მსოფლიო
დოკუმენტი, რომლითაც დგინდება, რომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრება არასდროს ყოფილა
2016-09-05 11:30:58
რუსთავი 2-მა სკანდალური დოკუმენტი მოიპოვა, რომლითაც მტკიცდება, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში რუსთავი 2 არასდროს ყოფილა. დოკუმენტი 2010 წლის 4 თებერვლით თარიღდება და ის ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
"ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე."
მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული სკანდალური დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა. ოქრუაშვილის თქმით სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე ის ხალვაშთან სასამართლო დავის დაწყებასაც გეგმავს.
"ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, მისი არასდროს არაფერი ყოფილა - ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ. ასეთი დოკუმენტი არსებობს და ვადასტურებ, 2010 წელს გაფორმდა ბერლინში. დავა არ გვქონია, მაგრამ ვაპირებ აუცილებლად,"- აცხადებს ოქრუაშვილი.
დოკუმენტის შინაარსი სრულად :
შეთანხმება ქ.ბერლინი 4 თებერვალი2010წ.
ერთის მხრივ, ირაკლი ოქრუაშვილი (დაბ. 06.11.1973 მის C/o Thierry Levy, 92 Rue de Vatenne, 75007 Paris, France) და მეორეს მხრივ, ქიბარ ხალვაში (დაბ. 20.05.1963 მის. C/o Giorgobiani, waltoper platz8, 12207 Berlin, Germany) წინამდებარე შეთანხმების გაფორმებით ადასტურებენ ადრე დადებულ ზეპირ შეთანხმებებს, რომლებიც დროდადრო იდებოდა მხარეებს შორის. კერძოდ:
1. მხარეები ადასტურებენ, რომ გასულ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილისგან და მასთან აფილირებული პირებისაგან მიიღო 7 700 000 ( შვიდი მილიონ შვიდასი ათასი) ამერიკული დოლარი სესხის სახით. ზემოაღნიშნული დასტურად ქიბარ ხალვაში თანხმდება, რომ აღნიშნულ თანხას წლიური 10%-იან სარგებელთან ერთად ირაკლი ოქრუაშვილს სრულად უკან დაუბრუნებს ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს 2015 წლის 1-ლი იანვრისა (არაუმეტეს 1 540 000 ამერიკული დოლარისა ყოველწლიურად. პლიუს ზემოაღნიშნული პროცენტის დამატებით, პროცენტის რაოდენობა აითვლება 2008 წლის 4 თებერვლიდან და გამოითვლება სრული თანხიდან)
2. მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით (აგრეთვე ამ უკანასკნელის საკუთრებაში და კონტროლქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით) შეძენილ იქნა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 100%-იანი წილი, რომლის გარიგებებიც სრულად იქნა დაფინანსებული ირაკლი ოქრუაშვილის მიერ. ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის" შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ზე," მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2-ის" მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2-თან" დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე. ქიბარ ხალვაში წინამდებარე პუნქტის დარღვევის ან სადაოდ გახდის შემთხვევაში ვალდებულებას იღებს ირაკლი ოქრუაშვილს კომპენსაციის (ჯარიმის) სახით გადაუხადოს 7 000 000 (შვიდი მილიონი) ამერიკული დოლარი.
3. ამ შეთანხმების ირგვლივ წარმოქმნილი დავების შესახებ სასამართლოების იურისდიქციის (ნებისმიერი ქვეყნის ჩათვლით) არჩევის უფლება აქვს ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაშის მიერ დავის ინიცირებისას, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ იურისდიქციის არჩევნებზე უარის თქმის შემთხვევაში (შეტყობინებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) იურისდიქციად განისაზღვრება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო ქ. პარიზში (არბიტრაჟის პროცედურები წარმოებს International Chamber of Commerce წესების შესაბამისად)
4. ყოველგვარი შეტყობინებებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ამ შემთხვევაში მითითებული მისამართები.
5. შეთანხმება შედგენილია ქართულ ენაზე სამი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად.
კომენტარები