1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზად ვართ, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში" - ოპოზიცია

ჩამოტვირთვა

 

დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზად ვართ, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში, - ამის შესახებ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია.

„საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებისა და ფუნქციების გადანაწილება ნებისმიერ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ვერ გადაწონის სხვა საკითხებს. ოპოზიციის ინტერესშია არა დღევანდელ პარლამენტში კონკრეტული თანამდებობების დაკავება, არამედ ზოგადად ტრადიციის შექმნა საპარლამენტო კონტროლში ნებისმიერი ოპოზიციის ეფექტიანი მონაწილეობისთვის.

ჩვენ გვესმის, რომ ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში ყველა პოლიტიკური ძალის ადგილი, ვინც მანდატი მოიპოვა, პარლამენტშია, იქ, სადაც პოლიტიკური საკითხები უნდა წყდებოდეს. სწორედ ამ პუნქტებში ჩამოყალიბებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი რეფორმების გასატარებლად და დღევანდელ მთავრობასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ვართ მზად, შევიდეთ დღევანდელ პარლამენტში.

ხელმომწერ პარტიათა დიდ ნაწილს არჩევნებზე მარცხის აღიარების გამოცდილება გვაქვს. მიგვაჩნია, რომ იმგვარი გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების შედეგები საყოველთაო ნდობას იწვევს, საკვანძოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ყველაზე დიდი ზიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობის მიმართ ნდობის დაკარგვაა, რაც დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება 2012 წელს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს ნდობა საარჩევნო პროცესის, როგორც უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული მექანიზმის მიმართ.

ჩვენი ეს პოზიცია ნაკარნახევია სურვილით, შეიქმნას იმგვარი რეალობა, სადაც დამარცხებული გამარჯვებულს ულოცავს, ხოლო საზოგადოებას პროცესის მიმართ ნდობა დაკარგული არ აქვს. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი რეალობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის, რეგიონში დემოკრატიული პროცესების მთავარი მტრის ინტერესებშია”, - აღნიშნულია განცახდებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურა ჯაფარიძე - “გირჩი მეტი თავისუფლება”; „ლელო“, ელენე ხოშტარია "დროა", „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „პროგრესი და თავისუფლება"; მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, დავით ჭიჭინაძე -პარტია „ტრიბუნა“, საქართველოს პარლამენტრათა საზოგადოება, “ერთიანი საქართველო”, “ევროპელი დემოკრატები”, “ქრისტიან-კონსერვატული პარტია”, “გამარჯვებული საქართველო“ , „სამართლიანობისთვის“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები