მსოფლიო
მაღაზიიდან დაბრუნებულ დედას შვილი, მეზობელი და ხელოსანი გარდაცვლილი დახვდა - შსს-ს განცხადება
2018-05-30 16:37:23
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხობში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის 30 მაისს, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები