საზოგადოება
"ლელო საქართველოსთვის" - ივანიშვილი აგრძელებს სახელმწიფოს მიტაცებას და ბიზნესზე კონტროლის გაძლიერებას
2020-07-17 20:49:58
დღეს საქართველოს პარლამენტმა მორიგი ნაბიჯი გადადგა ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების შეზღუდვის გზაზე და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები ენერგეტიკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომელიც ამ ორი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებას, შემცირებული ინვესტიციების ფონზე, კიდევ უფრო შეაფერხებს და უცხოურ კომპანიებს დააკარგვინებს საქართველოში ინვესტირების ინტერესს. ამაზე თავად ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საპარლამენტო განხილვის დროს. აღნიშნული ხდება იმ ფონზე, როცა თავად ბიზნესის არაერთი ინიციატივა წლების განმავლობაში ჭიანურდება მთავრობასა და პარლამენტს შორის და ვერ მიიღება ელემენტარული გადაწყვეტილებებიც კი.
ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს ამ ცვლილებების პოლიტიკური მხარეც. ორივე მარეგულირებელი კომისიის დამოუკიდებლობა დიდი ხანია ეჭვ ქვეშ დგას და მათი ხელმძღვანელების, ბატონების ნარმანიასა და ბექაურის ახლო ურთიერთობები მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს. ამიტომ, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების სფეროში, ფაქტობრივად, ვერცერთი მსხვილი გარიგება ამიერიდან ვერ შედგება პირადად ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე, რაც სახელმწიფოს მიტაცების კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს და კლავს თავისუფალ ბიზნესს ქვეყანაში, რასაც ჩვენ - „ლელო საქართველოსთვის“ ვერასდროს შევეგუებით.
ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კერძო სექტორს, რადგან გვჯერა, რომ ბიზნესი მხოლოდ სამართლიან გარემოში ვითარდება და ახალ სამუშაო ადგილებს მხოლოდ თავისუფალი ბიზნესი ქმნის და ვარწმუნებთ ყველას, რომ „ლელო საქართველოსთვის“ არასდროს დაუშვებს საქართველო ვინმეს პირადი „შპს“ გახდეს და ბოლომდე იბრძოლებს ქვეყანაში სამართლიანობისა და თავისუფლების დასამკვიდრებლად.
კომენტარები