პოლიტიკა
პარლამენტში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ - მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე
2020-09-18 13:35:11
„ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას”, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ნათია ღურნავას თქმით, მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა.
„დღეის გადმოსახედიდან შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ მყისიერად მიღებულმა ეფექტურმა ღონისძიებებმა, მათ შორის: საზღვრებიდან ვირუსის იმპორტის კონტროლმა, კარანტინების მასშტაბურმა და წარმატებულმა პროგრამამ, ანტიკრიზისულმა დახმარებამ ყველაზე დაზარალებულ სეგმენტებს, დარგებს და მოსახლეობას საშუალება მოგვცა, რომ ჩვენ გაცილებით უკეთ მომზადებული ვყოფილიყავით პანდემიასთან შემდგომი ბრძოლისთვის და თანაცხოვრებისთვის. ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება, რითაც მან მკაფიო მოლოდინი შექმნა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ საქართველო ივლის ერთი მხრივ, ვირუსთან ეფექტური ბრძოლის გზით, მაგრამ მეორე მხრივ, პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური გახსნილობა და მზარდი აქტივობა. ეს ნიშნავს, რომ მძიმე შეზღუდვების პერიოდი დასრულდა და ჩვენ გადავდივართ ადაპტაციის პერიოდზე. ჩვენი პრევენციული ზომების წყალობით, ჩვენ მოვიგეთ დრო. გაცილებით უფრო მეტი ცოდნით ვართ შეიარაღებულები, გაცილებით უფრო მეტი სიმძლავრით, მეტი შესაძლებვლობა გვაქვს, რომ გავუმკლავდეთ თუნდაც ინფიცირებულთა შემთხვევების ცოტა უფრო გაზრდილ რაოდენობას, რაც ასევე იყო იმის შედეგი, რომ ჩვენ მივედით იმ დონეზე, რომ წყნარად გვემართა ინფექცია და ჩაგვეტარებინა საზაფხულო სეზონი შიდა ტურიზმისთვის”, - განაცხადა მინისტრმა
კომენტარები