მსოფლიო
სჯერა თუ არა მოსკოვს პუტინის ცრემლების?
2012-03-06 11:00:03
ჩამოტვირთვა
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტობის მესამე ვადით არჩეული ვლადიმერ პუტინი, ხმათა 64%-ით პირველ ადგილზეა. რუსეთის ცესკო-ს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე, პუტინი მანეჟის მოედანზე თავის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე, გვიან ღამით, მივიდა. პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ემოციები ვერ დაფარა. სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმე გული აუჩუყდა და ცრემლი წამოუვიდა. პრეზიდენტის პრესსამსახურმა პრემიერის ცრემლები ძლიერ ქარს დააბრალა. პუტინს მოქმედი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც, ახლდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო.
ამ დროისათვის საარჩევნო ბიულეტენების 99.07%-ია დათვლილი. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვლადიმერ პუტინი - 63.81%-ით
გენადი ზიუგანოვი - 17,19%
ვლადიმერ ჟირინოვსკი – 6,23 %,
მიხეილ პროხოროვი - 7,78%
სერგეი მირონოვი - 3,84%.
ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ და სერგეი მირონოვმა მიულოცეს.
რუსეთის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, მიხეილ პროხოროვი, ვლადიმერ პუტინის გამარჯვებას არ აღიარებს და არჩევნებზე აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობს. პროხოროვის შტაბმა საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 ათასზე მეტი დარღვევა გამოავლინა.
მოსკოვსა და რეგიონებში, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ ინფორმაციას „ნოვაია გაზეტა“ ავრცელებს. რუსული გამოცემის ცნობით, ე.წ "კარუსელის" მონაწილეები დღის განმავლობაში მოსკოვში რამდენიმე უბანზე აძლევდნენ ხმას.
სტროგინოს რაიონის ერთ-ერთ უბანზე "კარუსელის" 22 ავტობუსი შენიშნეს. ზოგიერთ უბანზე პარტია "იაბლოკოს" დამკვირვებლებს არ უშვებდნენ. რემენკის რაიონში კი ადგილობრივი მმართველობის ხელმძღვანელი გამოცემის კორესპონდენტს თავს დაესხა.
ჩრდილოეთ ოსეთში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დიდი რაოდენობით ყალბი ბიულეტენების ჩაყრის ამსახველი კადრები გავრცელდა. კადრები, სათვალთვალო კამერის საშუალებით, ირაფის რაიონის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეა გადაღებული. მასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ყრის ორი პირი ორ საარჩევნო ურნაში დიდი რაოდენობით ბიულეტენებს.
არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზუგანოვი. იგი ჩატარებულ კენჭისყრას უკანონოს უწოდებს. რუსული ოპოზიცია 4 მარტის არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მასობრივ აქციებს გეგმავს. საპროტესტო გამოსვლებზე სასაუბროდ ოპოზიციის ლიდერები პოლიციაში დღეს დაიბარეს.
რუსეთში ჩატარებულ არჩევნებს ეუთო და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არასამართლიანს უწოდებს. როგორც რუსული სააგენტო ”ინტერფაქსი” იუწყება, ეუთო-ს დამკვირვებლები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების არარსებობაზე საუბრობენ. როგორც დამკვირვებლების განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო კამპანიას ყველა კანდიდატი წინააღმდეგობების გარეშე აწარმოებდა, თუმცა, მათთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოფილი არ იყო.
რუსული ოპოზიცია დღეს პუშკინის მოედანზე არჩევნებს გააპროტესტებს. მიტინგი სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, მოსკოვის მერიასთან უკვე შეთანხმებულია.
კომენტარები