მსოფლიო
ენდოციტოსკოპია - ენდოსკოპიური კვლევის მეთოდი ევროპაში პირველად თოდუას კლინიკაში დაინერგა
2019-07-10 13:02:51
გასტროენტეროლოგიური პრობლემები, მრავალი გარემოებისა და მიზეზის გამო, საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში.
დაავადების სწორი და ზუსტი განსაზღვრისთვის პროფესიონალი ექიმის კონსულტაცია და მასთან შეთანხმებული დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაა საჭირო.
თანამედროვე მედიცინა ამ მიმართულებით დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში უკვე უახლეს ტექნოლოგიას – ენდოციტოსკოპის აპარატს იყენებს. პირველად ევროპის მასშტაბით აპარატი საქართველოში, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკაში ჩამოიტანეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი გასტროენტეროლოგიურ დაავადებათა ადრეული დიაგნოსტირება და რა უპირატესობა აქვს უახლეს აპარატს? ამ თემებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე გვესაუბრება.
– რამდენად ხშირია გასტროენტეროლოგიური დაავადებები მსოფლიოსა და საქართველოში?
ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირებულია დაავადებათა შემთხვევები როგორც მსოფლიოს, ისე საქართველოს მასშტაბით. რა არის ამის მიზეზი – არაჯანსაღი საკვები, არასწორი ცხოვრების წესი თუ გავრცელებული ინფექციები? სამწუხაროდ, ზუსტი დადგენა ვერ ხერხდება.კერძოდ, იზრდება მსხვილი ნაწლავის ონკოლოგიური პათოლოგიები, როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი. საქართველოში, ასევე, მზარდია წყლულოვანი კოლიტის შემთხვევებიც. ერთადერთი, რასაც ამას ვუკავშირებ, არის გაზრდილი მომართვიანობა, ანუ ჩატარებული გამოკვლევების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რასაც, ლოგიკურად, დაავადებათა გამოვლენის ზრდა მოჰყვა.თუ 15-20 წლის წინათ წელიწადში დაახლოებით 1500 გამოკვლევასა და ჩარევას ვატარებდით, ახლა ეს რიცხვი 6000-მდეა გაზრდილი. შესაბამისად, გამოვლენამაც მოიმატა. ასევე, მოიმატა განკურნებამ.
– როდის უნდა მიმართოს ადამიანმა ექიმს?
სამწუხაროდ, დაავადების გართულებამდე პაციენტები ექიმთან არ მიდიან. აუცილებელია, ადამიანები პროფილაქტიკური გამოკვლევების რეჟიმზე გადავიდნენ და არ დაელოდონ, როდის შეაწუხებთ დაავადება. მით უმეტეს, რომ სიმსივნეს ადრეულ სტადიებზე სიმპტომები არ ახასიათებს და ის წლების განმავლობაში ვითარდება. ეს ეხება როგორც კუჭის, ისე ნაწლავურ და საყლაპავი გზების სიმსივნეებს. ყველას ვურჩევ, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ჩაიტარონ გამოკვლევები: თუნდაც 2 წელიწადში ერთხელ მუცლის ღრუს ექოსკოპია, გასტროსკოპია და 3-4 წელიწადში ერთხელ კოლონოსკოპია. ამ დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიმართულებით საკმაო წარმატებები გვექნება განკურნების თვალსაზრისით. ენდოსკოპიაში დაგვიანებულად ითვლება მიმართვა, როცა სიმსივნე მეორე სტადიას აღემატება და ის უკვე აღარ არის ენდოსკოპიის პაციენტი.გასტროენტეროლოგიური დაავადებების ძირითადი და ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: გულძმარვა, ტკივილი მუცლის არეში, ან გულ-მკერდის ძვალთან, შებერილობა, სიმძიმის შეგრძნება, ღამის ტკივილი, წონაში კლება და უმადობა. ამ სიმპტომების გამოჩენისას ადამიანმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ერთჯერადადაც კი დეფეკაციის დროს სისხლის გამოჩენა ერთმნიშვნელოვნად ითვლება კოლონოსკოპიის 100%-იან ჩვენებად.
