მსოფლიო
საქართველოს პროკურატურა: ,,დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება"
2017-05-24 18:05:27
საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, გელა მიქაძის წინააღმდეგ, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაკეთდა საქართველოს პროკურატურაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საემიროების სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, დეპუტატ გელა მიქაძის ექსტრადირება არ მოხდება. საგამოძიებო უწყების განმარტებით, პატრიოტთა ალიანსის წევრს საქართველოს მოქალაქეობა იცავს.
„საქართველოს პროკურატურა, მზად არის სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, დახმარება აღმოუჩინოს ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ გადასცემს საქართველოს მოქალაქეს გელა მიქაძეს, უცხო სახელმწიფოში ექსტრადირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობრივი კუთვნილება წარმოადგენს ექსტრადიციის შემაფერხებელ გარემოებას,“ - განაცხადა საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარები