მსოფლიო
ეკატერინე ტიკარაძე: ჯანდაცვის სისტემას სჭირდება რეფორმები, რომელიც მე დავგეგმე
2020-11-24 23:49:02
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ ვთვლი, რომ არ გამომდის საქმე, ვთვლი, რომ ვაკეთებ ყველა საჭირო ქმედებას იმისათვის, რომ ქვეყანაში წარმატებით წარიმართოს პანდემიასთან მიმართებაში ყველა ღონისძიება. ვთვლი რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ამიტომ ჯანდაცვის სისტემას სჭირდება ის რეფორმები, რომელიც მე მაქვს დაგეგმილი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიზეზებზეც და აღნიშნა, რომ ზაფხულში ხელისუფლება იყო საკმაოდ ლიბერალური.
„ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც გვქონდა ტურისტული სეზონი. მართალია ქვეყნის შიგნით, მაგრამ თავისუფალი გადაადგილებით. ჩვენ მივმართეთ გარკვეულ ლოკალურ შეზღუდვებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვრჩებოდით ლიბერალურები. ჩვენ გავითვალისწინეთ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და მხარი დავუჭირეთ არჩევნების ჩატარებას, ამით ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა. შედეგად მივიღეთ გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას. გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ ჩვენ არ ვიყავით უფრო რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ზაფხულში ლიბერალური მიდგომა იყო შეცდომა, - „ეს იყო ჩემი შეცდომაც, ვინაიდან ალბათ არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული იმ აკრძალვების შენარჩუნებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე“, - დასძინა მან.
კომენტარები