მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი: "მინდა, ჩვენი დარიგება მიიღოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას"
2017-11-01 15:16:38
მინდა, ჩვენი დარიგება გაითვალისწინოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების დამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ღონისძიებაზე ხედავს ესტონური კომპანიის წარმომადგენლებს და მას ეს ფაქტი ძალიან ახარებს.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, ესტონეთი მოხარულია, რომ საქართველო ვითარდება. მისივე თქმით, მცირე და საშუალო საწარმოები ეკონომიკაში მოქნილი სეგმენტია და ისინი როდესაც შესაძლებლობას ხედავენ, მას მყისიერად იყენებენ. ესტონეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს სეგმენტი ისარგებლებს აღნიშნული შესაძლებლობებით.
"საქართველოში დემოკრატია და სამართლის უზენაესობა იმ დონეზეა, რომ ამის საშუალებას იძლევა. მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში ვარ. ჩვენ არ ვართ უშუალო მეზობლები, თუმცა ერთმანეთთან ახლოს ვართ", - განაცხადა კერსტი კალიულაიდიმ.
მისივე განცხადებით, ესტონეთი ხედავს, რომ საქართველო იზრდება და ვითარდება. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთი ცდილობს ეძებოს ის ქვეყნები, სადაც არ არის, ან დაბალია ბიუროკრატია საჯარო სექტორში. მისივე თქმით, საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებს ბევრ ასპექტში ხედავს.
როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ესტონელ მეწარმეებს შეუძლიათ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოქმედ ქართველ ბიზნესმენებთან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები შექმნან.
ესტონეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვაზე და აღნიშნა, რომ ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ ქვეყანა ეკონომიკურად სწრაფად გაიზრადოს, რადგან იგივე მოდელი ესტონეთმა განახორციელა, ქვეყანაში გაიზარდა შემოსავლები, ეკონომიკა სარგებლობდა ამ ინიციატივით, იქმნებოდა ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები.
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, თანამედროვე სამყაროში საქართველოდან, საკუთარი სახლიდან გაუსვლელად ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ იმუშაოს სხვა ქვეყანაში, უცხოურ კომპანიაში, ანუ შესაძლებელია ვირტუალური თანამშრომლობა და საგადასახდო სისტემებიც ამას უნდა მოეგოს.
"ევროპამ ბევრი რამ დაგვანახა, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ საზოგადების ცვლილება ტექნოლოგოების საშუალებით. სამყარო გახდა ციფრული. აქედან გამომდინარე, ამ სიახლეებით ბევრი რამის სწავლა შეიძლება. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები ამ მიმართულებით, ამ შესაძლებლობების გამოყენების მიზნით უნდა ფიქრობდეთ. ჩვენ სხვა ქვეყნების დახმარებით მივაღწიეთ წარმატებას. მინდა, ჩვენი დარიგება მიიღოთ და დააკვირდეთ ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას და ამას მოარგოთ ყველა სისტემა", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები