1 1 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„იქნებ ერეკლეს სიკვდილის მერე მაინც მიაქციონ ყურადღება მთას“

19 დეკემბერს, ნიკოლოზობა დღეს ერეკლე ჭინჭარაულს ვაჟი შეეძინა. ბიჭს ნიკოლოზი დაარქვეს. მამამ მოულოდნლად გაიგო, რომ 21-ში ფრენა იყო არხოტში. გულმა მაინც მთებისკენ გაუწია: გადავალ, ბიჭებს ვახარებ, ახალ წელსაც არხოტში შევხვდებით და იანვრის პირველ რიცხვებში უკან გამოვყვებითო ვერტმფრენი, უთქვამს და მეგობარ ლევან ხიჯაკაძესთან ერთად გადაფრენილა ასას ხეობაში. სამწუხაროდ, ეს გადასვლა საბედისწერო და უკანასკნელი გამოდგა ერეკლესთვის... მეგობრების მცდელობის მიუხედავად, ბედობა ღამეს მდინარეში დასველებული ერეკლეს გათბობა ვერ მოხერხდა... სანამ დამჯდარი რაცია დატენეს და მესაზღვრეებს აცნობეს, გათენდა კიდეც. 2 იანვარს დილას არხოტიდან მაშველები ითხოვეს, ბარისახოდან უწყებებში რეკეს, თუმცა სანამ ვერტმფრენი ექიმებით ადგილზე ჩაფრინდა, პაციენტი ცოცხალი აღარ იყო. 2 იანვარსვე შუადღისას დედის ძმას აცნობეს საშინელი ამბავი და სწორედ მას მოუხდა დისთვის შვილის სიკვდილის ამბის გამხელა... გუშინ უამრავი ხალხი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში. ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები, უცნობებიც მდუმარედ მისდევდნენ პროცესიას და უკანასკნელ გზაზე აცილებდნენ ერეკლე ჭინჭარაულს, მთის სიყვარულს შეწირულ ახალგაზრდა კაცს. „არხოტს რა გინდოდა?“, - ტიროდა მამიდა. სოფლის სასაფლაოზე, დის საფლავის გვერდით მიაბარეს მიწას ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ჯერ 26 წელიც არ შესრულებია. 10 წლის წინ, 8 წლის ანა ლეიკემიით გარდაიცვალა და ერეკლეს მთელი ცხოვრება ტკივილად მოსდევდა ეს ამბავი. არხილოსკალოში ცხოვრობენ ერეკლეს მშობლები, ბიძები. აქვე გაატარა მან ბავშვობა. ფაქტია, ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან მთისა და მთიანი რეგიონებისადმი, იქ მცხოვრები ადამიანისადმი მეტი ყურადღება რომ იყოს, ერთი მობილური ოპერატორი მაინც რომ იჭერდეს არხოტში, გადაუდებელი დახმარების სამსახური უფრო გამართულად მუშაობდეს და ქვეყანას ჰყავდეს სამაშველო ვერტმფრენი, ახალგაზრდა კაცი დღეს შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო. „ერეკლე თავისი ცხოვრები წესით, მართლაც, გამორჩეული ადამიანი იყო. მას მთისა და ხევსურეთის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. უნდოდა ბევრი ადამიანი წაეყვანა ხევსურეთში, ეჩვენებინა იქაურობა და ისე შეეყვარებინა, როგორც თავად მას უყვარდა. იქნებ ერეკლეს სიკვდილმა მაინც დააფიქროს ხელისუფლება. ამის მერე მაინც მიაქციონ ყურადღება მთიან რეგიონებს“, - გვითხრა ერეკლეს მამიდაშვილმა სალომე ცისკარაულმა. წყარო: www.icmm.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები