1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სანქციებით დაიჩაგრება ჩვენი ათასობით მოქალაქე და 1 მილიონი მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი ვერ შეძლებს რუსეთიდან ფულის გადმორიცხვას, საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე სანქციების შესახებ საუბრობს. 

„უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მე ამის თაობაზე განვმარტე და განვმარტავ კიდევ - ვეფუძნებით რა ეროვნულ და ქვეყნის ინტერესებს, ჩვენ ვთქვით, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას. მინდა ეს დასაბუთება და არგუმენტები ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა.

აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილის მთავრობა გამუდმებითა და დაჟინებით ეძებდა გზებს რუსეთთან ვაჭრობის აღსადგენად და რუსეთის ბაზრის გასახსნელად. სააკაშვილმა ომის შემდეგ რამდენიმე ხანში თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსულ სახელმწიფო კომპანიებს მიყიდა. ამას გარდა, ვინაიდან რუსეთის ბაზრის გახსნას ვერ მიაღწიეს, სააკაშვილმა გამოსცა ბრძანებულება 2012 წელს და ცალმხრივად გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი მაშინ, როცა აქ გამძვინვარებული მათი ანტირუსული რიტორიკა იყო. ამის შემდეგ იმისთვის, რომ მიეღწია რუსეთის ბაზრის გახსნას, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი მოაწერა. ეს პროცესი იყო გაჭიანურებული, 19 წელი დასჭირდა რუსეთს ამ სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად. ამ ყველაფერს ვითომ პატრიოტი სააკაშვილის ხელისუფლებამ ხაზი გადაუსვა და ჩუმად, მალულად ხელი მოაწერა. მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ მიერ წარმოებული გონივრული და ეროვნული პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, მივაღწიეთ ყველაფერს, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, თავისუფალ ვაჭრობას და სხვა უამრავ პროგრესს. ამის პარალელურად მივაღწიეთ რუსეთის ბაზრის გახსნას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2013-2021 წლებში საქართველოდან ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი დოლარის აგრო-სასურსათო პროდუქცია.

„სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილიარდ დოლარს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჯამურად ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მლნ დოლარი. ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 5 წელიწადში 3 მლრდ დოლარის შემოსავალ მიიღო, საქართველოში კი 5 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა. ნურავის დაგვავიწყდება, რომ ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად, საშუალოდ, გადმორიცხვების ღირებულება 500 მილიონს შეადგენს ანუ ჯამურად ბოლო წლებში დაახლოებით 3 მილიარდი შემოვიდა რუსეთიდან. გადმოირიცხა საკუთარი ოჯახების, ნათესავების დასახმარებლად და ინვესტიციების განსახორციელებლად. კითხვას ვსვამ მეგობრებო, როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია, თითქმის, მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული ანუ მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები? ეს ვის მოაკლდება? ეს შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი მოქალაქე, რომელიც ფულის გადმორიცხვას ვერ შეძლებს. ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არაა, პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული და ხალხის ინტერესებისთვის.

1990 წელს რკინიგზის გადაკეტვა ვაჩვენეთ მთელ მსოფლიოს და მთავარი არგუმენტი იყო რუსეთი ბლოკადაში მოგვექცია. ჩვენ თუ გვინდა ამ სასაცილო მდგომარეობაში დავბრუნდეთ და იმ უბედურებაში, რომელიც ხდებოდა, მაშინ გავცეთ მთავარ კითხვას პასუხი, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა?! მაშინ გაუაზრებელმა, ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა ვიცით, სადამდეც მიგვიყვანა, ეს ყველაფერი 2008 წელს განმეორდა. „ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. მესმის, რომ ყველგან რთული სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, მოსახლეობაში ერთიანობა, სიმშვიდე და ემოციების გარეშე გონივრული და სახელმწიფოებრივად სწორი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები