პოლიტიკა
დღეიდან პარლამენტი მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენას იწყებს
2020-12-21 09:09:47
დღეიდან პარლამენტი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობის მოსმენას იწყებს. გასული კვირის ბოლოს მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოს ასევე წარედგინა სამთავრობო პროგრამა 2021-2024 "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება, სადაც შესაბამისი პროფილის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
დღესვე ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ დავით ზალკალიანს შეხვდებიან.
მთავრობის ახალი შემადგენლობა კი ნდობის მისაღებად 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე გავა.
ნდობის მისაღებად პარლამენტში მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით შევიდა:
პრემიერ-მინისტრი - გიორგი გახარია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
კომენტარები