მსოფლიო
შალვა პაპუაშვილი - თუკი ჩვენი ოპონენტები შეუძლებელს იტყვიან, მაშინ შეთანხმება არ შედგება
2021-03-15 13:54:55
მმართველი პარტიის წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და ისეთი, რომელიც საქართველოს სჭირდება.
„სასიხარულოა, რომ მედიატორი დარჩა საქართველოში. ჩვენ გუშინ ბოლო შეხვედრის შემდეგ დაგვემშვიდობა და მას დაგეგმილი ჰქონდა ბრიუსელში გამგზავრება, თუმცა, კარგია, რომ იფიქრა შეთანხმება შესაძლებელია და დღეს ოპოზიციას ხვდება იმისთვის, რომ ის საკითხები, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა ოპოზიციის მხრიდან, შეთანხმდეს. რაც შეეხება ჩვენს განწყობას, გუშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი ყველა შეთანხმება ეფუძნება მთავარ პრინციპს, რომ ეს იყოს სამართლიანი და იყოს ისეთი შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს. ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ნებისმიერი შეთანხმებისთვის ვართ მზად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და იმას, თუ რა ჩააქვს მას პარტნიორებთან, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ძირითადი სათქმელი არის, რომ, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი - შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი და დასავლელი პარტნიორებიც გაიგებენ, რომ 4 თვის განმავლობაში „ქართული ოცნება“ იყო სწორედ ის ერთადერთი პარტია, რომელსაც ჰქონდა კონსტრუქციული მიდგომები.
„ჩვენი ყველა ქმედებით ვაჩვენებთ კონსტრუქციულობას, ამიტომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დიალოგი და მედიაციის პროცესი, ქართველი ხალხი გაიგებს, რომ „ქართული ოცნება“ იყო აქ ყველაზე კონსტრუქციული. იგივე მესიჯი და გზავნილი გვაქვს შარლ მიშელისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს არ არის პრინციპები და ეს არის ორი ულტიმატუმი.
„პრინციპი არის საქართველო, სამართლიანობა და სიმართლე. ცალკეული მოთხოვნები და ულტიმატუმები პრინციპი არ არის. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მათ მოუწევთ დიალოგის და მედიაციის პროცესში დაფიქრება, რა არის მათი კომპრომისები. ულტიმატუმების ნაცვლად კომპრომისების ძიების დროა. ყველა მიდის კომპრომისზე და შეთანხმებაზე, მთავარია ყველა დაფიქრდეს კომპრომისი რა არის“, - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მას იმედი აქვს შეთანხმება საღამოსთვის შედგება.
„თუკი შეუძლებელს იტყვიან ჩვენი ოპონენტები, მაშინ შეთანხმება არ შედგება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარები