფილ სამართალდამცველს. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, გ.გ.-მ გლდანში, თავის კუთვნილ ავტომობილში ჩაისვა 35 წლის მამაკაცი - დ.მ. გლდანში ავტომობილით მოძრაობის დროს, ისინი ვითომ შემთხვევით შეხვდნენ პოლიციის ფორმაში მყოფ სამ პირს. მათ ავტომობილიდან გადმოიყვანეს დ.მ., უკანონოდ აღუკვეთეს მას თავისუფლება, ჩაიყვანეს რუსთავში და გადასცეს ზ.ჯ-ს და გ.ა.-ს. აღნიშნულმა პირებმა დ.მ. ჩაიყვანეს მტკვრის ნაპირზე და ცივი იარაღით მიაყენეს მრავლობითი დაზიანება. კვალის დამალვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. დ.მ.-ს ცხედარი 5 ოქტომბერს, რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარმა გამორიყა.

მომხდართან დაკავშირებით ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკვე დაკავებულია 5 პირი, ხოლო განზრახ მკვლელობაში მონაწილე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.-ს დაკავების მიზნით ტარდება აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 143-ე და 370-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები