პოლიტიკა
„ლელოს“ პროგრამული ხედვა და ჩრდილოვანი კაბინეტი
2020-09-04 17:04:45
“ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დღეს 4 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებისას „ლელოს“ „მარშალის გეგმასა“ და ჩრდილოვან კაბინეტზე ისაუბრა.
ხაზარაძის თქმით, "მარშალის გეგმაზე" პარტია ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდა, დღეს "ლელოს" ლიდერებმა დაამტკიცეს პროგრამა და იმსჯელეს ჩრდილოვან კაბინეტზე, რომელიც ამ გეგმას შეასრულებს.
„ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნაზე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განვაცხადეთ. შევკარით უძლიერესი გუნდი და დღეს დავამტკიცეთ პროგრამა, ხოლო წინასაარჩევნოდ გამოვაცხადებთ ჩრდილოვანი კაბინეტის გუნდს, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს და დაიწყებს ქვეყნის აღორძინებას,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება სამომავლო ხედვებს და „ლელოს“ მარშალის გეგმას, რომელსაც პარტია ხვალ, 5 სექტემბერს გააცნობს საზოგადოებას, ხაზარაძე აცხადებს, რომ მთავარია, ქვეყანაში სიღარიბე და უმუშევრობა დავძლიოთ.
„იმისთვის, რომ ქვეყანაში უმუშევრობა დავძლიოთ, უპირველესი ამოცანაა ქვეყნისთვის ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. ჩვენი გეგმაა, ქვეყანაში უმოკლეს დროში შევქმნათ იმდენი სამუშაო ადგილი, რომ 600 000-მა ოჯახმა მიიღოს 3000 ლარი და მეტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ეკონომიკის ძალიან სწრაფ განვითარებას. დღეს საქართველოში საშუალო ფენას წარმოადგენს 65 000 ადამიანი, ეს არის მთელი მოსახლეობის 1,5%, რაც იმის მანიშნებელია, რომ დღეს ვცხოვრობთ უღარიბეს ქვეყანაში.
ხვალ გვექნება პრეზენტაცია, სადაც წარვადგენთ ლელოს ”მარშალის გეგმას”, ანუ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას, რომელიც იქნება დეტალურად ახსნილი ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ როგორ გამოვიდეთ მოკლე დროში - 4 წელში, იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ვართ და სერიოზული საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დავძლიოთ უმუშევრობა და საქართველოს მოქალაქეები გავმართოთ ფინანსურად,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
კომენტარები