– რამდენად აქტიურად გამოიყენება ენდოსკოპია გასტროენტეროლოგიაში?
საერთოდ, ენდოსკოპია, როგორც სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალება, ფართოდ არის გავრცელებული გასტროენტეროლოგიაში, ანუ საყლაპავი გზების, კუჭის, თორმეტგოჯა ან წვრილი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებებში. ეს დიაგნოსტიკა ავლენს ანთებებსა და ონკოლოგიურ ცვლილებებს. აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელობის კლინიკაში, გახსნის დღიდან, ანუ 1991 წლის 26 მაისიდან დავიწყე მუშაობა. უნდა აღვნიშნო, რომ ამ 28 წელში ისტორიული ძვრები მოხდა ენდოსკოპიაში როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში.მკვეთრად გაიზარდა სადიაგნოსტიკო საშუალებები. ადრე თუ ენდოსკოპიას ონკოლოგიის თვალსაზრისით ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ დაგედასტურებინა სიმსივნის არსებობა, ხოლო ბიოფსიის საშუალებით განგესაზღვრა ესა თუ ის სიმსივნე, ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელია, სიმპტომატიკის არარსებობის პირობებშიც კი აღმოაჩინო დაავადება.
– რაში მდგომარეობს ახალი აპარატის – ენდოციტოსკოპის ინოვაციურობა?
პრაქტიკულად ყველა ინოვაცია, რაც ენდოსკოპიაში იწყებოდა, ამ ინსტიტუტიდან ინერგებოდა. ეს დასტურდება შესაბამისი იურიდიული სამედიცინო დოკუმენტაციით, რაც გამოქვეყნებულ სტატიებსა და მოხსენებებშია ასახული.
დაწყებული ლინზური დრეკადი ენდოსკოპიდან, პრაქტიკულად ყველანაირი ენდოსკოპიური სადიაგნოსტიკო-სამკურნალო საშუალება გვქონდა ყველა მიმართულებით. ლინზური ფიბროენდოსკოპიდან მედიცინა მივიდა ელექტრონული მაღალი გარჩევადობის ენდოსკოპიამდე, ანუ ენდოციტოსკოპამდე. ამ გამოკვლევისას უკვე შესაძლებელია, დაადგინო, რა წარმონაქმნთან ან დაზიანებასთან გაქვს საქმე და მაშინვე განსაზღვრო, უნდა ამოკვეთო ეს მიდამო თუ სხვა მანიპულაცია შეასრულო.
ამ მეთოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წვრილი და მსხვილი ნაწლავების დაავადებების შემთხვევაში, რადგან, თუ სიმსივნის დასადგენად ბიოფსია გაკეთდება პოლიპზე, მას უკვე ადეკვატურად ვეღარ ამოკვეთ, იმიტომ, რომ ნაწიბურები ვითარდება. სწორედ ამისთვის მოიგონეს ენდოციტოსკოპი, რათა მაშინვე შეაფასო, რასთან გაქვს საქმე და რა მეთოდით არის საჭირო ამოკვეთა.
– როგორ მივიდა ტექნოლოგია ენდოციტოსკოპიამდე?
ტექნოლოგია იმდენად წინ წავიდა, რომ შესაძლებელი გახდა, ასე ვთქვათ, მთელი მიკროსკოპის მოთავსება დაახლოებით 8-9 მმ-ში. ამან საშუალება მოგვცა, ჩვეულებრივი კვლევის დროს, სხვადასხვა რეჟიმებით, ჩავატაროთ ენდოციტოლოგიური კვლევა. ეს გვაძლევს საშუალებას, პირველ რიგში, განვასხვავოთ - ეს არის ჩვეულებრივი ანთებადი ცვლილება თუ სიმსივნის საწყისი. თუ სიმსივნის დასაწყისია, მაშინ მონაცემების საფუძველზე წყდება, რა გააკეთო - შეაფასო და ოპერაციული ჩარევის რეკომენდაცია მისცე თუ ენდოსკოპიურად შესაძლებელია მისი სრულფასოვანი მოცილება.
– რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია პაციენტისთვის ეს კვლევა?
კვლევას გარკვეული შემაწუხებლობა, რა თქმა უნდა, აქვს. 2004-2006 წლიდან ვცდილობთ, ყველა ოპერაცია ვენური სედაციით, ანუ დაძინებით გავაკეთოთ. თუმცა ეს არ არის ნარკოზი. ამ დროს ვენაში კეთდება ნემსი, რომელსაც ანესთეზიოლოგი აკონტროლებს და პაციენტს ღამის ძილით სძინავს იმდენ ხანს, რამდენიც გამოკვლევისთვისაა საჭირო. სტანდარტულად ამას 6-8 წუთი სჭირდება. პაციენტს არ აქვს დისკომფორტი და ჩვენ შეგვიძლია, თავისუფლად ვიმუშაოთ.
ამ შემთხვევაში გამოკვლევა გაცილებით ზუსტად მიმდინარეობს.
– კიდევ რა ფაქტორებია მნიშვნელოვანი გამოკვლევის ზუსტად და უსაფრთხოდ ჩასატარებლად?
ერთჯერადი მხოლოდ კაფსულარული ენდოსკოპიაა, დანარჩენი ენდოსკოპიური სისტემები და ზოგიერთი ინსტრუმენტიც კი მრავალჯერადია. ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათი სათანადო დონეზე დეზინფექცია.
აპარატი მუშავდება სპეციალურ სითხეში და შემდეგ კიდევ რამდენიმე ეტაპს გადის. გარდა ამისა, ჩვენგან დამოუკიდებლად ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ამოწმებს აპარატის არხებსა და ინსტრუმენტებს.
აპარატი შესაბამის კარადებში ინახება, სადაც განსაზღვრული ტემპერატურა და ტენიანობა მთელი შენახვის პერიოდში ნარჩუნდება და რაც მთავარია, ეს ინსტრუმენტები შრება. ჩვენთან, კლინიკაში, მაქსიმალურადაა დაცული პაციენტებისა და ექიმების უსაფრთხოება. პულმონოლოგიური გამოკვლევებისა და ოპერაციების ოთახებს არანაირი კავშირი არ აქვს ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევებთან და, ასევე, სანაღვლე გზების კვლევების ოთახებთან. ეს სივრცეები აბსოლუტურად გამიჯნულია ერთმანეთისგან.
– ენდოციტოსკოპია ევროპაში პირველად ნამდვილად თქვენ შემოიტანეთ?
დიახ, ეს საშუალება მართლაც პირველია ევროპაში და ეს დადასტურებულია იურიდიული დოკუმენტაციით. ტოკიოს 3 უნივერსიტეტში შესწავლის შემდეგ, პირველი ქვეყანა, სადაც აპარატი ჩამოვიტანეთ, არის საქართველო. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, რომ ამ ინოვაციის დანერგვა საქართველოში თოდუას კლინიკიდან იწყება, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის უნიკალური შანსი მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისთვის. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ჩვენს კლინიკაში არსებულმა ტექნოლოგიურმა და ინტელექტუალურმა ბაზამ. ეს უკანასკნელი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან ტექნოლოგიურ პროგრესს შესაბამისად მომზადებული უნდა დახვდე.
ჩვენმა მრავალწლიანმა სამეცნიერო-კვლევითმა საქმიანობამ გამოიღო ის შედეგი, რომ 12 ოქტომბერს საქართველოში ენდოსკოპისტთა ყოველწლიური კონგრესი გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან როგორც ევროპისა და აზიის, ისე ამერიკის წამყვანი ენდოსკოპისტები. ამჯერად ევროპისა და იაპონიის ასოციაციებმაც გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ენდოსკოპისტთა კონგრესში.
კომენტარები