მსოფლიო
3 თვეში – 18.2 მილიონი დანამატი და 654,369 ლარი პრემია – შსს-ს პრემია-დანამატები
2020-11-09 17:35:04
ფლანგვის დეტექტორი” ახალ წერილს აქვეყნებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:
გაცემული პრემია-დანამატების სიდიდით სახელმწიფო უწყებებს შორის შსს პირველ ადგილს იკავებს.
პრემია-დანამატები გამოუძიებელი დანაშაულების და ძალის გადამეტების შემთხვევების პარალელურად იზრდება.
2018-2019 წლებში შსს-მ მხოლოდ პრემია-დანამატებზე 167.6 მილიონი ლარი დახარჯა და 2019-ის მაჩვენებელი წინა წელს 22 მილიონით აღემატებოდა.
შსს-ს მიერ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 760 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, საიდანაც 498 მილიონი შრომის ანაზღაურებისთვის არის განსაზღვრული.
2020 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით შინაგან საქმეთა სიმინისტრომ შრომის ანაზრაურების სახით 113.8 მილიონი ლარი დახარჯა, საიდანაც 654,369 ლარი პრემიის სახით, ხოლო 18.2 მილიონი დანამატის სახით გასცა.
მას შემდეგ რაც სახელმწიფო უწყებებში გაცემულმა პრემიების ოდენობამ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია, “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები განხორციელდა და რის შედეგადაც პრემიის სახით გაცემული თანხების რაოდენობა შემცირდა. ცვლილებების შემდგომი პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაცემული პრემიების ოდენობა მართლაც შემცირდა, თუმცა სახელფასო ანაზღურებაზე დამატებით თანხები საჯარო დაწესებულებებში ახლა უკვე დანამატის სახით გაიცემა.
დანამატის გაცემას აქვს კანონით დადგენილი წესი – ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებმა შრომის ანაზღაურებაში საერთო ჯამში 384,985,242 ლარი დახარჯეს, მათგან პრემიის სახით გაცემულმა თანხამ 1,923,785 ლარი შეადგინა, ხოლო დანამატის სახით – 58,958,337 ლარი გაიცა.
3 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ადგილზეა გაცემული პრემია-დანამატების რაოდენობით. შსს-ს შემდეგ მოდის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც 20,066,871 შრომის ანაზღაურებაში დახარჯა, საიდანაც 4,167,989 პრემია-დანამატი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პრემია-დანამატების გაცემის ოდენობით ასევე გამოირჩეოდა 2018-2019 წლებში. 2018 წელს პრემია-დანამატის სახით 72.8 მილიონი ლარი გასცა, ხოლო 2019 წელს რაოდენობა 22 მილიონი ლარით გაზარდა და ამჯერად პრემია-დანამატებში 94.8 მილიონი ლარი დახარჯა.
2020 წლის თებერვალში შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ სამინისტროში დასაქმებულ ყველა თანამშრომელის ხელფასი გაიზრდებოდა ივლისიდან, საუბარია 40,000 მეტ თანამშრომელზე. პრემია-დანამატებთან დაკავშირებით კი მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიციელები დღე და ღამე თავიანთ საქმეს აკეთებენ და იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია.
პარალელურად, აღსანიშნავია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს თუ როგორ მუშაობს შსს. 2020 წლის პირველ 5 თვეში 23,114 დანაშაული მოხდა და მხოლოდ 6,852 საქმეა გახსნილი, რაც საერთო რაოდენობის 29,64%-ს შეადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, თუ ერთსა და იმავე დროის მონაკვეთს შევადარებთ ერთმანეთს, მხოლოდ გასულ 3 წელიწადში თითქმის 8,000-ით არის გაზრდილი დანაშაულთა ჩადენის მაჩვენებელი და 20 %-ითაა გაუარესებული გახსნის სტატისტიკა.
ასევე ცალკე აღნიშვნას იმსახურებს წლების განმავლობაში არსებული გამოუძიებელი საქმეები, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ დანაშაულის ჩადენის შესაძლო შემთხვევები. 2020 წლის ანგარიშში Human Rights Watch-ი საუბრობს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე. აღნიშნულ თემაზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშში, სადაც მიუთითებს პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, მათ შორის აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენებისა და დაკავების შემდეგ განხორციელებული წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.გამოდის, პრემია-დანამატები ჯილდოა, რომელსაც ძალოვნები დანაშაულები ძალის გადამეტებისთვის იღებენ და ამავდროულად, თანხა გაუხსნელი დანაშაულების მატების პარალელურად იზრდება.მხოლოდ 2020 წლის 3 თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრემია-დანამატებში დახარჯული თანხა უფრო მეტია, ვიდრე მთელი წლის მანძილზე ცენტრალური ბიუჯეტიდან შემდეგ ორგანოების თუ პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები
• საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლო ერთად – 16,250,000
• საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი – 7,000,000
• საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება – 5,000,000
• ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება – 13,300,000
• უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 17,240,000
• დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ქვეპროგრამა – 8,000,000
წყარო:
1. ბიუჯეტის მონიტორი https://budgetmonitor.ge/ka/costs
2. სახელმწიფო ბიუჯეტი https://www.mof.ge/5261
3. მინისტრის განცხადება – https://1tv.ge/…/vakhtang-gomelauri-ivlisidan…/
4. სტატისტიკა https://info.police.ge/page?id=115
5. გახმაურებული საქმეები TI https://www.transparency.ge/…/gaxmaurebuli-sakmeebis…
6. გამოუძიებელი საქმეები და მზარდი დანაშაული – უფრო და უფრო ცუდი სტატისტიკა https://www.radiotavisupleba.ge/a/30751022.html
7. Human Rights Watch https://www.hrw.org/worl…/2020/country-chapters/georgia…
8. სახალხო დამცველის ანგარიში 2019 http://ombudsman.ge/res/docs/2020040215365449134.pdf –
კომენტარები