0 4 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს

დიახ, რა თქმა უნდა, მშვიდობა რეგიონში სიტუაციას მთლიანად შეცვლის. მე იმედი მაქვს, რომ კავკასიის სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერიოდს ვიხილავ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დონე ძალიან მაღალია.

"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და შესანიშნავი კავშირები გვაქვს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს მხარს უჭერენ და კარგი მეგობრები და მეზობლები არიან.

ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, ნავთობის ტრანსპორტირება, გაზის ტრანსპორტირება, ელექტროენერგიის ტრანსპორტირება, სარკინიგზო კომუნიკაცია, ბაქო-თბილისი-ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, TANAP და მრავალი სხვა პროექტი. აზერბაიჯანი, ჩემი აზრით , არის სიდიდით პირველი ან მეორე ინვესტორი საქართველოში თურქეთთან ერთად, გადასახადის პირველი ან მეორე უმსხვილესი გადამხდელი”, - დასძინა ალიევმა.

ილჰამ ალიევის თქმით, 90-იანი წლების შუა პერიოდში, როდესაც გაზსადენის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, დასავლეთის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ მას სომხეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო.

"თუმცა სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს ტერიტორიები და ამ შემთხვევაში მილსადენი შეიძლება გავიდეს აზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და იქიდან თურქეთში. ეს იყო უმოკლესი გზა. თუ რუკას შეხედავთ, ნახავთ მილსადენის მარშრუტს. ის ისე შედგა, რომ სომხეთს გვერდს უვლიდა. თუმცა სომხები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამ მილსადენის აშენებას ვერ შევძლებთ, ამიტომ უარით უპასუხეს. ვფიქრობ, რომ ახლა ისინი ამას ნანობენ. ოკუპაციის გამო ისინი ჩიხში გაიჭედნენ. ფიქრობდნენ, რომ ჩვენ მილსადენებსა და რკინიგზას ვერ ავაშენებთ. ისინი ყარსი-გიუმრის რკინიგზის ექსპლუატაციას ყოველთვის მხარს უჭერდნენ. ეს რკინიგზა არსებობდა, მაგრამ ჩვენმა მოძმე თურქეთმა ის სომხური ოკუპაციის გამო დახურა. ამრიგად, სინამდვილეში, სომხეთს აქვს ზღვაზე გასასვლელი, მაგრამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისა და თურქეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიების გამო, სომხეთ-თურქეთის საზღვარი დაკეტილია. შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მათ კონსტიტუციაში გაწერილია ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთის წინააღმდე. ისეთი მძლავრი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც დღევანდელი თურქეთია, ტერიტორიული პრეტენზიები რომ გქონდეს, შეშლილი უნდა იყო. მაგრამ მათი იდეოლოგიის არსი სწორედ ესაა", - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების დროს, სომხეთის წინა ხელისუფლებას შეატყობინეს, რომ ოკუპაციის დასრულების შემთხვევაში, აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელება შეუძლია. ეს შეტყობინებები სომხეთის წინა პრეზიდენტებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მეშვეობით ეგზავნებოდა. სომხურმა მხარემ ისინი უარყო.

"დღეს მთიან ყარაბაღში ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. თქვენ იცით, რომ იქ სრული უმუშევრობაა, სუფევს სიღარიბე და დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ჩვენ მზად ვიყავით ინვესტიციისთვის. მაგრამ ჩვენ ვუთხარით, რომ ტერიტორიები გაეთავისუფლებინათ და დავეხმარებოდით. დღეს, როდესაც ჩვენ თვითონ ვათავისუფლებთ ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, დავეხმარებით მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს და, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს, რომლებიც ამ ტერიტორიის აღსადგენად დაბრუნდებიან. თუ სომხეთი გადადგამს კონსტრუქციულ ნაბიჯებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციას გავხსნით. მე ასევე გავიგე თურქეთის მთავრობის პოზიციის შესახებ, რომ ისინი კომუნიკაციებს გახსნიან, თუ სომხეთი თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს. მაშინ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთ-თურქეთის საზღვარი ოკუპაციის გამოა დაკეტილი და როდესაც ოკუპაცია დასრულდება, საზღვარი გაიხსნება.

ეს თურქეთის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა და სომხებმა ამის შესახებ იციან. თურქეთთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზების გარეშე სომხეთს მომავალი არ აქვს, რადგან ეს პატარა ბაზარია და ახლა კიდევ უფრო მცირდება. მოსახლეობა მცირდება, მიგრაცია ძალიან მაღალია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთში რეალური მოსახლეობა 2 მილიონზე ნაკლებია და ის კიდევ უფრო შემცირდება, რადგან სამუშაო აღარ არის, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ თავიანთი მოსავლიანი ოკუპირებული მიწები დაკარგეს. თუ გადახედავთ ზემოდან გადაღებულ სურათებს, ნახავთ, როგორ იყენებენ ისინი ჩვენს მიწებს არალეგალური პროდუქციისთვის. ისინი იყენებენ არა მხოლოდ ჩვენს მიწას, არამედ კელბაჯარის ოქროს მაღაროებსაც. თუ ისინი არ შეაჩერებენ თავიანთ მოქმედებას, იქ არის უცხოური კომპანიები, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ სასამართლოში ვიჩივლებთ. სხვათა შორის, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მალე შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას. ამრიგად, იმის გამო, რომ მათ ჩამოერთმევათ სოფლის მეურნეობის ასეთი მნიშვნელოვანი სეგმენტი, ისინი უფრო მეტ პრობლემას წააწყდებიან და დაზარალდებიან, ჩვენ კი განვვითარდებით. ჩვენი მოსახლეობა იზრდება. თურქეთის მოსახლეობა 83 მილიონია, აზერბაიჯანის - 10 მილიონი. ხოლო სომხეთის მოსახლეობა ორ მილიონზე ნაკლებია. მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ იცხოვრებენ ისინი აქ 10, 20, 50 წელიწადში, თუ ისინი გააგრძელებენ ელემენტარული ლოგიკის უარყოფას და არ დაასრულებენ ოკუპაციას",- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

წყარო:https://haqqin.az/news/192172?fbclid=IwAR3swXJ0D073Md07cuK8Z9c2ED16wa2tAqRwq5oo7EHGh3NC3vVEau-Fcho

კომენტარები

მსგავსი სიახლეები