0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს „ლელოს“ ვაკის ოფისის ბლოკირება რადიკალი დაჯგუფების „ქართული მარშის” წევრებმა სცადეს.

მათი მთავარი მოთხოვნა “ლელოს“ არჩევნებიდან მოხსნა იყო. 

რადიკალი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების აქციას, "ლელოს" ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები, "ლელოს" მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე, საბა ბუაძე, ლანა გალდავა, მედეა მეტრეველი, გიგლა მიქაუტაძე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ოქროაშვილი და „ლელოს“ სხვა ლიდერები დახვდნენ. 

ლევან კობერიძემ აქციის მსვლელობისას განაცხადა, რომ როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის „ლელო“ არის საშიში, რადგან ძლიერი და გონივრულად დაკომპლექტებული გუნდია, რომელსაც რეალური გეგმა აქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის. მისივე თქმით, როდესაც ტყუილი აქციებით აპროტესტებენ ჩვენს მუშაობას, მით უფრო ძლიერდება „ლელო“.  

“ლელოს“ რეიტინგი იმატებს და როგორც მმართველი გუნდი, ასევე მსგავსი პარტიები ცდილობენ და ეცდებიან, სხვადასხვა ცილისმწამებლური ინფორმაციით  გადაფარონ ჩვენი წარმატება.  „ოცნებისთვის“ „ლელო“ არის ყველაზე დიდი საშიშროება, რადგან რეალური ძალაა, რომელსაც შეუძლია, საქართველოს მდგომარეობა შეცვალოს და ხელისუფლება გადაიბაროს.  ამ საშიშროებას ხედავს „ქართული ოცნება“ და ამიტომ ის ჯგუფები, რომელსაც, როგორც წესი, მარგინალური ქმედებები და გამონათქვამები ახასიათებთ, ამის გადაფარვას ცდილობენ ამ აქციებით. აქ გამოთქმული ყველა ბრალდება, რაც გაჟღერდა, არის აბსოლუტური ტყუილი. „ლელო“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს რეალური გეგმა ქვეყნის რეკონსტრუქციის და „ლელოს“ გარდა არცერთ პარტიას არ შეუძლია, ჩაიბაროს ხელისუფლება.   ყველაფერი არის დღესავით ნათელი, რაც უფრო გააპროტესტებენ ამ ტყუილი აქციებით ჩვენს წინსვლას,  მით უფრო გაძლიერდება ლელო,“-აცხადებს ლევან კობერიძე.

აქციაზე „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით,  სამწუხაროა, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები ამ სამარცხვინო სპექტაკლში მონაწილეობენ. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“  ახალგაზრდებისთვისაც და სხვებისთვისაც მოსპო შესაძლებლობები. 

„ ეს ხალხი იძულებულია, რომ ამ პერფორმანსში მიიღოს მონაწილეობა. ეს პერფორმანსი კი  არის ქართული  მარში. ამ ძალას არაფერი საერთო არ აქვს ქართულთან. ეს არის ქართული ოცნების სამარცხვინო ქვედანაყოფი, ყველაზე აგრესიული. შეხედეთ, რას აკეთებენ, რა მოწოდებები აქვთ. ეს არის ამ ხელისუფლების სახე, უბრალოდ, მათ  რცხვენიათ, რომ თავიანთი ბრენდით გამოიტანონ ეს ყველაფერი გარეთ და ქართული მარშით, ერთ-ერთი ქვედანაყოფით მართავენ ამ მასკარადს,“-აცხადებს საბა ბუაძე. 

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მედეა მეტრეველმა მიმდინარე აქცია კომიკურად შეაფასა, ხოლო „ქართული მარში“ რუსეთისგან დაფინანსებულ პარტიად გამოცხადა. 

„კომიკური იყო ეს ყველაფერი და საგანგაშოა ის ფაქტი, რომ  ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ასე აშკარად გაზრდიდა რუსეთის საცეცებს საქართველოში.  რუსული მარში ფინანსდება რუსეთის მიერ და ამას ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა, რომელიც ოქტომბერში სწორ არჩევანს გააკეთებს,“-აცხადებს მედეა მეტრეველი. 

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგლა მიქაუტაძე მიმდინარე აქციას მიესალმება და აცხადებს, რომ  ეს აქცია არის დადებითად მომართული „ლელოსკენ“. 

„ჩვენ თუ ქართული მარში შეგვაქებს და ტაშს დაგვიკრავს, მაშინ გვაქვს საქმე ცუდად. ხოლო რადგან ისინი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან, ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ კარგად. ეს პრორუსული ძალა, ფსევდოეროვნულები ებრძვიან „ლელოს“ იმიტომ, რომ ნახეს, როგორ ძლიერდება „ლელო“ და გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ,“-განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ. 

„ქართული მარში” “ლელოს“  ოფისის 24-საათიან პიკეტირებას გეგმავდა, თუმცა ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ ტერიტორია უკვე დატოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები