1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს - "ლელო საქართველოსთვის"

“ლელოს” ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და  კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის 6 ივლისს მოკლულ თორნიკე მერებაშვილის გამოუძიებელ საქმეზე ისაუბრეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს  საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ.  მერებაშვილის რეალური მკვლელი თავისუფალია, ხოლო სასჯელს ის  ადამიანი იხდის, რომლის ბრალეულობაც არ დასტურდება.

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს, სისტემის, რომელიც უნდა შეიცვალოს და გამოუძიებელი საქმეები ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას.  

“იმის ნაცვლად, რომ თორნიკეს მკვლელობის საქმე გამოიძიონ და დამნაშავე პირები პასუხისმგებლობაში მიეცნენ, გამოძიება დაკავებულია საქმის გაყალბებით. ეს საქმე სხვა საქმეებისგან განსხვავდება იმითაც, რომ არ მტკიცდება იმ ადამიანის დანაშაული, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ციხეში ზის, ნამდვილი მკვლელი კი დღემდე დაუსჯელია. სახელმწიფოს მხრიდან არასწორად ჩატარებული გამოძიების გამო მშობლები ვერ იღებენ სამართალს. ეს არის წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ. მერებაშვილის საქმეში ყველა დეტალი მოწმობს იმაზე, რომ არ ჩატარებულა გამოძიება, რომელიც დაადგენდა სიმართლეს. “შეკერეს” საქმე და მშობლებს და საზოგადოებას აჩეჩებენ სიცრუეს.   მერებაშვილისა და გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი ერთი და იგივე ადამიანია,  რაც მიუთითებს იმაზე, რომ საქმის გამყალბებელ ადამიანებს სისტემა აწინაურებს და უფრთხილდება, ეს პროკურორი არის ნანა გუგუტიშვილი,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

“უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, რომელიც თორნიკე მერებაშვილის საქმეში ფიგურირებს, გამოძიება მიდის არასწორი გზით, საქმეს შეგნებულად აყალბებენ”-ამის შესახებ ბრიფინგზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. 

“ნაცვლად იმისა, რომ თორნიკე მერებაშვილის საქმე გამოეძიებინათ, რეალური ფაქტები დამალეს, სიყალბის მცდელობით, მშობლებს  სამართლის მიღების საშუალებას არ აძლევენ და მათი  შვილის მკვლელს არ იჭერენ. მე მაქვს სამხარაულის ორი დასკვნა, რომელიც 2018-2019 წლებში გაიცა. ორივე დასკვნა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რადგან დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა სამხარაულის დასკვნას უარყოფს. ოჯახმა და მათმა ადვოკატმა არაერთი საჩივარი დაწერეს, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაღუპულის მშობლებს უთხრა, რომ პირად კონტროლზე აიყვანა საქმე, მათი პირადი კონტროლი კი საქმის ერთპიროვნულად გაყალბებას ნიშნავს,”-განაცხადა კახა კოჟორიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 18 წლის თორნიკე მერებაშვილი გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე 2018  6 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. იმ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები