0 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეზვრიშვილი: მკვლელობების მაჩვენებელი უცვლელია, შემცირებულია ყაჩაღობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი

2018 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად აქვეყნებს რეგისტრირებული დანაშაულის დეტალურ სტატისტიკას.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ, რომლის შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ დანაშაულის მკვეთრად გაუმჯობესებული აღრიცხვიანობა.
დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა დანაშაულის გაუმჯობესებულ აღრიცხვიანობას ეფუძნება, რომლის თანახმად, რეგისტრირდება ყველა ის შემთხვევა, სადაც დანაშაულის მცირედი ნიშანი მაინც იკვეთება ან პოლიციას გააჩნია დანაშაულის ჩადენის მცირედი ეჭვი მაინც.
ბუნებრივია, დანაშაულის რეგისტრაციის ამგვარი პრაქტიკა 2018 წელს ციფრებში გვაძლევს სხვაობას 2017 წელთან შედარებით.
თუმცა, მხოლოდ ციფრები ვერ გახდება ქვეყანაში რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი. მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის შინაარსის, დანაშაულის აღრიცხვის პრაქტიკის, პოლიციისადმი მომართვიანობის მაჩვენებლის და სხვა ფაქტორების გათვალისწინება.
მხოლოდ ციფრებზე დაკვირვებით, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული გაზრდილია.
დანაშაულის შინაარსობრივი ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მძიმე დანაშაულების მაჩვენებელი ან უცვლელია, ან შემცირებულია, ხოლო მატება, ძირითადად, იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა აღრიცხვიანობა მკვეთრად გაუმჯობესდა, ან რომლებზეც მომართვიანობა გაიზარდა.
კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, უცვლელია მკვლელობების (სსკ-ის 108-ე, 109-ე მუხლები) მაჩვენებელი, 2,5 %-ით შემცირებულია ყაჩაღობა, ხოლო 17,4 %-ით შემცირებულია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
რაც შეეხება ზრდას, სტატისტიკური ზრდის 75% მოდის საკუთრების წინააღმდეგ და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ძირითადად, მსუბუქ დაზიანებებზე), აგრეთვე, მუქარაზე, იძულებასა და თაღლითობაზე, ანუ იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა 2018 წელს მკვეთრად გაუმჯობესდა.
დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ზრდა გამოწვეულია, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, პოლიციისადმი გაზრდილი ნდობით და შესაბამისად, გაზრდილი მომართვიანობით. მაგალითად, ოჯახში ძალადობა გაზრდილია 122%-ით, ხოლო ადევნება გაზრდილია 6-ჯერ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს დანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას, რომლის ამოსავალია არა ციფრები და სტატისტიკა, არამედ ხარისხზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა.
შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ - გაუმჯობესებული აღრიცხვიანობით სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ - საპოლიციო საქმიანობის ხარისხის ზრდას".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები