1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეკა ტოგონიძე: „ვუყურებდი რატის, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კაცს, ჯერ კიდევ თბილსა და ცოცხალივით საიმედოს, და ველოდებოდი, როდის შეირხეოდა...“

მწერლისა და ჟურნალისტის, ეკატერინე ტოგონიძის მეუღლე, ყოფილი პარლამენტარი, რატი სამყურაშვილი ერთი წლის წინ, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ ეს ამბავი მძიმედ გადაიტანა. ერთი წლის თავზე ეკამ სოციალურ ქსელში რატისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ღამე თითქოს თავიდან კვდებოდა რატი. მასთან ერთად მეც. შესრულდა ციკლი. შეიკრა წელი. დადგა წლისთავი.

ადრე ვფიქრობდი, რომ რაც შვილი მეყოლა, ასაკიც ორად გაიყო და 40-თან ერთად, თინეიჯერიც გამოვდივარ, მაგრამ შარშან შავი ხვრელივით გაჩნდა მესამე, დაუნდობელი ათვლის წერტილი და 6 აპრილს 1 წლისაც გავხდი. ჰოდა, კი მიწევს ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების.

ეს წელი ერთზე ბევრად მეტი აღმოჩნდა. დრო ისე გაჯიუტდა და გამრავლდა, საუკუნედ გადაიჭიმა, მაგრამ გამაყუჩებლად მაინც არ გამოდგა.

ბედნიერებამ 2018 წლიდან ისეთი კონკრეტული და ნივთიერი სახე მიიღო, ამ ხატის დავიწყება-გაუქმება-შეცვლა დღემდე ვერ შევძელი. არც ვიცი, რით ან როგორ უნდა ჩავანაცვლო. არასდროს არაფერი გამხარებია ისე, როგორც A2 ფორმატის ქაღალდი, ზედ დატანილი ყველაზე ძვირფასი შავ-თეთრი გამოსახულებით – რატის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის კარგი სურათით. აი, ეს იყო ჩემი ბედნიერება, ამ ფურცელზე ეხატა ის – აბსოლუტური ბედნიერების გრაფიკა. უკვე ყველა რაკურსით ზეპირად ვიცოდი ტვინის შავზე თეთრით მოხაზული ნახევარსფეროები, უბნები, ხვეულები, მთელი სისტემა, რომელშიც ჩატვირთული იყო ცოდნა და სიყვარული, დაარქივებული იყო ყველაზე კარგი ადამიანის იდენტობა. დიდ ხანს დავყურებდი ხოლმე ამონათებული კონტურებით, ნაოჭებით, მრგვალი მოხაზულობებით გაკვალულ ლაბირინთს და ვიცოდი, რომ თითოეულ კუნჭულში ვიყავით თითოეული ჩვენგანი. ეს იყო დიდი ინტელექტისა და ჯანსაღი ფასეულობების საბადო, ემპათიისა და სიკეთის რუკა. მომხდარი ამბების კონსპექტი და მოსახდენი მოვლენების საუკეთესო პროგრამა. უნიკალური არქივი, რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი სიყვარულის უნარს ეკავა.

22 თვის განმავლობაში რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, კარგი სურათი, რემისია, გამოჯანმრთელების ეპიზოდი. ცხოვრება MRT-დან MRT-მდე, გამოკვლევიდან გამოკვლევამდე ისეთ აკუმულირებულ, კონცენტრირებულ, სრულ სიხარულს იტევდა, მთელ დარჩენილ წლებს რომ უნდა ჰყოფნოდა… და ადამიანს რომ აქლემივით შეეძლოს უდაბნოში კუზით დაგროვილი მარაგით ხეტიალი, მეც მოვიკიდებდი წარსული ბედნიერებით სავსე გუდას და ამ საგზლით ვივლიდი გაუდაბურებული დღეების ველზე.

ზოგჯერ ძალიან მწყინდა, რომ სრულყოფილი ბედნიერება მხოლოდ ასეთი რადიკალური ფონით, ექსტრემალური კონტრასტებით, დანის პირზე სიარულით შეიგრძნობა და მინდოდა ყველასთვის მეთქვა, მეყვირა, ნუ დაელოდებით მზიან დღეებში სიკვდილის მკაფიო ჩრდილს, ის ისედაც სულ აქ არის, უიმისოდაც დაინახეთ, რა ტკბილია სული, რა კაშკაშაა მისი სინათლე.

MRT-ს ბოლო სურათის დასავიწყებლად რას არ მივცემდი.

აუტანელია მონოლოგად ქცეული დიალოგი. პასუხები იყო, როგორ არა, მაგრამ სულ ჩემში და საკუთარ თავში ასეთი ჩაბრუნებაა სწორედ მარტოობა, რომელსაც ადამიანი ვერ უძლებს, სადღაც გაურბის… მარტოობამ ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი ვერაგი ვირუსივით წაართვა ყველაფერს გემო და სუნი, ფერი, ძალა და სული. ვიცი, სიხარულის დაბრუნება ჩემი ვალია. მგონია, რომ დრო დამეხმარება, ყველა ასე მეუბნება, მაგრამ დღეები ჯერ ისევ ჩემს საწინააღდეგოდ, უკუღმა მიღოღავს, უმოწყალოდ მიიზლაზნება წარსულისკენ და მაბრუნებს იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო:

ერთ დღეს რატის დაავიწყდა სიტყვები. რატის ბრწყინვალე გონების მარცხენა მხარეს, ტვინის იმ ნაწილში, სადაც მისი წამყვანი თვისებები – მეტყველებისა და ანალიზის უნარი ინახებოდა – უცხო უჯრედი ჩაბუდდა, რომელიც მხოლოდ მანამ იქნება ასეთი ამოუცნობი და ფატალური, სანამ უკეთ შევისწავლით, გავუშინაურდებით და შეჩერებასაც შევძლებთ. იქნებ, ეს ძალიან მალე მოხდეს, ხვალ ან ზეგ. იქნებ უკვე დაბადებულია მეცნიერი, რომელიც ნობელის პრემიას მხოლოდ თეორიებში კი არა, პრაქტიკულად შეცვლილ რეალობაში მიიღებს. ღმერთმა ქნას! მაგრამ მაშინ არ იყო საშველი და დიაგნოზი სახელად “გლიობლასტომა“ სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა აღმოჩნდა. ჩვენ კი, როგორც ადამიანს სჩვევია, როგორც მისი თავდაცვის მექანიზმი ჰკარნახობს, არ დავიჯერეთ, რომ უძლეველ რატის რამე – თუნდაც ეს ფურცელზე ბეჭედდარტყმული, დოკუმენტურად დადასტურებული სიკდილი – მოერეოდა. არ დავიჯერეთ, რადგან რატი ასხივებდა სიცოცხლის ულევ რესურსს. არ დავიჯერეთ, რადგან ამის დაჯერება ბრძოლაში დანებებას, ღალატს ჰგავს… რადგან სიკვდილი ჯერ არ იყო დამდგარი და სანამ ცოცხლები ვართ, ხომ ყველაფერი შესაძლებელია?!

დაჯერება რთული საქმეა. მაშინაც კი, როცა დაიცალა ოთახი, წავიდნენ ღამის ექთანი, სასწრაფო დახმარების ჯგუფი, პოლიციის თანამშრომლები და ხელში უკვე გარდაცვალების მოწმობაც მეჭირა, ვუყურებდი რატის, მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კაცს, ჯერ კიდევ თბილსა და ცოცხალივით საიმედოს, და ველოდებოდი, როდის შეირხეოდა, გააგრძელებდა სუნთქვას, გულისცემას, სრბოლას, მომცემდა ნიშანს და მანიშნებდა სიყვარულს. ვუყურებდი და ვფიქრობდი: როგორ? როგორ აშორებს ან აკავშირებს სიკვდილსა და სიცოცხლეს ერთი მოუხელთებელი წამი? როგორ შეიძლება წეღან ცოცხალი ახლა მიცვალებული იყოს? რა არის ეს უმოკლესი ხიდი, ჰაერში გამოკიდებული გადასასვლელი? რა არის ეს წამი, წამზე ნაკლები, მიკროწამი, რომელიც ადამიანის ამოსუნთქვიდან ჩასუნთქვამდე, გულის ერთი დარტყმიდან მეორემდე ისედაც ყოვნდება. და ამით არაფერი შავდება. ჩემი გულიც ხომ ისვენებს პულსაციებს შორის, ფილტვებიც ხომ დუმდება დროის უმცირესი მონაკვეთით და ხომ არ ნიშნავს ეს დასასრულს? ხომ ისევ დაჰკრავს ორგანიზმი სიცოცხლის გონგს, იფეთქებს, ისუნთქებს, რიტმულად აჰყვება საათის სვლას და განაგრძობს დროსთან ერთად არსებობას. ხომ ისევ იქნება რატი?! ვუყურებდი და ველოდებოდი. აბა, ეს უმნიშვნელო პაუზა უნდა ქვეულიყო მარადისობად? ეს შეჩერებული მიკროწამი უნდა გაგრძელებულიყო უკუნითი უკუნისამდე? ეს არის სიკვდილი?

ვფიქრობდი და სუნთქვა მქონდა შეჩერებული, რატისთან ერთად ვიყავი გაშეშებული, იმედითა და მოლოდინით გაქვავებული. ვიხსენებდი ისეთ ლოცვებს, ფსალმუნებს, გონებაში ვეძებდი ისეთ მაგიურ სიტყვებს, შელოცვებს, პარაკლისებს, წირვას, ღვთისმსახურებას, არა პანაშვიდს, არამედ სიკვდილზე გამარჯვების ჰიმნს, გადარჩენის, აღდგენის მანიფესტს, სიცოცხლის სადიდებელ გალობას, არა სულის მოსახსენიებელ, არამედ სულის მოსაბრუნებელ ანტიფონს, სამყაროს შემძვრელ მიმართვას, ცის გამკვეთ ძახილს, ყველა საზღვის გადამკვეთ გზავნილს, რომელიც ღმერთს ადამიანის ცხონებას კი არა, გაცოცხლებას სთხოვს!.. ვერ გავიხსენე.

ახლა კი ეს ლექსი ამეკვიატა: „წავართმევ შენს თავს ყველა ზეცას და ყველა მიწას“… „შენს თავს წავართმევ ყველა დროსა და ყველა ღამეს“…

6 აპრილამდე ყოველდღე მეშინოდა დაძინების. ვიცოდი, რომ სანამ მისი ხელი მეჭირა, მეჭირა რატი და ძილი რომ თავს წამართმევდა, სამყარო წამართმევდა მის თავსაც. ვერ გავცდი ადამიანურ საზღვრებს, ვერ დავიცავი ბედისწერისა თუ მარადისობისგან. რატი ვერ გავიყავით ღმერთმა და მე:

„…შენს თავს წავართმევ ყველა სხვას და მასაც – ერთადერთს,

ჩემი იქნები უკანასკნელ სისხლის წვეთამდე.

შევერკინები იმასაც კი, მისმინოს –

ამინ. ვისთვისაც იდგა იაკობი შავბნელი ღამით…

 

მაგრამ აქამდე, ვიდრე ხელებს დაგიკრეფ გულზე,

მაინც არსებობ და ცის ლაჟვარდს წადილით უმზერ,

შენ მაინც შენ ხარ და იქნები,

რადგან სამყარო შენი აკვანიც ყოფილა და შენი სამარეც.“

უჰაერობაში დამანგრეველ ბიძგებად ვიგრძენი მის გარეშე გაგრძელებული, საკუთარი კენტი გულისცემა. გასკდომის პირას მისული გული ცემდა თავში, ხელ-ფეხში, თითის ბალიშებში, ეხეთქებოდა ყურის ბარაბნებს, საფეთქლებს, ამტვრევდა გულის ფიცარს, მაზანზარებდა, მაჯანჯღარებდა და მახსენებდა, რომ ცოცხალი ვარ და იყო ცოცხალი, ნიშნავს, გქონდეს ვალდებულება. ახალ მოვალეობათაგან პირველი იყო ყველაზე სასტიკი: ჩვენი შვილის ოთახში შესვლა და ისეთი სიტყვების პოვნა, დაუტეველს რომ დაიტევს, დაუშვებელს დაუშვებს და ამოთქვამს ენით გამოუთქმელს. სიტყვებს, რომელთა მერეც ცხოვრება აღარასდროს იქნება უწინდებური, რადგან რატი გარდაიცვალა.

ბავშვის ხმა ახლაც ყურებში მიდგას. რაღა გადაფარავს იმ ხმას, სადღაც ძალიან მაღლა ასროლილ სასოწარკვეთას, ამაო ძახილს, ამოძახილს, მგლის ლეკვივით რომ შეყმუვლა ზეცას. მომიწევს ამ ხმასთან ერთად ცხოვრება. ბევრი რამ მომიწევს. პირველ რიგში კი, ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩემი შვილის ორი სახიდან, რომელიც იმ წუთებში ვნახე, აღარც ერთის მომსწრე აღარ გავხდე. არც იმისი, რომელმაც ეს ხმა ამოუშვა და აღარც იმისი, რომელმაც ტირილი მოულოდნელად სწრაფად შეწყვიტა, წამში გაიზარდა, ჩემს თვალწინ მოემატა წლები, თვალებში ჩაუდგა სიბრძნე და ჩემი დამშვიდება სცადა, ათასი სანუგეშო სიტყვა მოიფიქრა. არა… ასე არ უნდა ხდებოდეს. ბავშვის მხრები ხომ ძალიან პატარაა ამ ვეებერთელა ტვირთვისთვის. ამიტომ ახლაც და მერეც ძალიან ვეცდები შევუმსუბუქო გზა, გავიხსენო კარგი, ვიფიქრო კარგზე, ვილაპარაკო კარგზე.

ავსტრიაში ყველაზე ხშირად რატის სახელისა და გვარის, მისი დაბადების თარიღის დაწერა მიწევდა. ვწერდი და ვწერდი ამ მონაცემებს, ვავსებდი სამედიცინო ფორმებს უკვე მექანიკურად, უკვე მეათასედ, მაგრამ ყოველ ჯერზე ვცდილობდი ლამაზად მომერგვალებინა ლათინური ასოები. ზოგჯერ ნერვიულობისგან თითებს გაჭირვებით ვიმორჩილებდი, გონებას ძლივს ვიკრებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უზადოდ უნდა გამომეყვანა ასო-ნიშნები, თითოეული უნდა ყოფილიყო წელში გამართული, ლამაზი, მტკიცე. ისინი ხომ რატის გამოხატავდნენ ფურცელზე და მე კალიგრაფივით ვხატავდი ყველაზე ძვირფას სახელსა და გვარს.

ზოგჯერ მიმღებში სხვისთვის უნდა მეკარნახა ეს მონაცემები და მთხოვდნენ ასო-ასო გამემეორებინა მათთვის უცნაური და ჩემთვის უტკბესი ორი სიტყვა:

Rati Samkurashvili

მეც ვიმეორებდი ნელა, გამოთქმით, დამარცვლით. არ ვიცოდი იქ მიღებული წესი, რადიოანბანის მეთოდი, რომლის მიხედვითაც „რატი“ უნდა მეკარნახა თითოეულ ასოზე დაწყებული კონკრეტული სიტყვით, როგორც ამას აკეთებენ ავიაციაში, თავდაცვაში, ომში… ჩვენც ხომ ომში ვიყავით და… რატი: რ – რელიგია, ა – ანბანი ტ – ტვირთი ი – იარაღი ან კიდევ რ-ევანში ა-რსენალი ტ-ალღა ი-ერიში… რ-ად ა-გესახა ტ-ანჯვის ი-ერი? რ-ოგორ ა-დუმებს ტ-კივილი ი-მედს? რ-ოდის ა-ჯობებ ტ-კივილებს ი-სევ?

მიმღებში ინგლისურად დავასახელე სიტყვები და ისე გამოვიდა, რომ რატის სახელი და გვარი მის დახასიათებად ვაქციე, ოღონდ ჩემდაუნებურად, გაუაზრებლად: R-espectful A-mazing T-olerant I-nteresting… ეპითეტები თავისით ენაცვლებოდა ერთმანეთს. წარმომიდგენია, რას ფიქრობდა ჩემზე თეთრხალათიანი გოგო. ჯერ ჩაწერას ცდილობდა, მერე დანებდა, ღიმილით მომაჩერდა, მგონი, შევეცოდე, მაცალა რატიზე ლაპარაკი, სიყვარულის აქროსტიკით ახსნა. ბოლოს კი ფურცელი გამომიწოდა და მთხოვა, თქვენ თვითონ დაწერეთო. როცა ტელეფონით მომიწია იმავეს გაკეთება, ადამიანს ყურმილს მიღმა არ ჰქონდა ფურცლის გადმოცემის საშუალება. „R როგორც river, ან როგორც – rock“… მასაც მონდომებით ვუყვებოდი სტიქიასავით ძლიერ, კლდესავით კაცზე… მოგვიანებით გავარკვიე სახელისა და გვარის კარნახის ზუსტი წესები და გავიგე, რომ რატი ითქმის ასე: Richard, Anton, Theodor, Ida. სტანდარტულად, მარტივად. მე კი მასზე ლაპარაკი მშრალად არასდროს შემეძლო და ვერც ვერასდროს შევძლებ. მთელი ცხოვრება არ მეყოფა იმის მოსაყოლად, როგორი ადამიანი დაკარგა ყველამ, მათაც კი, ვინც რატის არ იცნობდა. დაკარგა მთლიანად ქვეყანამ და იქნებ, არ დაუკარგავს სამყაროს, რადგან ვერც ერთი გული და ტომოგრაფიის სურათზე ასახული ტვინი ვერ იტევს ამდენ სიყვარულს, ის ჩვენზე დიდია, ჩვენს მიღმა არსებობს, უზღვავ ენერგიად ტრიალებს და იქნებ ფიზიკური სხეული მისი მართლაც დროებითი ნავსაყუდელია.

თუკი აქვს მნიშვნელობა, როგორი ნაბიჯით ადის ადამიანი ეშაფოტზე, თუ ჩვენ მის უკანაკსნელ გზას განსაკუთრებულ დატვირთვას ვანიჭებთ, ვაკვირდებით, ვიმახსოვრებთ, ვყვებით, აღვწერთ წიგნებსა და ფილმებში, მაშინ იცოდეთ, რომ მე ჩემი თვალით ვნახე უსამართლოდ სიკვდილმისჯილის ყველაზე ღირსეული სვლა.

„უსამართლოდ“ იმიტომ, რომ ჩემთვის მიუწვდომელია სამყაროსეული კანონზომიერების ლოგიკა, სამართალი და ბალანსი, რომლის მიხედვითაც რატის 100-ის ნაცვლად 42 წელი მიეცა. ამ ჭეშმარიტების შეცნობაში ალბათ ყოველთვის ხელს შემიშლის და გადამეღობება ტკივილი. არ იარსებებს ნუგეში, თეორია, ფილოსოფია, რელიგია, რომელიც ბოლომდე დამამშვიდებს და დამარწმუნებს, რომ ასე უნდა ყოფილიყო, ასეა საჭირო, ასე ჯობს. ჯობს, ვეღარ ვხედავდე მის თვალებს, მის გამოხედვას, რომელიც ყველაფერს მირჩევნია, ყველაფერზე მეტად მენატრება.

მაგრამ მე მქონდა საშუალება, მეყურებინა, როგორ ცხოვრობდა და შემდეგ როგორ მიაბიჯებდა ბოლო გზაზე ყველაზე დიდი ადამიანი – მშვიდად, მტკიცედ, თავისებური ჩუმი სიამაყით და ისევ სხვებზე ზრუნვით, როგორ გაქრა მისი თვალებიდან ყველა ეჭვი, ყოყმანი, მცირედი წყენა თუ დაბნეულობა, როგორ დაიწმინდა მზერა შიშისგან, ჩამოიცილა ყველა ადამიანური სისუსტე, სინათლის სვეტივით დადგა ნაადრევი სიკვდილის პირსპირ და შეეგება 2020 წლის 6 აპრილს.

რატის 18 წლიდან ვიცნობ და პირადად გავხდი მოწმე, როგორ შეიძლება ადამიანმა გამოწუროს შეცდომებისგან ცოდნა, განსაცდელისგან სიბრძნე, გარშემომყოფებისგან სუფთა წყლის სიყვარული. როგორ შეიძლება სიკეთის დეტექრორივით ყველა ადამიანში ეძებდეს და პოულობდეს სინათლეს, ყოველთვის ყველაფერზე მაღლა იდგეს, იყოს პასუხისმგებელი, სხვის დასახმარებლად გამზადებული, სხვისი სიხარულის თავისივით გამზიარებელი. აიღოს საკუთარ თავზე დაუჯერებლად ბევრი და ზიდოს ბუმბულივით მსუბუქად, ოპტიმიზმით და სიამოვნებით. ერთი გამონათქვამია, რომელიც, წესით, მიქელანჯელოს ეკუთვნის და ძალიან ზუსტი მგონია: „სკულპტურას კი არ ვქმნი, არამედ ქვას ზედმეტ ნაწილებს ვაცილებო”. ზუსტად ასე ჩამოიშორა რატიმ ყველაფერი ზედმეტი, ჩამოიფრქცვნა უსარგებლო ფენა, ჩამოიფერთხა მტვერი, გამოთალა უმტკიცესი ხასიათი, ნებისყოფა, მადლიერება და მუდმივი გაცემის უნარი ისე, რომ სანაცვლოს არაფერს დალოდებია, გამოჭედა საკუთარი დაუმარცხებელი თავი, ბავშვივით გასუფთავდა, სინათლესავით გამოანათა, თავად გადაიქცა სიყვარულად და მთელი თავისი არსებობით ამ შუქის ძეგლი დაუდგა ადამიანობას.

დღეს უკვე წელი შესრულდა, რაც დაძინების აღარ მეშინია, პირიქით, დაღამებას ველოდები, რადგან ერთი ღამეც არ ყოფილა უსიზმროდ და ერთი სიზმარიც არ ყოფილა რატის გარეშე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...