პოლიტიკა
ამირან გამყრელიძე - ერთბაშად ყველა შეზღუდვა რომ მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ დავუბრუნდებით იმავე მაჩვენებელს, რაც გვქონდა
2021-02-03 12:01:56
დღეს რომ ქვეყანაში ერთბაშად ყველა შეზღუდვა მოიხსნას, ერთი თვის შემდეგ ჩვენ დავუბრუნდებით, დაახლოებით, იმავე მაჩვენებელს, რაც გვქონდა ოქტომბერ-ნოემბერ-დეკემბერში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ შეზღუდვების შენარჩუნებიდან გამომდინარე რესტორნების პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა მომხრეა იმის, რომ შეზღუდვები ან არ იყოს, ან ძალიან მცირე რაოდენობით უნდა იყოს, თუმცა მათი მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათან ეპიდვითარების მონიტორინგის საფუძველზე.
„არ გვინდა, რომ ის ძალიან მძიმე ტალღა, რომელიც გამოვიარეთ, კიდევ ერთხელ გადავიტანოთ, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ქართველებს კარგი გამონათქვამი გვაქვს, ფრთხილად უნდა ვიაროთ! ყველა მომხრეა იმისა, რომ შეზღუდვები არ იყოს ან იყოს ძალიან ნაკლები, მაგრამ შეზღუდვების შემსუბუქება უნდა მოხდეს თანდათან, დაკვირვებითა და მონიტორინგით ეპიდსიტუაციაზე, ამიტომ ყველა შეზღუდვის მოხსნა უნდა მოხდეს მონიტორინგის საფუძველზე. ამაზე ბევრი მსჯელობა მიმდინარეობდა საკოორდინაციო საბჭოზე, სად უფრო მეტი რისკია, როგორი რისკია, მოგეხსენებათ, რისკი რესტორნებში, გარდა შეკრებისა, კიდევ სხვაც არის, როდესაც მივირთმევთ ხოლმე ალკოჰოლს, გამამხნევებელს და შემდეგ შესაძლებელია ახლო კონტაქტი დამყარდეს, აღარ მოვყვები ამას, ყოველ შემთხვევაში, რესტორნებიც გაიხსნება, სხვა ბიზნესებიც გაიხსნება, მოხდება ეს გარკვეული რიგითობით. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი დღეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ყველაზე მძიმედ საზოგადოებას სწორედ ის გადააქვს, რომ არ მოძრაობს ტრანსპორტი. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ტიპის ეპიდსიტუაციას, რაც ახლა უკვე მიღწეულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა უნდა მოხდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, შემდეგ გადავალთ კიდევ სხვა შეზღუდვის მოხსნაზე და, რა თქმა უნდა, ჩვენც გვიხარია, რომ ქვეყანაში ყველაფერი გახსნილი იყოს,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარები