2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავრობის წევრებმა სავაჭრო ცენტრების და მაღაზიების წარმომადგენლებთან შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები განიხილეს

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებები განიხილეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება.

განსაკუთრებულად აღინიშნა ის ფაქტი, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ის, რომ გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა როგორც მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ისე ბიზნესის პასუხისმგებლობაზე - დაიცვან არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის საერთო საქმე - როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ყველამ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს პანდემიასთან ბრძოლაში.

თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ იზიარებენ მთავრობის მიდგომას წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარ ობიექტებში უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა ყველაფერი გააკეთონ როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრული "ლოქდაუნი" არ იგეგმება, თუმცა გაფართოვდება წერტილოვანი შეზღუდვები, რასთან დაკავშირებითაც სავაჭრო ცენტრებთან და მსხვილ ქსელურ მაღაზიებთან, ისევე როგორც ბიზნესსექტორის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები