2 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თუ პარლამენტს არ ეყოლება ოპოზიცია, ვერ ავცდებით ახალ არჩევნებს – ჩუგოშვილი

“პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად ერთი ადამიანი მიიღებს, ორი თუ სამი, ეს აბსოლუტურად არ ცვლის იმ მოცემულობას, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტი გვაქვს”,- ასე ეხმიანება პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი პატრიოტთა ალიანსის წევრის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტში, ფაქტობრივად, ფრაქციის სხდომები ტარდება, ამიტომ “ეს პარლამენტი არ არის”.

„პარლამენტს ვერც დავარქმევთ, რადგან ფაქტობრივად, ფრაქციის სხდომები ტარდება. მთელი პარლამენტი და ერთი პარტია დღეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ამიტომ, ეს პარლამენტი არ არის. პარლამენტი თავისი არსით არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ჯგუფს, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს და სხვადასხვა მოსაზრებას. დღეს ჩვენ ეს არ გვაქვს და ჯერჯერობით, პირიც არ უჩანს, რომ ახლოს ვართ იმ მოცემულობასთან, როდესაც იქ ყველა პარტია აღმოჩნდება “, – განაცხადა ჩუგოშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისივე თქმით, ოცნების კანონპროექტი პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის მოხსნის შესახებ, მმართველი პარტიის მდგომარეობას დაამძიმებს.

“ისინი უფრო ოპოზიციას ეუბნებოდნენ, შედით პარლამენტშიო, ხელისუფლებას კი ნაკლებად ეუბნებოდნენ რაღაც ასეთს. ახლა ეს ისარი ხელისუფლებისკენ გადაიწევა და „ქართული ოცნება“ მდგომარეობას დაიმძიმებს. შიდა პოლიტიკურ კრიზისს დაემატება ის, რომ გარედანაც წამოვა კრიტიკული შეფასებები. პარტიების დაფინანსების და საეთერო დროის შეზღუდვა, აკრძალვა, ჩამორთმევა და ასეთი პროცესები არის ის, რაც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მიღებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. კრიტიკა ამ კანონპროექტის ავტორების მიმართაც გაიზრდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია, ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა ჩამოვა.

მისივე შეფასებით, თუ ქვეყანა დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდება და პარლამენტს ოპოზიცია არ ეყოლება, ფაქტი იქნება, რომ ქვეყანაში ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო იქნება. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საქართველო ვადამდელ არჩევნებს ვერ ასცდება.

„ფაქტი თუ დადგა, რომ საქართველოს პარლამენტს არ ჰყავს ოპოზიცია, მაშინ ფაქტი შემდგარია, რომ ჩვენ გვყავს ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც ფორმალურად პარლამენტია, რეალურად პარლამენტი არ არის, ეს ადრე იქნება თუ გვიან, გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ მომავალ გაზაფხულზე, ახალ არჩევნებს უბრალოდ ვერ ავცდებით, რადგან შეუძლებელია, ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტის პირობებში იმართოს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა პირველ არხთან საუბრისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები