პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვარდების რევოლუციამ ეკონომიკა მთლიანად გააპარტახა
2021-02-22 13:29:54
მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.
„განვლილი წლები ჩვენი ცხოვრებისა და ქვეყნის ისტორიის ნაწილია. ჩვენმა ხალხმა 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, რომლის შედეგებს დღეს ვიმკით. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები არსებობენ - როგორც შიდა თუ გარე მტრები, არსებობს ობიექტური სიძნელები, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ, რომ ბევრი რამ ჩვენ, ჩვენ თვითონ, ზოგი გამოუცდელობით, ზოგი უმეცრებით, ზოგიც შეგნებით თუ შეუგნებლად, სამწუხაროდ, ზოგიც მერკანტილური მიზნებით, ცუდი დავმართეთ ჩვენს სამშობლოს. მინდა გავიხსენო, 90-იან წლებში არჩეული ჩვენი პირველი პრეზიდენტის გამსახურდიას დევნით თუ შემდეგ მისი მკვლელობით შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პრეცედენტი. თავიდან ვერ ავიცილეთ ძმათამკვლელი ომები. საკუთარი ხელით გავანადგურეთ ჩვენივე ინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა, შედეგად კი მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსნოთ, ადამიანების წამება, უფლებების ბოლომდე ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები