0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

დიდი ხუთშაბათი-რით არის ეს დღე გამორჩეული და როგორ უნდა მოიქცნენ მორწმუნეები?

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვასა და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. საიდუმლო სერობა აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე “რომელთა ქერუბიმთას” ნაცვლად იგალობება: “სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე”… სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს. დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება). დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. „თორმეტი სახარება“ ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. „თორმეტი სახარების“ კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება. ამ მსახურებისას იკითხება შემდეგი “სახარებები”: პირველი – იოანეს სახარება 13:31 – 18:1 მეორე – იოანეს სახარება 18:1-28 მესამე – მათეს სახარება 26:57-75 მეოთხე – იოანეს სახარება 18:28 – 19:16 მეხუთე – მათეს სახარება 27:3-32 მეექვსე – მარკოზის სახარება 15:16-32 მეშვიდე – მათეს სახარება 27:33-54 მერვე – ლუკას სახარება 23:32-49 მეცხრე – იოანეს სახარება 19:25-37 მეათე – მარკოზის სახარება 15:43-47 მეთერთმეტე – იოანეს სახარება 19:39-42 მეთორმეტე – მათეს სახარება 27:62-66 მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და იგალობება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან ამ უკანასკნელმა სიკვდილის წინ შეინანა. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება. თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიის გაკეთებით ეამბორებიან და ტაძარს ტოვებენ. დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობის გასახსენებლად წმ. ბასილი დიდის ლიტურგია აღესრულება. ეკლესიური სწავლებით ამ დღეს ყველა მორწმუნე უნდა ცდილობდეს ეზიაროს მაცხოვრის წმიდა ხორცსა და სისხლს, რათა მარადიული ცხოვრება დაიმკვიდროს ცათა სასუფეველში, როგორც ამას თვით უფალი გვამცნებს: “და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა”. ამ დღეს მსახურებისას შემდეგი ტროპარ-კონდაკიც იკითხება: ტროპარი: “რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლის მოყვარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ივლტოდე უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისსა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყვარე, დიდება შენდა”. კონდაკი: “მიიღო პური ხელთა შინა განმცემელმან იუდა ხელთაგან დამბადებელისათა, რომელმან ხელითა შექმნა ადამი, და მერმე მანმარტნა, და მოიღო ფასი მოძღვრისა და ღვთისა მზაკვარმან, და არა შეიგონა, არამედ ეგო უკურნებელად”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები