კრიმინალი
აშშ-ში დაკავებული რაჟდენ შულაია: ,,ვერ გავიგე რაში მადანაშაულებენ"
2017-06-08 14:18:19
გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავიგე - რატომ, - ამის შესახებ აშშ-ში დაკავებულმა რაჟდენ შულაიამ სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა. მის სიტყვას ამერიკული გამოცემა Las Vegas Review Journal-ი ავრცელებს.
სტატიის მიხედვით, შულაია ფედერალური სასამართლოს წინაშე ლას ვეგასში წარდგა. სასამართლომ დაკავებულის ნიუ იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
გამოცემის ინფორმაციით, რაჟდენ შულაია რუსეთის მოქალაქეა.
სასამართლო პროცესზე შულაიას თარჯიმანი დასჭირდა. მისი განცხადებაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ადანაშაულებენ წარდგენილ ბრალდებებში - სხდომაზე თარჯიმანმა გადათარგმნა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ დაკავებულს ჰკითხა, გაიგო თუ არა კონკრეტულად რა ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი მას და დაჯგუფების სხვა წევრებს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი.
ოფიციალური ინფორმაციით, არალეგალურ საქმიანობას დაჯგუფება რამდენიმე შტატში ახორციელებდა, მათ შორის ნევადა, ფლორიდა, პენსილვანია, ნიუ ჯერსი და ნიუ იორკი.
კომენტარები