მსოფლიო
,,უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან"
2020-09-29 12:20:41
კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები ცხოვრების ჩვეულ რიტმს მე-13 დღიდან ტესტირების გავლის გარეშე დაუბრუნდებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც აღარ არის ჰოსპიტალიზაციის და ადამიანის იზოლაციაში დაყოვნების საჭიროება, ის დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას. ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ ბევრი შემთხვევა იყო სიმპტომების გარეშე. რაც შეეხება მე-8 დღეს, უახლესი გარკვეული მეცნიერული საფუძვლები მოგროვდა იმასთან დაკავშირებით, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი აღარ არის ისე გადამდები, როგორც თავიდან იყო და ძალიან მინიმალურია მის მიერ ინფექციის გადადების რისკი. აქედან გამომდინარე, სიმპტომურ პაციენტებში გამოჯანმრთელებისთვის 10 დღეა საჭირო, ანუ ტესტირებიდან 10 დღე და შემდგომ უსიმპტომო პერიოდი კიდევ სამი დღე. ანუ მინიმუმ 13 დღე სიმპტომიანი პაციენტებისთვის, რომ ვიფიქროთ ადამიანი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, მათთვის ჩვენი ახალი პროტოკოლის მიხედვით განსაზღვრულია 12 დღე, 12 დღის შემდეგ ამ პაციენტებს შეუძლიათ ტესტირების გარეშე დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას. ანუ სამსახურში შეიძლება გავიდეს ადამიანი, თუ მას არ ჰქონია სიმპტომები, რისი სოლიდური რაოდენობაც გვყავს. ამასთან დაკავშირებით მას რჩევას ოჯახის ექიმი, ან კოვიდსასტუმროს ექიმი მისცემს. მთავარია სიმპტომი არ გამოგვრჩეს, რადგან თუ სიმპტომი აქვს, მაშინ ტესტირების აუცილებლობა მაინც რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ ტესტირების საჭიროება ყველა შემთხვევაში იხსნება. თუ არის პაციენტი უსიმპტომო, გამოჯანმრთელებისთვის დამატებითი ტესტი საჭირო არ არის, თუ პირველი ტესტირებიდან 13 დღეა გასული, რაც შეეხება სიმპტომურ პაციენტებს, იქ კლინიკური ალგორითმი რთულია და ექიმი გადაწყვეტს, რამდენად შეიძლება პაციენტი დაუბრუნდეს ჩვეულ აქტივობას ტესტირების გარეშე, თუ საჭიროა ტესტის ჩატარება“, - განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები