2 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის მკურნალობის და მართვის ერთობლივი გზამკვლევი შეიმუშავეს

ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა, ზურაბ გურულმა და ნანა გეგეჭკორმა, კორონავირუსის მკურნალობის და მართვის ერთობლივი გზამკვლევი შეიმუშავეს და საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით უზიარებენ.

“ჩვენს მიერ შექმნილ გზამკვლევს სახლში დარჩენილი კოვიდიანი პაციენტებისათვის მილიონამდე ნახვა ჰქონდა სოციალურ ქსელებში; მიუხედავად ამისა, არ წყდება შეკითხვები პირად ფოსტაში. წერენ სასოწარკვეთილი ადამიანები, რომლებსაც შეძლებისდაგვარად სწრაფად ვპასუხობთ და წერენ ინსტრუქციების კითხვის მოძულენიც, რომლებსაც სურთ უშუალოდ, ჩვენგან მიიღონ კონსულტაცია.

წერენ ჩვენი კოლეგებიც, პროფესიული შეკითხვებით და წერენ მოცლილი პროფესიონალი ინტრიგანებიც, რომლებიც გულდასმით ამოწმებენ ჩვენს კომპეტენციასა და ბიოგრაფიას. ყოველდღიურად ვაგროვებთ საინტერესო შეკითხვებს და ვცდილობთ მათ ბაზაზე უფრო დახვეწილი გზამკვლევის შექმნას, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს დაავადების პრევენციის, მანიფესტაციის, სახლში და კლინიკაში მკურნალობის ყველა ასპექტს; რადგან აღელვებულ ადამიანებს აინტერესებთ ისიც, თუ როგორ მიხედონ საკუთარ თავს და ახლობლებს ექიმის გარეშე სახლის პირობებში და ისიც, თუ რამდენად მართებული მკურნალობა უტარდებათ მათ ახლობლებს კლინიკებში.

ეს გზამკვლევიც ამ მიზანს ემსახურება. აქ თავმოყრილია უახლესი ლიტერატურული მონაცემების ბაზაზე შეგროვილი ფაქტობრივი კლინიკური ინფორმაცია. ცხადია, ეს არის დაიჯესტი-გზამკვლევი და შეუძლებელია შეცვალოს გამოცდილი კლინიცისტისა და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა, როდესაც და თუ ეს საჭირო გახდება. ამასთან, ამ გზამკვლევში მოცემული ინფორმაცია ეფუძნება ამერიკულ კლინიკურ რეალობას და შესაძლოა გარკვეულ შეუსაბამობაში მოდიოდეს ქართულ კლინიკურ რეალობასთან.

მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ გზამკვლევის ენა ყოფილიყო მარტივიც და ერთნაირად გამოსადეგი როგორც პოტენციური პაციენტებისათვის, ასევე ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისათვის. ვინაიდან საქართველო ამჟამად შედის იმ ფაზაში, როდესაც მწვავე დეფიციტის გამო შესაძლოა სხვადასხვა სპეციალობის ექიმებს მოუხდეთ ჯანდაცვის პირველადი რგოლის სპეციალისტების როლის შესრულება, ვიმედოვნებთ, რომ ეს განზოგადოებული კლინიკური ინსტრუქციები მათთვისაც სასარგებლო იქნება. გზამკვლევი მოიცავს დაავადების რაობის, განვითარებისა და მკურნალობა-დიაგნოსტიკის მაქსიმალურად სრულყოფილ აღწერას.

აუცილებლად, ხაზგასმულად აღვნიშნავთ, რომ გზამკვლევში მოყვანილი მედიკამენტების გამოყენება ექიმის კონსულტაციისა და მითითების გარეშე მიზანშეუწონელი და სიცოცხლისთვის საშიშია!

ასევე, ჰოსპიტალიზირებული პაციენტებისათვის გამოსაყენებელი მედიკამენტების დოზები და საჭიროება მხოლოდ კლინიკაში განთავსებულ პაციენტებს ეხება!

შესავალი:

კორონავირუსების ჯგუფი ზოგადად იწვევს გაციების მსგავსად მიმდინარე რესპირატორულ დაავადებებს. ამ ვირუსთა ჯგუფიდან ორი ბეტაკორონავირუსი გამოირჩევა განსაკუთრებული აგრესიულობით. ერთ-ერთი MERS-CoV-ა რომელიც იწვევს ეგრეთ წოდებულ აღმოსავლურ რესპირატორულ სინდრომს (Middle East respiratory syndrome), გამორჩეულად აგრესიულ პნევმონიას მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით. მეორე კი ჩვენთვის ასე აქტუალური SARS-CoV-2, რომელიც ძირითადათ რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმდინარეობს, გამოირჩევა კომპლექსურობით და ზოგ შემთხვევაში იწვევს პოლიორგანულ უკმარისობას. დაავადების ძირითადი მექანიზმი მოიცავს ანთებითი რეაქციებით მიმდინარე პროცესებს სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის სისხლძარღვების კედლების შიდა შრეში (ენდოთელიტი). დაავადება მაღალი პროთრომბოტულობით გამოირჩევა და მისი მძიმე ფორმები ხშირად რთულდება სხვადასხვა ორგანოში მიმდინარე მიკროთრომბოზებითა, თუ საშუალო და მსხვილი კალიბრის ვენური და არტერიული თრომბოზებით.

სამედიცინო ეთიკის მტკიცედ დაცვის მიზნით არ შევეხებით სიკვდილიანობის სტატისტიკას, ვინაიდან ყოველი ადამიანის სიცოცხლე უნიკალური და ერთნაირად ძვირფასია.

კოვიდ-19 ხასიათდება ასიმპტომატური, მსუბუქი, საშუალო და კრიტიკულად მძიმე მიმდინარეობით. დაავადების სიმძიმის ზედმიწევნით სწორად ამოცნობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სწორი დიაგნოსტიკის და მკურნალობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია დაავადების ფაზების დროული ამოცნობა, რათა სწორად გამოვიყენოთ მკურნალობის ესათუის მეთოდი.

გადაცემა:

კოვიდი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს მის გავრცელებას როგორც ვირუსის შემცველი დიდი და მცირე წვეთების პირდაპირი მოხვედრით ადამიანიდან ადამიანზე, ასევე ჰაერში გაბნეული აეროზოლების შესუნთქვას. იმის გამო რომ როგორც მცირე (აეროზოლები) ისე დიდი ზომის ნაწილაკები (წვეთები) კონცენტრირებული არიან გამომყოფის ირგვლივ რამდენიმე მეტრში, გადაცემის ალბათობა იზრდება ახლო დისტანციაზე (2 მეტრზე ნაკლები დისტანცია) და ამგვარი ალბათობა მცირდება განიავებულ, ადეკვატურად დატენიანებულ სივრცეებში. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, აეროზოლების წარმოქმნას ხელს უწყობენ ისეთი პროცედურები როგორიცაა ინჰალაცია, ინტუბაცია, არაინვაზიური ვენტილაცია, ასევე აქტივობები: საუბარი, სიმღერა, ყვირილი. ადვილი მისახვედრია, რატომ არის პრევენციის საუკეთესო საშუალებები დისტანცია, ნიღაბი, ვენტილაცია. ინფექციის გავრცელების მეორე გზა დაბინძურებული ზედაპირებიდან ვირუსის ხელით სახესთან მიტანაა და ეს წარმოშობს ხელების ხშირი დაბანის აუცილებლობას.

კორონავირუსის ნაწილაკები ასევე აღმოჩენილია სისხლსა და განავალში, თუმცა ფეკალურ-ორალური გადაცემა ლიტერატურაში აღწერილი არ არის.

გადაცემისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენენ ასიმპტომატური ან მსუბუქად დაავადებული პაციენტები. დღესდღეობით ვიცით, რომ დაავადების გადატანის 40-50% სწორედ ამ ჯგუფზე მოდის. დაავადების გადაცემის ალბათობა არსებობს სიმპტომების დაწყებამდე 1-3 დღის ფარგლებში. განსაკუთრებით გადამდები კი ინფიცირებული სიმპტომების მანიფესტაციის პერიოდში ხდება. ამას განაპირობებს ცხვირხახაში სიცოცხლისუნარიანი ვირუსების მაღალი კონცენტრაცია ამ პერიოდებში. გადაცემის ალბათობა ინფიცირებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ პრაქტიკულად ნულოვანია. სწორედ აქედან გამომდინარეობს იზოლაციის წესი, 10 დღე სიმპტომების დაწყებიდან, ბოლო 48 საათი ამ 10 დღეში უნდა იყოს უსიცხო, მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე. ცხადია, თუ ტემპერატურული რეაქცია 10 დღეზე დიდხანს გრძელდება, იზოლაციის აუცილებლობა გრძელდება მანამ, სანამ უსიცხო 48 საათი არ ჩაივლის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ განმეორებითი ტესტი შეიძლება დარჩეს დადებითი დაინფიცირებიდან რამდენიმე თვეც კი, თუმცა ამ დროს პაციენტი გადამდები აღარ არის. სწორედ ამიტომ, განმეორებითი ტესტი აუცლებელი არ არის იზოლაციიდან გამოსასვლელად. ამგვარი გადაწყვეტილება მთლიანად ემყარება კლინიკურ სურათს.

ინკუბაციური პერიოდი:

კოვიდ-ინფექციის ინკუბაციური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივია და მოიცავს 14 დღეს ინფიცირებულთან კონტაქტიდან.

კლინიკური მანიფესტაცია:

კლინიკური სიმპტომების სპექტრი მერყეობს ასიმპტომატურიდან კრიტიკულ მიმდინარეობამდე. სიმპტომატურ პაციენტებში საშუალო ინკუბაციური პერიოდი 4-5 დღეს მოიცავს. ამ ჯგუფის პაციენტების დაახლოებით 97 % აუცილებლად სიმპტომატიურია მე-11, მე-12 დღისთვის.

ყველაზე ხშირად კოვიდი პნევმონიისთვის (ფილტვების ანთება) დამახასიათებელი სიმპტომებით იწყება:

– ცხელება, ხველა (უმეტესად მშრალი, თუმცა შესაძლებელია ნახველითაც), სუნთქვის უკმარისობა.

თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები სიხშირით გვხვდება ზედა სასუნთქი გზების დააავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

– გამოხატული სიმშრალე ზედა სასუნთქ გზებში;

– ყელის ტკივილი;

– უსიამოვნო წვის შეგრძნება გულმკერდის არეში;

– კუნთებისა და სახსრების ძლიერი ტკივილი მთელ სხეულზე;

– იშვიათად სურდო და ცრემლდენა;

– თავბრუსხვევა;

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმპტომები :

– ღებინება, გულისრევა;

– დიარეა;

– ტკივილი მუცლის არეში;

ნევროლოგიური დარღვევები :

– ყნოსვის და გემოს სრული ან ნაწილობრივი დაკარგვა;

– თავის ტკივილი;

– წონასწორობის მოშლა სიარულისას;

– ძილის სხვადასხვა ტიპის დარღვევები;

– შფოთვა და გამოხატული შიშები;

– გონების დაბინდვა;

– პარესთეზიები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება სხეულზე);

– ზოგადი სისუსტე;

სხვა ორგანოების და სისტემების დაზიანებებით მიმდინარე ცვლილებები:

– კონიუნქტივიტი (თვალის თეთრი გარსის ანთება);

– ენდოფთალმიტი

– კანის დაზიანებები; კერძოდ, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი. განსაკუთრებით სპეციფიკურია მოწითალო-მოიისფრო გამონაყარი ფეხის და ხელის თითებზე.

ხშირად კოვიდის მანიფესტაცია შეიძლება დაიწყოს უკვე არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებით. არ არის აუცილებელი ყველა ზემოჩამოთვლილი სიმპტომი ერთდროულად აღინიშნებოდეს. შეიძლება დაავადება დაიწყოს მხოლოდ ერთი სიმპტომით. სიმძიმის ხარისხი განისაზღვრება სიმპტომების კომბინაციით. დაავადების მიმდინარეობა საშუალოდ 14 დღეს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა ერთეული სიმპტომები კვირეების განმავლობაში ნარჩუნდება. ხშირია სუბფებრილური ტემპერატურული რეაქციები 2-3 კვირის განმავლობაში.“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები