მსოფლიო
საქართველოში საშუალო ხელფასი 1 129 ლარამდე გაიზარდა
2020-10-08 12:52:38
2019 წელს საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5.7%-ით გაიზარდა და მან 1,129 ლარს მიაღწია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში შეინიშნებოდა. მაგალითად, საფინანსო და სადაზღვევო სექტორში ზრდა 9.2% იყო და საშუალო ხელფასმა 2,030 ლარს მიაღწია, მშენებლობის სექტორში კი ზრდა 5.1% იყო და დარგის საშუალო ხელფასი 1,631 ლარს გაუტოლდა.
"2019 წელს ქალების საშუალო თვიური ხელფასი 869.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 361.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად ქალებში - 5.7 პროცენტი, კაცებში - 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
ანაზღაურების სხვაობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის:
საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 237.4 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2018 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 9.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 4.1 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 973.7 და 1,211 ლარი შეადგინა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურება თბილისშია და ის 1,350 ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, სადაც საშუალო ხელფასი 952.9 ლარია.
თბილისი - 1,350 ლარი;
აჭარის ა.რ. - 952.9 ლარი;
მცხეთა-მთიანეთი - 901.9 ლარი;
ქვემო ქართლი - 851 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 793 ლარი;
იმერეთი - 723 ლარი;
სამცხე-ჯავახეთი - 711 ლარი;
შიდა ქართლი - 707 ლარი;
კახეთი - 690 ლარი;
გურია - 617 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 556 ლარი.
კომენტარები