მსოფლიო
„ლელო“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს
2021-04-19 14:13:14
„ლელო-საქართველოსთვის“ მედიატორის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ გადაწყვტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„ლელოს” წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პარტია დოკუმენტის შინაარსს პრინციპულად იზიარებს.
„ლელო” პრინციპულად ეთანხმება დოკუმენტს. მასში არის გარკვეული საკითხები, რაც უნდა დაზუსტდეს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პუნქტების შესრულება იყოს მედიატორების ყურადღების ქვეშ”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებით, პოლიტპატიმრებად აღქმული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, შეთანხმება გულისხმობს საარჩევნო რეფორმას, მათ შორის დოკუმენტის მიხედვით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.
გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს სასამართლო რეფორმასაც, რომლის მიხედვითაც, ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა. ამასთან, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; ადამიანის უფლება თადაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი; საგარეო საქმეთა კომიტეტი.
დოკუმენტის მიხედვითვე, ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.
კომენტარები