0 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

82-ე საჯარო სკოლის ვიკიპედიელი მოსწავლეები, რომლებიც მშობლიურის გარდა, საინტერესო სტატიებით აფხაზურ ვიკიპედიასაც ამდიდრებენ

                                                                                                                                      ავტორი: სუზი მკრტიჩიანი

მარიამ ხუჭუა და აკაკი ბალანჩივაძე 82-ე საშუალოს სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწვლეები არიან, მათ შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის, არადა რამდენი ბავშვი ვიცით, ვინც სრულყოფილად ფლობს ჩინურ ენას, იგებს სხვადასხვა ჩინურ კონკურსს და რაც მთავარია, ახდენს სტატიების „ვიკიფიცირებას.“ თუმცა მთავარი არის ის, რომ  მათ ძალიან უნდოდაწარმატებისთვის მიეღწია და მიაღწიეს კიდეც. ყველას როდი უმართლებს ასე.

Itv.ge: პირველ რიგში, მოგვიყევით იმ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რაც ასე პატარა ასაკში დაგიგროვდათ..

მარიამ ხუჭუა: წელს დავამთავრე #82 საჯარო სკოლა, რომელთანაც მრავალი მოგონება მაკავშირებს. უნდა ვაღიარო, დაწყებით კლასებში წარჩინებული მოსწავლე არ ვყოფილვარ, სწავლის ფასი მოგვიანებით (IX-X კლასიდან) გავიგე. მაშინ, როდესაც სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა ჩაატარეს და სწავლის პროცესი უფრო სახალისო, საინტერესო გახდა.  სწორედ ამ დროს დაემთხვა ჩინური ენის დანერგვის საკითხიც. ჩინელი პედაგოგები უძღვებოდნენ გაკვეთილს და მეცადინეობა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. მოსწავლეების უმეტესობა სწორედ ინგლისურის გასაუმჯობესებლად შემოვიდა. მახსოვს, თავდაპირველად 153 ბავშვი ჩაეწერა ჩინურის შესწავლის მსურველთა სიაში, აქედან 70 გამოცხადდა და წლის ბოლოს მხოლოდ მე და ჩემი მეგობარი დავრჩით. აქვე ვიტყვი, არცერთს შეგვიწყვეტია ჩინურის სწავლა და მრავალჯერ მოგვიგია ჩინური კონკურსები. ეს, რასაკვირველია, მოტივაციას გვმატებდა.

აკაკი ბალანჩივაძე: უნდა აღვნიშნო, რომ ინტერესი სკოლის აქტიურმა სასწავლო პროცესმა და განათლებისადმი თანადროულმა მიდგომამ განაპირობა. კერძოდ, გაკვეთილების გარდა ვერთვებოდით უამრავ აქტივობაში, წრესა და პროექტში. მათგან გამოვარჩევდი ჩინურისა და ვიკიპედიის კლუბებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს. ბავშვობიდანვე მიტაცებდა კითხვა და უცხო ენების სწავლა, სწორედ ამიტომ, მალევე დავიწყე ჩინურის სწავლა. გაკვეთილებს კონფუცის ინსტიტუტის მასწავლებლები ჩვენივე სკოლაში გვიტარებდნენ, ვიკიპედიის რედაქტირება კი სკოლებსა და სხვა სასწავლო დაწესებულებებში მიმდინარეობდა ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის თაოსნობით.

Itv.ge: სანტერესოა, როგორ მოხვდით ვიკიპედიაში?

მარიამ ხუჭუა: არ შემიძლია გვერდი ავუარო დამრიგებლის, მაია მირცხულავას უდიდეს ამაგს ჩემ წინაშე. ზოგადად, სულ უნდოდა, მოსწავლეებს თავი გამოეჩინათ და საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინათ, ამიტომაც ყოველთვის გვაწვდიდა ინფორმაციებს ამა თუ იმ პროექტზე, პირველად თავისი მეგობრის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო ბანაკში გამგზავნა, შემდგომ ვიკიპედიის ჯგუფში გამაწევრიანა, მრავალ კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა და სხვა. ვფიქრობ, საოცნებოა ასეთი დამრიგებლის ყოლა, რომელიც სულ გვერდში გიდგას და გამხნევებს.

აკაკი ბალანჩივაძე: სკოლამ, ფაქტობრივად, გამზარდა და მისი დახმარებით გავხდი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ეს პროცესი შეუქცევადი გახადეს მასწავლებლებმა, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ და საგნების შეყვარებასთან ერთად ჩემი მსოფლმხედველობის გაფართოებაც მოახერხეს. მათ შორის ნამდვილად დიდი ადგილი უჭირავს დამრიგებელს, მაია მირცხულავას. იგი წლების განმავლობაში არამარტო ისტორიის მასწავლებელი, არამედ ჩემი მენტორიც იყო, რომელმაც მე და ჩემს მეგობრებს გზა გაგვიკვლია: გაგვაწევრიანა ნორჩ ისტორიკოსთა სკოლასა და ვიკიკლუბში და დაგვანახა არაფორმალური განათლების ეფექტურობა. აგრეთვე გამოვარჩევდი ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის მასწავლებლებს, ორგანიზაციის პრეზიდენტს ნანა ციხისთავს და ნორჩ ისტორიკოსთა სკოლის სულისჩამდგმელს - მანანა შეყილაძეს. მათთან ერთად უნდა მოვიხსენიო თბილისის ღია უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ლექტორებიც, რომლებიც მუდამ მეხმარებიან ჩინური ენის შესწავლაში.

Itv.ge: პირველი წარმატება და რა დაბრკოლება გადალახეთ მის მისაღწევად?

მარიამ ხუჭუა: პირველ წარმატებად ინგლისურის კურსების დაფინანსებას მივიჩნევ, ვინაიდან აქედან დაიწყო ჩემი არაერთი გამარჯვების სერია. 2017 წელს დაანონსდა კონკურსი სახელწოდებით "აალაპარაკე ფოტო”, რომელშიც ინგლისურ ენაზე გრამატიკულად გამართული და კრეატიული ტექსტით უნდა დაგვესათაურებინა ფოტო. წამიერი შოკი მივიღე, როდესაც, სრულიად მოულოდნელად, ჩემი სახელი გამარჯვებულთა სიაში გამოაცხადეს. შედეგად დამიფინანსდა ინგლისური ენის კურსი "British Council”-ში, რომელიც ძალიან დამეხმარა ინგლისურის გაუმჯობესებაში.

აკაკი ბალანჩივაძე: ჩემი საქმიანობის მთავარ მიღწევად 2019 წლის „ჩინური ენის ხიდის“ სასკოლო კონკურსში გამარჯვებას ვთვლი, რადგან ბავშვობის ოცნების ახდენასა და ჩინეთში მოგზაურობასთან ერთად საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო კონკურსზე წარდგენის საშუალება მომეცა. ეს მიღწევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან უამრავ ადამიანს შევხვდი მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან და გავეცანი მათ კულტურას. ამ წარმატების მისაღწევად თვეების განმავლობაში თავდაუზოგავად შრომა და ძლიერი კონკურენციის დაძლევა მომიწია. ასევე უნდა ვახსენო ქართული ვიკიპედიის კონკურსებში გამარჯვება და სომხეთის ვიკიბანაკში წასვლაც, რადგან ამ დროს ჩემი წვლილი შევიტანე ქართული ვიკიპედიის განვითარებაში.

Itv.ge:  რაც შეეხება თქვენს დიდ და მნიშვნელოვან წარმატებას, როგორ მოხვდით ვიკიპედიის გვერდებზე?

მარიამ ხუჭუა: ვიკიპედიაში დამრიგებლის წყალობით მოვხვდი. თავიდან ჩემს მეგობარს (უკვე ვიკიპედიელს) "მიმაბარა" და ის მასწავლიდა სტატიების "ვიკიფიცირებას”. სახლში მისულმა "გადავქექე" ენციკლოპედიები და შევუდექი იმ ინფორმაციის წერას , რომელიც ჯერ არ არსებობდა ვიკიპედიაში. სტატიებს ასევე ვთარგმნიდი უცხოური ენიდან მშობლიურზე. აქტიური წევრობის გამო მიმიწვიეს ვიკი-ბანაკებში, სადაც 15-20 ვიკიპედიელი ვიკრიბებოდით და ერთდროულად ვწერდით ასობით სტატიას. პანდემიამდე აქტიურად ტარდებოდა მსგავსი ბანაკები წყნეთში თუ ყაზბეგში, თუმცა ვერც ვირუსმა შეგვაჩერა და ონლაინ რეჟიმშიც შევძელით შეკრება. სამწუხაროდ, ბოლო დროს ვეღარ ვახერხებ სტატიების წერას, რადგანაც ეროვნული გამოცდები კარს მომადგა და სისტემატურად ვმეცადინეობ, თუმცა მოვა დრო, როდესაც კვლავ დავუბრუნდები "ძველ საქმიანობას".

აკაკი ბალანჩივაძე: ჩემი და ვიკიპედიის ურთიერთობა სკოლის ადრეულ წლებს უკავშირდება, როცა ჯერ კიდევ დაბალკლასელი ვკითხულობდი სტატიებს ამ ვებ-გვერდზე. ვიკიპედიით „დასნეულება“ 2017 წელს დაიწყო, როცა დამრიგებელმა მირჩია ვიკიპედიის რედაქტირება. ამისთვის მან ჩემს ვიკი-მასწავლებელს - ჯაბა ლაბაძეს მიმაბარა. მან წერის საფუძვლები შემასწავლა და დღემდე ხელს გვიწყობს მე და ასობით მოსწავლეს საქართველოს გარშემო ვიკიპედიის განვითარებაში. ახლა უკვე 3 წელიწადზე მეტია აქტიური ვიკიპედიელი ვარ 300 სტატიით უამრავ თემაზე. აგრეთვე აქტიურად ვმონაწილეობ ვიკი-ბანაკებში, სადაც გართობასთან ერთად ვიკიპედიას ვაუმჯობესებთ და ლექციებს ვესწრებით. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ქართულთან ერთად აფხაზურ ვიკიპედიასაც ვამდიდრებთ სტატიებით. ამ მხრივ ვიკიპედიელობა ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. ამჯერად აბიტურიენტობა ნამდვილად ხელს მიშლის წერაში, თუმცა გამოცდების შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ ამ საქმიანობას.

 Itv.ge:  რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ და ახლა რა ეტაპზე ხართ?

მარიამ ხუჭუა: ჩემი წარმატების გზა 11 საფეხურისგან შედგება, ვინაიდან სწორედ ამდენი კონკურსი მაქვს მოგებული, თუმცა კონკურსების გარდა სხვადასხვა აქტივობის წევრიც ვარ (ვიკიპედია, ბანაკები, სკოლის თვითმეურნეობა, ა.შ.). კონკურსებიდან გამოვარჩევდი " XII ჩინური ენის ხიდს”, რომელიც სამ ეტაპად იყოფა: ამბის მოყოლა ჩინურ ენაზე, კითხვებზე პასუხი(ჩინურად) და ტალანტ შოუ (ნიჭის დემონსტრირება). პირველ ჯერზე დავიკავე მეორე ადგილი, თუმცა არ დავნებდი და იმთავითვე დავიწყე მზადება მეორე წლისათვის, საბედნიეროდ, შემდეგ გასვლაზე "XIII ჩინური ენის ხიდი" საქართველოს მასშტაბით მოვიგე და საფინალო ტურისთვის 2 კვირით ჩინეთში უნდა წავსულიყავი, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ფინალური ტური ჩატარდა ონლაინ რეჟიმში, სადაც წარვადგინე საქართველო და კონკურენცია გავუწიე მოსწავლეებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შედეგად გადმომეცა 6-თვიანი სტიპენდია ჩინეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში. რადგანაც სტიპენდიას ვადა 2023 წლამდე აქვს, იმედს ვიტოვებ, რომ ახლო მომავალში გამგზავრებას შევძლებ.

აკაკი ბალანჩივაძე: წარმატების მისაღწევად მრავალწლიანი შრომა დამჭირდა. მაგალითად ჩინურ ენას თითქმის ხუთი წელია ვსწავლობ - თავიდან გაკვეთილები მიტარდებოდა სკოლაში, სადაც მეგობრებთან ერთად თავდაუზოგავად ვმუშაობდი და ვცდილობდი შემესწავლა ენის საფუძვლები. წლების განმავლობაში მეტი ცოდნა შევიძინე და 2020 წელს ლანჭოუს უნივერსიტეტში ერთი სემესტრით ჩავირიცხე, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო ვერ მოვახერხე წასვლა და ონლაინ ვსწავლობდი, რაც არანაკლებ შრომატევადი და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ამჟამად ჩინურ ენას მხოლოდ საშუალო დონეზე ვფლობ და კიდევ ბევრი მაქვს შესასწავლი, რაც უფრო მეტ მოტივაციას მმატებს.

 Itv.ge:  რა გეგმები გაქვთ მომავალში? რისი იმედი გაქვთ?

მარიამ ხუჭუა: სამომავლოდ ჩინური ენის დონის ამაღლებას ვგეგმავ, იქ გამგზავრებას და სწავლას. შემდეგ საელჩოში მუშაობის დაწყებას, თუმცა ეს გრძელვადიანი გეგმაა და არჩევანი მრავალჯერ შეიძლება შემეცვალოს. ერთი რამ, რაც არასდროს შეიცვლება, მჯერა, რომ ჩემი ჩინური ენისადმი დამოკიდებულება იქნება.

აკაკი ბალანჩივაძე:ამჯერად საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაბარება და ჩემივე სპეციალობით დასაქმება მსურს. მოგვიანებით აუცილებლად ვგეგმავ მოგზაურობას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რათა გავიფართოვო თვალსაწიერი და მივიღო ცხოვრებისეული გამოცდილება განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობით. ვფიქრობ, მომავალში ბევრად ჩამოყალიბებული პიროვნება ვიქნები ახალი ინტერესებით, თუმცა ჩემთვის მუდამ  პრიორიტეტული იქნება ვიკიპედია და ჩინური ენისა და კულტურის უკეთ გაცნობა. ამ უკანასკნელისთვის ჩინეთის რომელიმე უნივერსიტეტში უფრო ხანგრძლივად სწავლასაც ვგეგმავ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები