მსოფლიო
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს კორონავირუსის შემთხვევების მატების მართვის რესურსი გააჩნია, თუმცა იგი ამოუწურავი არ არის
2020-10-19 14:36:12
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები, არც ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოსი, ამოუწურავი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიამ ყურადღება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენციაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია.
„ინფიცირების შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა იქნება, თუმცა ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია და დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რესურსები, არც ერთი ქვეყნის, მათ შორის საქართველოსი, ამოუწურავი არ არის. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები და დისციპლინისა და მკაცრი წესების დაცვა, რაც არის, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიტოვებს შესაძლებლობას გრძელვადიან პერიოდში ჩვენ ვირუსთან თანაცხოვრების გზით ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ. პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის ის, რასაც ყველა უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები