პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები მელიას საქმეზე განცხადებას აქვეყნებენ
2021-02-13 13:08:16
ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურებიან და საერთო განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებას 22 ხელმომწერი ჰყავს.
"ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.
ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.
მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის", - წერია განცხადებაში.
პარტიები წერენ, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს. ოპოზიცია ამას პროვოკაციად აფასებს.
განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ ხელისუფლებას შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, შეწყვიტოს ოპონენტების დევნა, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმარი გიორგი რურუა და დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.
კომენტარები