პოლიტიკა
პენსიების დარიცხვა და გაცემა დაიწყება ყოველი თვის პირველი რიცხვიდან და გაგრძელდება 14 რიცხვამდე
2020-08-27 14:10:01
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობამ საბანკო სექტორთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, პენსია ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე გასცეს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პენსიონერებს პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ და ეს მუდმივად, ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო.
„ჩვენი ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. აქაც, ჩვენ გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში, რაც ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო. პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან. ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა შემცირდეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით არა ყველამ ერთ დღეს მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითაც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები