1 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის თვითმკვლელობის საქმეზე, ქუთაისის პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა, – ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებული გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).

საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა, ქ-ნმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება“, – აღნიშნავენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 8 ოქტომბერს ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მათივე ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი მისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს.

„იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები