0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სოფო შამანიდი - ნომინალური პრემიერი გახარია, ივანიშვილის კვალდაკვალ, ახალგაზრდებს ქვეყნის დატოვებას სთავაზობს

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლას “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი სოფო შამანიდი ეხმაურება. შამანიდი გიორგი გახარიას ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გამგრძელებელს უწოდებს, რომელმაც მოსახლეობას იაფი ავიაბილეთები შესთავაზა ქვეყნიდან წასასვლელად.

შამანიდის თქმით, გახარიამ ხაზგასმით დააანონსა, რომ როდესაც ახალგაზრდები ქვეყნიდან გავლენ, მათ უნდა შეძლონ და სხვა ქვეყნაში კონკურენტუნარიანები გახდნენ. მაშინ, როდესაც სახელმწიფო ყველა პირობას უნდა უქმნიდეს მომავალ თაობას საკუთარ ქვეყანაში სრულფასოვნად საცხოვრებლად.

“საქართველოს ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ “როდესაც ჩვენი შვილები ქვეყანას დატოვებენ, უნდა შეძლონ სხვა ქვეყნის შვილებთან კონკურირება”. არის თუ არა ეს წამოცდენა? ან იქნებ ქვეყნის მმართველი ოლიგარქის ხაზის გაგრძელება, რომელიც იაფ ავიაბილეთებს დაგვპირდა, თუკი ქვეყნიდან წავალთ? იმის მაგივრად, რომ პრემიერი და მთავრობა ზრუნავდნენ იმაზე, რომ საქართველოდან წასულ ჩვენს შვილებს ისეთი გარემო შეუქმნან ქვეყანაში, რომ უკან დაბრუნდნენ, იმის მაგივრად, რომ ქმნიდეს სამუშაო ადგილებს და ახალგაზრდებს ღირსეულ დასაქმებას სთავაზობდეს ქვეყნის შიგნით, “ზრუნავს” იმაზე, რომ მილიონობით ქართველი ემიგრანტის რიცხვი კიდევ უფრო გაზარდოს,”-აცხადებს შამანიდი.

სოფო შამანიდის თქმით, ამ მთავრობას არ აქვს უნარი, მისცეს ახალგაზრდებს ხარისხიანი განათლება, არ აქვს უნარი, შექმნას სამუშაო ადგილები, არ აქვს უნარი, აღმოფხვრას სიღარიბე, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს ემიგრაციაში წასვლისკენ უბიძგებს. საქმე ის გახლავთ, რომ ოლიგარქს არ სჭირდება ამდენი ხალხი საქართველოში - ნაკლები ადამიანი ხომ ნაკლებ პრობლემას ნიშნავს. ოლიგარქს სწორედ იმდენი ადამიანი სჭირდება, რამდენიც მას მოემსახურება.

“ამ ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი მოქალაქეები, ჩვენი არჩევანია, სად ვიცხოვრებთ, სად ვიმუშავებთ, სად გავზრდით ჩვენს შვილებს. ჩვენი არჩევანია საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა, საკუთარ ქვეყანაში ღირსეული ცხოვრება და საკუთარი ქვეყნისთვის ღირსეული შვილების აღზრდა. ამისთვის კი ამ ხელისუფლების სახლში გაშვებაა საჭირო!

ბელორუსი ხალხი დღეს ავტორიტარს ემშვიდობება. ქართველი ხალხი ოქტომბერში ოლიგარქს დაემშვიდობება!

პ.ს. ძვირფასო პრემიერო, თქვენი წყალობით, 1 ოქტომბრამდე მაინც ვერსად წავლენ ჩვენი შვილები,”-განაცხადა სოფო შამანიდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები