0 5 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ვისოლ ჯფუფი“ ,,ეკოს“ ბრენდს საქართველოში აბრუნებს

"ვენდისში“ ჩავანაცვლეთ იმპორტი ადგილობრივი პროდუქციით, რის შედეგადაც ყოველწლიურად რამოდენიმე მილიონი აშშ დოლარი რჩება ქვეყანაში“

"ვისოლ ჯგუფი“ ქართული ბიზნესის ერთ–ერთი მსხვილი წარმომადგენელია. იგი ამჟამად  შემდეგ შვილობილ ბრენდებს აერთიანებს: “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “ეარ ვისოლი”, “ვისოლგაზი”, “ვიანორ ჯორჯია”, “ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია”, სუპემარკეტების ქსელი “სმარტი”, სწრაფი კვების რესტორნების ქსელები “ვენდი” და “დანკინ დონატსი”, კომერციული უძრავის ქონების კომპანია “მპ დეველოპმენტი” და სარეკლამო კომპანია “ალმა“ – ხოლო მისი ხელმძღვანელი ყველასათვის კარგად ცნობილი ბიზნესმენი სოსო ფხაკაძეა.

"ბანკები და ფინანსები“ დაინტერესდა "ვისოლ ჯგუფში“ არსებული სიახლეებით,  მიმდინარე პროექტებით და  სამომავლო გეგმებით. გთავაზობთ ინტერვიუს "ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტთან სოსო ფხაკაძესთან.

 – ბოლო დღეებში, ვაჟა–ფშაველაზე არსებული "ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური "ეკოს“ ბრენდირებით შეიფუთა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ბრუნდება "ეკო“ ქართულ ბაზარზე?

– ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს "ვისოლში“. ამ სიახლის შესახებ დაწვრილებით ვისაუბრებთ სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩამოვლენ საქართველოში. თუმცაღა ორიოდე სიტყვით თქვენ ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მოვიპოვეთ "ეკოსგან“ ფრანჩაიზის უფლება.

როგორც ფართო საზოგადოებისთვის არის ცნობილი მრავალი წლის მანძილზე, კერძოდ კი 1996–2011 წლებში, ქართულ ბაზარზე ოპერირებდა ნავთობკომპანია "ეკო ჯორჯია“, რომელიც მუდმივად იყო დაკავშირებული საწვავის ყველაზე მაღალ, გამორჩეულ ხარისხთან. ასეთი იყო საზოგადოების აღქმა ამ ბრენდის, მისი საიმიჯო პარამეტრებისა და მის მიერ რეალიზებული საწვავის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია  "ეკო ჯორჯია“ გავიდა საქართველოს ბაზრიდან “ეკოს’ საწვავი დღემდე  ხარისხის ეტალონად არის მიჩნეული და მომხმარებელს დღემდე აქვს ამ კომპანიის საწვავის მიმართ ნოსტალგია. ამასვე ადასტურებენ იმ კვლევების შედეგები, რომლებიც რამოდენიმეჯერ ჩავატარეთ ბოლო წლების განმავლობაში.

"ეკოს“ მფლობელი კომპანიაა “საბერძნეთის პეტროლიუმი”. “საბერძნეთის პეტროლიუმი” ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა საბერძნეთში, რომლის მფლობელობაშია რამოდენიმე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. “საბერძნეთის პეტროლიუმი” მთელ რიგ ქვეყნებში ახდენს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს და უკლებლივ ყველა ბაზარზე მისი საწვავი გამოირჩევა და ხასიათდება ძალიან მაღალი ხარისხობრივი პარამეტრებით.

ფრანჩაიზის ხელშეკრულების შედეგად ჩვენ მივიღეთ უფლება, რომ პირველი პილოტური პროექტი განვახორციელოთ ქ. თბილისში ვაჟა–ფშაველას გამზირზე "ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე. უახლოეს დღეებში  ამ ლოკაციაზე დასრულდება სადგურის სრული რებრენდინგი და ფუნქციონირებას დაიწყებს “ეკოს” ავტო გასამართი სადგური. ამ სადგურზე წარმოდგენილი იქნება “ეკოს” პროდუქტების სრული სპექტრი. ეს იქნება პილოტური პროექტი და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ჩვენი ჯგუფი “საბერძნეთის პეტროლიუმის” ხელძღვანელებთან ერთად შეიმუშავებს სტრატეგიას საქართველოში შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ მოვახერხეთ "ეკო ჯორჯიას“ სრულფასოვანი დაბრუნება საქართველოში. დამატებითი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით სექტემბერში გახდება ცნობილი.

– ბოლო პერიოდში "სმარტის“ სამი სუპერმარკეტი დაიხურა და იქ "კარფური“ გაიხსნა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და რა მიმართულებით აპირებთ "სმარტის“ განვითარებას?

 რაც შეხება "სმარტს“, ძალიან საინტერესო გარიგება დავდეთ "კარფურთან“ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. აღნიშული პარტნიორობის ფარგლებში ერთის მხრივ, ჩვენ მივყიდეთ “კარფურს” დიდი ფორმატის სუპერმარკეტები და მეორეს მხრივ, გავაფორმეთ მათთან საიჯარო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც “კარფური” გახდა მთავარი არენდატორი ჩვენს სავაჭრო ცენტრებში. ამით ძალიან გაძლიერდა ჩვენი კომერციული უძრავი ქონების დეველოპერი და ოპერატორი კომპანია “მპ დეველოპმენტი”, რადგან მნიშვნელოვნად გაიზარდა მომხმარებელთა ნაკადები ჩვენს სავაჭრო ცენტრებში, რაც ბუნებრივია ზრდის სავაჭრო ცენტრების შემოსავლებს და მათ კაპიტალიზაციას.

 როგორც წესი, ბიზნესში მოქმედებს ერთი მთავარი პრინციპი – ეს არის სწრაფვა სამართლიანი მოგების მისაღებად. ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი ფორმატის სუპერმარკეტებში ვერ ვიღებდით სამართლიან მოგებას,  ჩვენთვის არ გახდა საინტერესო ეს მიმართულება და ამიტომ გადავწყვიტეთ მათი გასხვისება. ბუნებრივია, ჩვენ არასოდეს არ გავაგრძელებთ იმ მიმართულების განვითარებას, რომელიც ჩვენთვის არ იქნება ეკონომიკურად გამართლებული და საინტერესო. ამავდროულად, ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით  დავინახეთ, რომ "სმარტის“ უკლებლივ ყველა პატარა ფორმატის სუპერმარკეტი პირველივე დღიდანვე მომგებიანია. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “სმარტის” ბრენდის ქვეშ გავაგრძელოთ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების განვითარება ავტო და გაზგასამართ სადგურებზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  რამდენიმე კვირაში გავხსნით ახალ, პატარა ფორმატის "სმარტის“ სუპერმარკეტს მუშტაიდის ბაღთან არსებულ "ვისოლის“ ავტო გასამართ სადგურზე. ანუ, გამოიკვეთა, რომ ჩვენი ნიშა არის ავტო და გაზგასამართ სადგურებთან "სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების სეგმენტი, სადაც ჩვენ ძლიერი პოზიცია გვიკავია და ამ პოზიციას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. პრინციპში სწორედ ავტო გასამართ სადგურზე პატარა ფორმატით დავიწყეთ ეს ბიზნესი; შემდეგ, როგორც ზემოთაც ითქვა, ასევე მოვსინჯეთ დიდი ფორმატის სუპერმარკეტების ოპერირება და საბოლოო ჯამში, როგორც პრაქტიკამ აჩვენა ჩვენთვის გაცილებით  მომგებიანი აღმოჩნდა ავტო და გაზგასამართ სადგურებზე პატარა ფორმატის სუპერმარკეტების განვითარება და მართვა.

რა შეეხება "ვენდის“ და "დანკინ დონატსის“, რამდენი რესტორანი გაქვთ ამჟამად? რამდენად მიმზიდველია იგი ქართველი მომხმარებლებისთვის და რა ტიპის სიახლეები გაქვთ?

– ჩვენ ამჟამად გვაქვს "ვენდის“ და "დანკინ დონატსის“ 29 რესტორანი. შესაბამისად, 29 რესტორნით ვართ ბრენდირებული რესტორნების ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში. ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი მიღწევა გვაქვს, მაგრამ ჩვენის აზრით, ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ "ვენდისში“ და"დანკინ დონატსში“  მოხდა პროდუქციის სრული ლოკალიზაცია. ჩვენ დღეს "ვენდისში“ ვყიდით საქართველოში დამზადებულ ბურგერის ხორცს, ქართულია ბურგერის პური, საქართველოში დამზადებულია ფრინველის ხორცი, რომელსაც "ბიუ–ბიუ“ გვაწვდის და  ასევე, ჩვენ უკვე ნაყინიც კი ქართული გვაქვს, რომელსაც "ვენდის“ ამერიკული სპეციფიკაციით და რეცეპტით ქართული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "თოლია“ გვიმზადებს. ასევე, ყველაფერი საქართველოში მზადდება “დანკინ დონატსის’ რესტორნებისათვისაც. აქ წარმოდგენილი სენდვიჩების ხაზის ყველა ინგრედიენტი საქართველოში მზადდება, ასევე გვაქვს ქართული პროდუქტები (დანკინური ხაჭაპური სულგუნის ყველით, დანკინური ლობიანი და კარტოფილის ღვეზელი). ამასთან, გასული წლის ბოლოს ქ. თბილისში, ორხევში გავხსენით დონატების ქარხანა, სადაც ყოველდღიურად იწარმოება ქართული დონატები, რომლებიც შემდგომ დღეში ორჯერ მიეწოდება ჩვენს რესტორნებს. ჩვენთვის პროდუქციის ლოკალიზაცია არის მართლაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ერთ–ერთი ყველაზე გაბედული და გამორჩეული ნაბიჯი, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა გადადგა. 18–20 თვე ვიმუშავეთ პროდუქციის ლოკალიზაციის თითოეულ პროექტზე და გვინდა გითხრათ, რომ ამას შედეგად მოჰყვა ბევრი დამატებითი სამუშაო ადგილი. კომპანიებმა, რომლებიც ჩვენ დღეს გვაწვდიან სხვადასხვა სახის პროდუქციას გაზარდეს საწარმოო სიმძლავრეები, დააგროვეს საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება, რაც ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დანერგვასა და მათ მართვას ნიშნავს. ქართველმა მეწარმეებმა, ჩვენმა ადგილობრივმა მომწოდებლებმა გაიარეს სერთიფიცირება  და მიიღეს უფლება აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც მოხვდა "ვენდისისა“ და “დანკინ დონატსის” რესტორნების ქსელში“. ქართული საქმის კეთება ჩვენთვის ყველაზე მეტად საამაყოა.

ასევე, “ვენდისისა” და “დანკინ დონატსის” ქსელში პროდუქციის შესაფუთი მასალების უმეტესობაც უკვე მთლიანად საქართველოში მზადდება.

ამ ყველა ნაბიჯის ერთ-ერთი შედეგი არის ის, 2017 წლის პირველ 7 თვეში ვენდის გაყიდვები გაიზარდა 25%–ით, ხოლო “დანკინ დონატსის’ რეალიზაციები კი გაზრდილია 18 %-ით. ბუნებრივია, ეს არის ძალიან კარგი შედეგი. გაყიდვეის ზრდაზე იმოქმედა ორმა მთავარმა ფაქტორმა: პროდუქციის ლოკალიზაცია, ანუ ქართული, ყოველდღიურად ახალი პროდუქტები რესტორნებში და სურსათის უვნებლობისა თუ სხვა ხარისხობრივი პარამეტრების მუდმივი დაცვა და მეორე ის, რომ მიმდინარე წელს აშკარად შეინიშნება ეკონომიკის გამოცოცხლება. 2015– 2016 წლები იყო ძალიან მძიმე ყველასათვის. ალბათ, ამ წლებში არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც პრობლემები არ უგრძვნია საკუთარ თავზე. თუმცა,  ამის წინაშე უძლური იყო ჩვენი ქვეყანა, ვინაიდან პრობლემები რეგიონში შექმნილი საფინანსო-ეკონომიკური ვითარების, ანუ საგარეო შოკებიდან გამომდინარეობდა. დევალვაცია, ანუ სავალუტო კრიზისები, ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს ეკონომიკას, ბიზნესს და ზოგადად საზოგადოებას. ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარების ტენდენცია შენარჩუნდა და მიმდინარე წლის დასაწყისიდან მაკროეკონომიკური გარემო თანდათან უმჯობესდება.

გარდა გაყიდვებისა და შესაბამისად შემოსავლის ზრდისა, ჩვენთვის ასევე  საამაყოა ის, რომ იმპორტირებული პროდუქტის  საქართველოში დამზადებული პროდუქციით ჩანაცვლების შედეგად მილიონობით აშშ დოლარი დარჩა საქართველოში. ჩვენის ქვეყნის ეკონომიკისათვის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ქრონიკული პრობლემაა და იმპორტის თანდათანობითი ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საქმეში ცოტაოდენი წვლილი ჩვენს ბიზნესს ჯგუფსაც შეაქვს.

– გეგმავთ თუ არა გაფართოებას რეგიონებში და რომელი ქალაქები გაქვთ ამჟამად მოცული? რა არის საჭირო იმისათვის, რომ თბილისის გარდა ჩვენი რეგიონებიც განვითარდეს?

– პირველივე დღეებიდან, როდესაც ჩვენ ავტო და გაზგასამართი სადგურების შევქმნა დავიწყეთ, აპრიორი არ იყო მხოლოდ თბილისი. ჩვენ საწყის ეტაპზევე განვითარდით რეგიონებშიც. დღეს არ მახსენდება ქალაქი, სადაც "ვისოლის“ ავტო ან გაზგასამართი სადგური არ იყოს წარმოდგენილი. ასევე, "სმარტის“ სუპერმარკეტები ფუნქციონირებენ ახალციხეში, ზუგდიდში, გუდაურში, ბათუმში, ყვარელში. ჩვენ არცერთ ბიზნესში არ შემოვიფარგლებით მხოლოდ თბილისით და  მუდმივად ვცდილობთ გავიდეთ რეგიონებში და შევქმნათ სამუშაო ადგილები. "ვენდისის“ და "დანკინ დონატსის“ რესტორნები უკვე 2 წელია  ფუნქციონირებენ ქ. გორთან. ორი კვირის წინ კი გავხსენით ,ვენდისის“ და "დანკინ დონატსის“ რესტორნები ქ.  ბათუმში, რომლებმაც ძალიან წარმატებულად დაიწყეს მუშაობა. რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ რეგიონებში სავაჭრო ობიექტების განვითარებას. რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას რეგიონების განვითარების კუთხით, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი და ბიზნესში კარგად გამოცდილი მინისტრი ჰყავს ამ უწყებას. საკმაოდ საინტერესო პროექტებს ახორციელებს ეს სამინისტრო.

ჩემის აზრით, ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა.  ჩვენ მივყვებით კვალდაკვალ ამ ავტომაგისტრალის მშენებლობას. თერჯოლასთან უკვე დასრულდა ავტობანის ახალი მონაკვეთი და ჩვენც დავიწყეთ გორის უღელტეხილთან ვისოლ ჯგუფის არსებული დასვენებისა და მომსახურების ცენტრის მსგავსი ობიექტის მშენებლობა. დასვნებისა და მომსახურების ახალი ცენტრი  იქნება ფუნქციურად კიდევ უფრო დახვეწილი და მასშტაბური, სადაც სხვა ბრენდებთან ერთად განთავსდებიან ჩვენი სავაჭრო ობიექტები (ვისოლი, ვიანორი, სმარტი, ვენდისი, დანკინ დონატსი). სახელმწიფო ბიზნესს არ ქმნის, სახელმწიფო ქმნის ინფრასტრუქტურას, საკანონმდებლო ბაზას და შემდეგ ბიზნესი ანხორციელებს კერძო ინვესტიციებს. ზემოაღნიშული პროექტი არის სახელმწიფოსა და ბიზნესის ეფექტური თანამშრომლობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი. ანუ, სახელმწიფოც და ბიზნესიც აკეთებს ერთ საქმეს, რომელსაც რეალურად ჰქვია საქარველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები