1 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გაზეთი "ალია"კეზერაშვილის ანგარიშებზე სკანდალურ საიდუმლო დოკუმენტებს აქვეყნებს

კვლევა აწარმოა მსოფლიოში ცნობილმა აუდიტორულმა კომპანია deloitte-მ. ცნობისთვის, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების ანგარიშების შემოწმების უფლება მსოფლიოს რამდენიმე ლიცენზირებულ აუდიტორულ კომპანიას აქვს. დოკუმენტიდან კი ირკვევა, სად და რომელ კომპანიაში ილექებოდა კეზერაშვილის კორუფციული საქმიანობით მიღებული ფული, რომელიც ოფშორულ კუნძულებზეა დარეგისტრირებული, სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოდიოდა საქართველოში უკვე გათეთრებული ფული, რომელიც უცხოური კაპიტალის სახელით ფიქსირდებოდა, რაც სახელმწიფოს ეთვლებოდა ინვესტიციის გაზრდაში, ხოლო კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები მონაწილეობდნენ ტენდერებში, თავდაცვის მიმართულებით, მათ შორის იარაღის შეძენაში. იარაღით უკანონო ვაჭრობიდან "შავ სალაროში" მილიარდები რჩებოდა და ეს ფული ირიცხებოდა თავისუფალ სავაჭრო ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებში. ოფშორული ზონების ხიბლი სწორედ ისაა, რომ თანხების ბრუნვა კონფიდენციალურია და ინფორმაციის მოპოვება ხდება ძალიან რთულად. სირთულის მიუხედავად, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა იმ კომპანიის დოკუმენტის მონაცემები, რომელიც უშუალოდ დავით კეზერაშვილს ეკუთვნის და "ალია" მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში დოკუმენტი გადასცეს პროკურატურას. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ Future products company-ს შვილობილი ერთ-ერთი კომპანიაა, "FPC"-ის 100-პროცენტიანი დამფუძნებელი და მეწილე არის კეზერაშვილი. 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ შეადგინა 1 მილიარდი დოლარი. შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე. მას შემდეგ, რაც 2009 წელს "FPC"-მა დაიწყო საქმიანობა, მისმა ბრუნვამ 870 228 დოლარი შეადგინა, ამავე წელს თანხების ბრუნვა 103 311 883 დოლარამდე გაიზარდა და 2010 წელს 795 245 102 დოლარს მიაღწია. ეს დოკუმენტი ამყარებს ეჭვს იმ ვერსიაზე, რომ კეზერაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გაააქტიურა იარაღით უკანონო ვაჭრობა და მისმა თანხებმაც კოლოსალურ ციფრებს მიაღწია. კეზერაშვილით, რომელიც საფრანგეთის ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. სავარაუდოდ, მისი საქმიანობა ამერიკის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და მისი აყვანა უკავშირდება ამერიკის შპიონაჟის საქმეს, როცა ტოტალური მოსმენები განახორციელეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა ირანსა და სირიაში მოსალოდნელი ომის დაწყების წინ. არის ეჭვი, რომ კეზერაშვილს კავშირები ჰქონდა "ალ-ქაიდასთან", რომელსაც ის იარაღით ამარაგებდა, ასევე საუბარია სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან მის საეჭვო კავშირებზე. კეზერაშვილი ასეთი სქემით მოქმედებდა: იარაღის შესყიდვა ხდებოდა, ფაქტობრივად, საქართველოსთვის, შემდეგ ფორმდებოდა ფორმალური ტრანზიტი და გადიოდა მესამე ქვეყნებში. იმ მესამე ქვეყნებში ხდებოდა უკვე გადაყიდვა ტერორისტულ ორგანიზაციებზე. აი, რას წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა "ლე მონდი": "დავით კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, მისი დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ორ ქვეყანას შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ნაწილია. თავდაცვის მინისტრი იყო 2008 წლის ბოლომდე. ამ პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ დავით კეზერაშვილი ბიზნესით დაკავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის საქართველოს განყოფილება არაერთხელ უსვამდა ხაზს მისი აქტივების დაუდგენელ წარმომავლობას, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონებში. 2013 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი დასდო 12 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში, რის სანაცვლოდაც 2007-2012 წლის პერიოდში ის პროტექციას უწევდა კონტრაბანდული ალკოჰოლის ტრაფიკს უკრაინიდან. მაგრამ, მის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება 2008 წელს და ტელეკომპანია "იმედს". თავის დროზე, მან აიძულა მთავარი აქციონერი, ჯოზეფ ქეი ტელეკომპანია 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაეთმო. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, კეზერაშვილი საფრანგეთში ლონდონიდან ჩამოვიდა, სადაც მან ერთი თვე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გაატარა. როგორც ისრაელის პასპორტის მქონე ადამიანმა, მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. დავით კეზერაშვილი უზრუნველყოფდა პარტიის დაფინანსებას და ურთიერთობების განვითარებას კერძო სექტორის მსხვილ მეწარმეებთან". - წერს ფრანგული გამოცემა. კეზერაშვილის დაპატიმრებისთანავე, საფრანგეთში მისი ბოლოდროინდელი ვოიაჟებით ასევე დაინტერესდნენ სხვა ცნობილი ფრანგული გამოცემებიც. ფრანგული მედიის ცნობით, კეზერაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცადან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაფრენას გეგმავდა. შესაძლოა, მისი მარშრუტი უმნიშვნელოდ მოეჩვენოს ვინმეს, რომ არა ერთი დეტალი - კეზერაშვილი ჯერ კიდევ გასულ წლებში იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში იყო შემჩნეული, რის გამოც, ამერიკული მხარე, "ეფბიაის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა. - წერენ ფრანგი ჟურნალისტები. კეზერაშვილს ბულგარელებიც დაუპირისპირდნენ. მას ბულგარული კომპანია "არსენალი" თანხის მითვისებაში ადანაშაულებს და უახლოეს პერიოდში მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ. "არსენალი" კეზერაშვილს 100 მილიონ დოლარს ედავება. მათი მტკიცებით, ქარხნის პროდუქცია ქართულმა მხარემ 2008 წელს შეისყიდა, თუმცა, თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონი, აღარ გადაუხადა. ბოლო ინფორმაციით, კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების გამო, ბულგარეთში დააკავეს გავლენიანი ჩინოვნიკი, რომლის შესახებაც დეტალები არ ხმაურდება. კეზერაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღეების ქვეშ სწორედ რომ საერთაშორისო დანაშაულის გამო მოექცა, ამერიკულ ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაში ნათქვამია: "კეზერაშვილი აგვისტოს ომსა და ქართველი ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის იყენებდა, რომ დაუსჯელად ექურდა და დაეცვა საკუთარი თანაგუნდელები. საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებითა და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ. 2004-2006 წლამდე კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. ის წყვეტდა, რომელი მეწარმე დაეჭირათ, რა დაეხურათ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ის თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, თუმცა, მას ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა. ის "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდებოდა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან და თავისუფლად მეტყველებდა ივრითზე. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე შავი ბაზარი არსებობს. კეზერაშვილი ამყარებს ურთიერთობებს ამ კრიმინალურ სფეროშიც. მას ურთიერთობები ჰქონდა არა მარტო ისრაელთან, არამედ იარაღის სერბ მწარმოებლებთანაც. მათ განკარგულებაში შედის, აგრეთვე, ავიაგადაზიდვის რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ. მრავალი საერთაშორისო კანონი და კონვენცია კრძალავს იარაღით ვაჭრობას მათთვის, ვინც შეიძლება ეს იარაღი გამოიყენოს არაკანონიერი საქმიანობისთვის. ამის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფებები ყალბი სერტიფიკატებით ყოველთვის შოულობენ იარაღს. ქართველები იღებდნენ იარაღს, როგორც ქვეყანა რომლის ჯარსაც შეიარაღება კანონიერი მიზნებისთვის სჭირდებოდა. ის, რომ იარაღს არ ყიდულობდნენ მხოლოდ ჯარისთვის, ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ქართველ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ხელცარიელს უშვებდნენ რუსეთთან საომრად. არის ვარაუდი, რომ ჯარისთვის განკუთვნილი იარაღი ტერორისტებს ურიგდებოდათ. ბევრი მინისტრი მოაშორეს, მაგრამ კეზერაშვილი ხელუხლებელი იყო. ის ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა და ყველა იმ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ის სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში თანამშრომლობდა. ქართველი ჟურნალისტებისთვის მალე გახდა ცნობილი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები საზღვრებთან იარაღს უკანონოდ არიგებდნენ, რათა ამ იარაღის გამოყენება რუსებს დაჰბრალებოდათ. მალევე გახმაურდა იარაღის ბიზნესში ცნობილი ალექსანდრე ისმაილოვის საქმე. ის დასთანხმდა, საქართველოში უსარგებლო სამხედრო იარაღისა და ტექნიკის შემოტანას. ყველასთვის ცნობილი გახდა მათი სახელებიც, ვინც ალასანია-კეზერაშვილის ბინძურ და სისხლიან ბიზნესში მონაწილეობდა". - წერს ამერიკული გამოცემა. დავით კეზერაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, თემურ ალასანიას, იარაღით უკანონო ვაჭრობაში, აფხაზეთის ომის ვეტერანი, საბრძოლო ქვედანაყოფ "ავაზას" მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილიც ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, კეზერაშვილი აქტიურ კავშირში იყო იარაღით უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო დამნაშავე ვიქტორ ბუტისთან. მისი თქმით, საქართველო იარაღს უკრაინისგან ყიდულობდა, თუმცა, ისეთი ტიპის სამხედრო ტექნიკაა შეძენილი, რომელიც რუსეთის გარეშე საქართველოში ვერ მოხვდებოდა. უკრაინის "უკსპეცექსპორტს", რომელიც იარაღს ყიდის, პირდაპირი კავშირი აქვს "როსვაარუჟენიასთან". შესაბამისად, "როსვაარუჟენიასთან" თანხმობის გარეშე, უკრაინა საქართველოს შეიარაღებას ვერ მიყიდდა. კეზერაშვილის მინისტრობის დროს უშუალოდ სააკაშვილმა დაამყარა კავშირები იუშჩენკოს მეშვეობით "უკსპეცექსპორტთან", რომლის ხელმძღვანელიც ბონდარჩუკია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად გაფორმდა ძვირადღირებული იარაღის შესყიდვა, საქართველოში ძვირადღირებული იარაღი არ შემოსულა. თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული ტიპის იარაღის შეძენა. ეს ქვეყნებია: სირია, ირანი, ლათინოამერიკული ქვეყნები. წითელაშვილი "ალიასთან" იმ მაქინაციური სქემის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეძენილი სამხედრო ტექნიკა გაქრა. "არის ფირმა "ბელ თრეინგი", რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა "ბელ თრეინგში", იქიდან კი - "უკსპეცექსპორტში". თავდაცვის სამინისტროს შეეძლო პირდაპირი წესით თანხები უკრაინაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ თანხის პირდაპირი გადარიცხვით ფულს ვერ გააკეთებდნენ. მაგალითად, "ბელ თრეინგში" ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მლიონი კი ირიცხებოდა "უკსპეცექსპორტში". იარაღის შესყიდვა უკრაინიდან მართლაც ხდებოდა, მაგრამ ამის შემდგომ საქართველო ამ იარაღს სირიასა და ირანზე ყიდდა. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეს მალე საფრანგეთის სასამართლოს საერთაშორისო განყოფილება განიხილავს. კეზერაშვილს ცნობილ რუს მაფიოზთან, მეტსახელად "სიკვდილით მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან" კავშირშიც ადანაშაულებენ. ვიქტორ ბუტს, რომელსაც დუბაიში ჰქონდა სათავო ოფისი, "ნაცელიტა" ხშირად სტუმრობდა, მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის ლიდერობით. სხვათა შორის, არის ინფორმაცია, რომ დუბაიდან ჩემოდნებით ფული დღემდე მიედინება სააკაშვილამდე. ვიქტორ ბუტს ამერიკის სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ შეთქმულებისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებით 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბუტის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებდნენ აშშ-ს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა კეზერაშვილის დაკავების შემდეგ მათ სარჩელი უკან გამოიტანეს. ფრანგული მხარე 16 იანვარს საქართველოდან დამატებით დოკუმენტებს ელოდება დავით კეზერაშვილზე, რომლის სასამართლოც 23 იანვარს არის ჩანიშნული, შეიწირავს თუ არა საერთაშორისო დანაშაული ეჭვმიტანილი კეზერაშვილის საქმე სააკაშვილს და მის ბიძას, ამას პროცესი დაგვანახვებს. (ნინო სამხარაძე გაზეთი "ალია")

კომენტარები

მსგავსი სიახლეები