პოლიტიკა
გიორგი გახარია - მე ვიქნები ბოლო ნომერი, სიაში ვინ იქნება პირველი
2020-07-10 12:55:00
პ რემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა ,მისი თქმით, გამოწვევების ფონზე მმართველ გუნდს არ სცალია იმისთვის, რომ იმაზე გამართოს დისკუსია, ვინ იქნება სიის სათავეში.
„რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, მე რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით - ჩემი ძირითადი ამოცანა, მთავრობის ძირითადი ამოცანა არის პირველ რიგში პანდემია, ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობის რისკები, მეორე ამოცანა გახლავთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - ჩვენი ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში იმიტომ, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური კრიზისი გადაიზარდა ეკონომიკურ კრიზისში და ჩვენი ამოცანა არის, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს თითოეულ ქართველ ოჯახს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და მესამე ამოცანაა ამ ორი კრიზისის პირობებში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში - წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები.
როგორ ფიქრობთ? ამ სამი უდიდესი გამოწვევის, ომის, თავიდანვე ვამბობდით, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ჩათვალეთ, რომ ახლა მესამე ფრონტზე ვიბრძვით, ამის პირობებში ან მე ან მთავრობის რომელიმე წევრს აქვს დრო იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ ან დისკუსიები გავმართოთ, პირველი სიაში ვინ იქნება ან მეორე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიაში ვინ იქნება პირველი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა ან რომელი პარტია უფრო მეტ ხმას მიიღებს, ესეც შეიძლება გახდეს მეორეხარისხოვანი, მთავარია ქვეყანაში ყველამ ერთად - ოპოზიციამ, მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა ჩავატაროთ სანიმუშო არჩევნები, ეს არის მთავარი ამოცანა. ეს არის ის გასაღები, რომელიც იმ ბევრ სპეკულირებას, რის სივრცესაც ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი ქმნის, ერთხელ და საბოლოოდ დაესმევა წერტილი”, - განაცხადა გახარიამ.
კომენტარები