0 9 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქართული ენა უნდა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას აქვს გეგმა, შეიმუშაოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია; საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფციაც.

„უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული ხედვის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას – ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო ენა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულთა 99%-მა; ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვან ჩართულობას და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანებსა და გეგმებს, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 2024 წელს საქართველო გეგმავს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის ოფიციალურად შეტანას, ამისთვის საჭიროა, დასრულდეს ევროკავშირთან საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ასევე ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიება.

„მნიშვნელოვანია აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები