1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სიტყვა „ბანკეტი“ ძალიან საძაგელია და მთელ საბჭოთა მდაბიო ელიტიზმს იტევს, რასაც თან ერთვის ქართული კუდაბზიკობა და სექსისტური მოთხოვნა, რომ გოგო პრიალა ჟურნალის მოდელს უნდა ჰგავდეს: ნანა დიხამინჯია სკოლის ბანკეტებზე

„ალტე“ უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში სკოლის ბანკეტებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. მისი განმარტებით, „სიტყვა „ბანკეტი“ ძალიან საძაგელია და მთელ საბჭოთა მდაბიო ელიტიზმს იტევს, რასაც თან ერთვის ქართული კუდაბზიკობა და სექსისტური მოთხოვნა, რომ გოგო პრიალა ჟურნალის მოდელს უნდა ჰგავდეს“.

ნანა დიხამინჯია იხსენებს, რომ საკუთარ ბანკეტზე „არათანამედროვე სამოსი ეცვა, რის გამოც იმ დროს ძალიან ნერვიულობდა“.

დიხამინჯია იმ გოგონებს მიმართავს „ვინც სამეჯლისო კაბებს სიხარულით აფრიალებს და ძვირად ღირებულ რესტორნებში აპირებს ბოლო ზარის აღნიშვნას, რომ ახალგაზრდულ გართობას ეს ზიზილ-პიპილოები არ სჭირდება“.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მათი ზრდასრული ცხოვრების პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ძვირადღირებულ ბრჭყვიალებზე უარის თქმა იქნება.

„გოგოების ბევრ ჯგუფში ვარ, ზოგი საგანმანათლებლოა, ზოგი მენტორობის. ორი კვირაა, სულ ერთი და იგივე პრობლემა იკვეთება: ბანკეტები და მათთან დაკავშირებული ხარჯები, გარეგნობის კომპლექსები, დაცინვის შიში და ა.შ. გოგოები ღელავენ, რომ არ აქვთ კაბის და სალონის ფული, რესტორნის ფული, რომ უბრალოდ ჩაცმულებს კლასელები დასცინებენ.

თვითონ სიტყვა “ბანკეტიც” ძალიან საძაგელია და მთელ საბჭოთა მდაბიო ელიტიზმს იტევს. ამას დამატებული ქართული კუდაბზიკობა, უკანასკნელი ორი კაპიკიც რომ ტანზე უნდა ჩაიცვა და ამ სამყაროს სექსისტური მოთხოვნა, რომ გოგო პრიალა ჟურნალის მოდელს უნდა ჰგავდეს, ისე არასაკმარისია.

ჰოდა, ბანკეტზე ერთხელ ვიყავი. რაღაც სრულიად არათანამედროვე მეცვა, დედაჩემის ბიძაშვილმა მაჩუქა ნაჭრები და მისმა მეზობელმა შემიკერა ისეთი პერანგი და ქვედაკაბა, მერეც რომ გამომდგომოდა. ცხადია, უმახინჯესი მეგონა თავი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, სადაც აფხაზეთიდან გამოქცეული მივედი იმ წელს. ცხადია, ბევრი ვინერვიულე ამაზე.

ახლა მეცინება. ჩემ შვილებს დღეს მარტივი მაისურის და შორტის გარდა არაფერი სჭირდებათ, უბრალოდ არ აინტერესებთ ტანსაცმელი. მე და მიშაც ტანსაცმელში არასდროს ვიხდით ძვირს და არც ჩვენი მეგობრების უმეტესობა, ვინც სილიკონის ველის ტოპ კომპანიებში მუშაობს. სინამდვილეში, უხერხულიც კია ტანსაცმლით სტატუსის ჩვენება.

იმ გოგოებს მინდა მივმართო, ვინც ამ სამეჯლისო კაბებს სიხარულით აფრიალებს და ძვირადღირებულ რესტორნებში აპირებს ბოლო ზარის აღნიშვნას – ახალგაზრდულ გართობას ეს ზიზილ-პიპილოები არ სჭირდება. ფეშენ ჟურნალის ყდებზე ძირითადად წარმოსახვითი, უშინაარსო ცხოვრებაა, იმისთვის მოგონილი, რომ ადამიანებმა ბევრი ფული დახარჯონ ჭინჭებზე. თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე. თქვენს თანატოლს კი, ვისაც ამის ფული არ აქვს, თავს გარიყულად აგრძნობინებს. იქნებ ზრდასრული ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს იყოს – ამ ღარიბ ქვეყანაში უარი თქვათ სხვისთვის ძვირადღირებულ ბრჭყვიალებზე და ისეთი მარტივი და სახალისო გასართობები მოიფიქროთ სკოლის დამთავრების აღსანიშნავად, რომელიც ყველა თქვენი კლასელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მშობლებმა და მასწავლებლებმა კი სხვა გასართობი იპოვეთ, ისედაც არაფერი გესაქმებათ თინეიჯერთა თავშეყრაზე“, – წერს ნანა დიხამინჯია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები