0 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის პირობებში კენჭისყრის ახალი წესები დადგინდა

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადის განსაზღვრისა და სანიტარულ-ჰიგიენური წესები ცესკომ ახალი დადგენილებით განსაზღვრა.

დადგენილების შინაარსი „საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №43/2020

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 199-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – „პენიტენციური სამსახური“) პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომში – „პენიტენციური დაწესებულება“) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-19 დღისა (12 ოქტომბერი) ცესკო განკარგულებით ქმნის საარჩევნო უბნებს. პენიტენციურ დაწესებულებაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა არ ტარდება.

მუხლი 2

პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს/სპეცჯგუფის წევრებს ირჩევს/ნიშნავს ცესკო არჩევნების დღემდე არაუადრეს 16 დღისა (15 ოქტომბერი) და არაუგვიანეს 15 დღისა (16 ოქტომბერი). კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში შესაძლებელი იქნება საკონკურსო საბუთების წარდგენა ცესკოში, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების 6-6 წევრის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.

მუხლი 3

უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება ცესკოს პენიტენციურ დაწესებულებაში საარჩევნო უბნის შექმნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-15 დღისა (16 ოქტომბერი).

მუხლი 4

ცესკოს განკარგულებას/პარტიის გადაწყვეტილებას პენიტენციური დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა არჩევის/დანიშვნის შესახებ თან უნდა დაერთოს: ამ პირის ორი ფოტოსურათი, მისი თანხმობა ამ დადგენილებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების თაობაზე და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი.

მუხლი 5

ცესკოს მდივანს ცესკოს მიერ დადგენილი ფორმით, არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (15 ოქტომბერი):

ა) საარჩევნო სუბიექტებმა/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებმა უნდა წარუდგინოს პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებში (სპეცჯგუფებში) 1 წარმომადგენლის დანიშვნის/აკრედიტაციის შესახებ განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს წარმომადგენლის გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი (თუ აქვს). განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები;

ბ) ცესკოს მიერ რეგისტრირებულმა საერთაშორისო/ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს იმ დამკვირვებელთა სია (სახელის, გვარის, საარჩევნო უბნის ნომრის, საკონტაქტო ტელეფონის ნომრის (ასეთი არსებობის შემთხვევაში), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერისა და რეგისტრაციის ადგილის/ადგილობრივი დამკვირვებლის შემთხვევაში/ მითითებით), რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში. სიას უნდა ერთოდეს დამკვირვებელთა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები.

მუხლი 6

ცესკოს მდივანი ამ დადგენილების მე-5 მუხლით გათვალისწინებული განცხადების/დამკვირვებელთა სიის წარდგენიდან 1 დღის ვადაში წყვეტს დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა რეგისტრაციის/აკრედიტაციის საკითხს და რეგისტრირებულ/აკრედიტებულ დამკვირვებლებს/წარმომადგენლებს გადასცემს სათანადო მოწმობას, ხოლო რეგისტრაციაზე/აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

მუხლი 7

ცესკო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ დადგენილების შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების/ადგილობრივი დამკვირვებლების/საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების მონაცემების საფუძველზე არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (28 ოქტომბერი) ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ამომრჩევლების სპეციალურ სიას. ცესკოს ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავს:

ა) პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები;

ბ) პენიტენციური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები, რომელთა სამსახურის პირობები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს არჩევნების დღეს მათ ყოფნას სამუშაო ადგილას;

გ) პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ საარჩევნო უბნებში ამ დადგენილების მე-5 მუხლის შესაბამისად, აკრედიტირებული/დანიშნული/ადგილობრივი დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები, თუ ისინი სპეციალური სიის შედგენის მომენტში იმყოფებიან საკარანტინე სივრცეში.

მუხლი 8

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრზე/ადგილობრივ დამკვირვებელზე და საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის.

მუხლი 9

ცესკოს უფლება აქვს, საჭიროებისამებრ, გამოითხოვოს და მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში მიიღოს მონაცემები პენიტენციური სამსახურისგან საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ.

მუხლი 10

საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფის პირველი სხდომები იმართება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (17 ოქტომბერი). პირველ სხდომას იწვევს ცესკოს თავმჯდომარე. საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის პირველი სხდომა იმართება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

მუხლი 11

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები/დამკვირვებლები/საარჩევნო სუბიექტების/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები ვალდებული არიან 2020 წლის 18 ოქტომბრის დილის 10 საათიდან საარჩევნო უბნის გახსნამდე გაიარონ სავალდებულო კარანტინი შესაბამის საკარანტინე სივრცეში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების შესაბამისად. აღნიშნული პირები საკარანტინე სივრციდან ტრანსპორტით პირდაპირ უნდა გამოცხადნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არჩევნების დღის დილის 7 საათზე.

მუხლი 12

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრები და ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირები ვალდებული არიან 2020 წლის 29 ოქტომბერს ჩაიტარონ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციაზე (COVID-19) PCR ტესტი. ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში დაიშვებიან მხოლოდ სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

მუხლი 13

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პენიტენციური დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრად არჩევის/დანიშვნის შემდგომ, არასაპატიო მიზეზით წევრობაზე/წევრის ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ბიუჯეტიდან მასზე გაწეული ხარჯები ანაზღაურდება ამ პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული პირების სავალდებულო კარანტინის გავლისა და PCR ტესტის ჩატარების ხარჯები ანაზღაურდება თვით ამ  პირთა მიერ.

მუხლი 14

იმ შემთხვევაში, თუკი საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუგის წევრი, დამკვირვებელი/საარჩევნო სუბიექტის/პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს დატოვებს კენჭისყრის შენობას (პენიტენციურ დაწესებულებას), იგი განმეორებით აღნიშნულ კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. აღნიშნული პირები აგრეთვე არ დაიშვებიან ნებისმიერ სხვა კენჭისყრის შენობაში. ამ დადგენილებაში მითითებულ დაწესებულებებში არ შეიძლება დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს შეენაცვლონ მისი წარმდგენი ორგანიზაციის სხვა რეგისტრირებული წარმომადგენლები/დამკვირვებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 15

ამ დადგენილებაში მითითებული პირები ვალდებული არიან პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებისას და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას დაიცვან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და აღჭურვილი იყვნენ/ატარებდნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს.

მუხლი 16

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის არ გამოიყენება ცესკოს 2012 წლის 13 ივლისის №75/2012 განკარგულებით განსაზღვრული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირების პირობები და წესი.

მუხლი 17

ხმისა დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები ტარდება ამ განკარგულებით შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის მიერ, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 18

საუბნო საარჩევნო კომისია/სპეცჯგუფი ვალდებულია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლი დაუყოვნებლივ, ოქმის შევსებისთანავე, თავის ხელთ არსებული ელექტრონული საშუალებებით გაუგზავნოს შესაბამის ძირითად საოლქო საარჩევნო კომისიას.

მუხლი 19

დაევალოს ცესკოს საფინანსო დეპარტამენტს პენიტენციურ დაწესებულებებში არჩევნების მომზადებასა დაჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება.

მუხლი 20

დაევალოს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-14 დღისა (17 ოქტომბერი), ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრთა/დამკვირვებელთა/წარმომადგენელთა ვინაობის შესახებ გადაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და პენიტენციურ სამსახურს.

მუხლი 21

საუბნო საარჩევნო კომისიის/სპეცჯგუფის წევრების საკარანტინე სივრცეში განთავსებას, PCR ტესტის ჩატარებასა და პენიტენციურ დაწესებულებამდე ტრანსპორტირებას ორგანიზებას უწევს ცესკო.

მუხლი 22

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 23

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დოკუმენტს ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები