2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ს სენატორები პრეზიდენტს სთხოვენ, არ განიხილოს უკრაინის საკითხი უკრაინის გარეშე და ეს საქართველოზეც გავრცელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს 10 იანვარს ღია წერილი გაუგზავნა, რომელიც თეთრ სახლს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის, საქართველოს მტკიცედ დაცვას სთხოვს.

სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრი 9 სენატორი პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ გადასცეს ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არსებობს.

წერილში სენატორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და ასევე ზოგიერთი ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. „შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპის, რომ „არ იქნება გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს“, წერენ სენატორები.

ორპარტიული ჯგუფი რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის დეკემბერში გაგზავნილ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლებსაც რუსეთი „უსაფრთხოების გარანტიებს“ უწოდებს. ჩამონათვალში, კრემლი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასოდეს გახდებიან. ამასთან, მოსკოვს სურს ნატომ სამხედრო აღჭურვილობა არ განალაგოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. სანატორებს ეს მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ.

„უსაფრთხოების გარანტიების ნაცვლად, ეს მოთხოვნები რუსთის მცდელობაა ევროპაში გავლენის სფეროები ხელახლა შექმნას, სადაც კრემლს თავისუფლად შეეძლება ისეთი ქვეყნების იძულება და დაშინება, როგორიც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთია“, რომლებიც მას [1997 წლის] შემდეგ ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები გახდნენ“.

სენატორები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ მოკავშირეებთან ახლო ჩართულობას იმისთვის, რომ გაკეთდეს კოორდინირებული და მკაფიო რეაგირება პუტინის მოქმედებებზე. „პუტინს ცხადად გააგებინეთ, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ რუსეთის მიმდინარე აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ დაუშვებენ [რუსეთის] უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგების გარეშე“, წერენ სენატორები.

სხვა პრინციპები, რომელთა დაცვასაც ორპარტიული ჯგუფი პრეზიდენტს სთხოვს, არის ის, რომ რუსეთს არ აქვს ნატოს გაფართოებაზე ვეტოს უფლება; ნატოს ღია კარის პოლიტიკა უნდა დარჩეს უცვლელი იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში წევრობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ; ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი უნდა გაძლიერდეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში სამხედრო დანაყოფების რაოდენობის გაზრდით; უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის სამიზნეები არიან, უნდა მიეწოდოს დამატებითი სამხედრო დახმარება რუსეთისთვის სამხედრო ოპერაციების წარმოების ფასის გასაზრდელად. ბოლოს კი სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციისგან პუტინისა და მისი ახლო გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.

წერილს ხელს სენატორები მარკო რუბიო, ჯინ შაჰინი, ტომ ტილისი, კრისტოფერ კუნსი, ჯონი ერნსტი, ჯეფრი მერკლი, მაიკლ რუნდსი და ჯობ ბარასო აწერენ.

წყარო: ამერიკის ხმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები