1 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სუს–ი საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხისგან სიუჟეტების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხისგან კორონავირუსის გაყალბებული დიაგნოზებს შესახებ სიუჟეტების დაუმონტაჟებელ მასალას ითხოვს. უწყების მტკიცებით, მთავარი არხზე გამოგონილი და დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი გავიდა.

ამის შესახებ სუს–ი ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

“ამ საქმეზე გამოძიება 2020 წლის 16 მარტს დაიწყო, უწყებაში შემოსული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები, მასობრივი კომუნიკაციის სხვადასხვა (მათ შორის, ელექტრონული) საშუალების გამოყენებით, აქტიურად ცდილობდნენ ყალბი ამბების გავრცელების გზით მოსახლეობის დეზინფორმირებას ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების და მასთან ბრძოლის ეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რათა უარყოფითი ზემოქმედება მოეხდინათ მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გამოეწვიათ მათში უნდობლობა, პანიკა და ქაოსი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას და პანდემიასთან ეფექტურ ბრძოლას.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით, ევროკავშირის მიერ შექმნილი სპეციალური სამსახურის, East StratCom Task Force-ის მიერ, პანდემიასთან დაკავშირებული ყალბი ამბების გავრცელება იდენტიფიცირებულ იქნა როგორც ანტიდასავლური, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი იარაღი, რომლის მიზანი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებებისა და სახელმწიფოების მიმართ მოსახლეობის უნდობლობის გამოწვევა და მათში დაუცველობის განცდის დათესვა წარმოადგენდა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:

2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის გადაცემა შაბათის მთავარში გავიდა გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს, რომ თითქოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დაავადებებისგან გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრებს, ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ სთავაზობდნენ გარკვეულ ფულად თანხებს, 3000-დან 10000 ლარამდე ოდენობით.

აღნიშნულ სიუჟეტში გადმოცემული ყალბი ამბების ფართოდ გავრცელების მიზნით, სიუჟეტს, სოციალური ქსელების და სატელევიზიო კომენტარების საშუალებით, ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები და შეეცადნენ, ცრუ ინფორმაციისთვის დამაჯერებლობის მიცემას.

გამოძიების მიმდინარეობის დროს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი დაცვით და კვალიფიციური თარჯიმნების მონაწილეობით, გამოკითხული იქნა 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის შაბათის მთავარში გასული რეპორტაჟის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი. გამოსაკითხ პირთა ის ნაწილი, ვინც გამოთქვა სურვილი, ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიეცა, დაიკითხა სასამართლოში.

დაკითხვების შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რესპოდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები განზრახ იყო დამახინჯებული სიუჟეტის ავტორთა მიერ უსწორო თარგმანის მეშვეობით და დადგინდა, რომ ამ პირებისთვის არათუ თანხა არ შეუთავაზებია არავის მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების არარეალური მიზეზის დასახელების სანაცვლოდ, არამედ მათ, აღნიშნული ფაქტის შესახებ ზოგადი ინფორმაციაც კი არ ჰქონდათ.

ამ გარემოებას დამატებით ადასტურებს, 2020 წლის 26 ივნისს, ტელეკომპანია მთავარი არხის 9-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს, მოქალაქე ა.გ.-ს (არკინაზ გულიევა) ტიტრებით გასული დაუმონტაჟებელი ინტერვიუ, რომლის შინაარსი დიამეტრალურად განსხვავდება 2020 წლის 21 ივნისს შაბათის მთავარში გასული თარგმანისგან.

გარდა ამისა, გამოძიებამ გამოკითხა ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელებში აქტიურობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და უაპელაციოდ ამტკიცებდნენ, რომ ფლობდნენ ინფორმაციას, კონკრეტული ოჯახების შესახებ, ვისაც ფული შესთავაზეს მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების გარდაცვალების მიზეზად ახალი კორონა ვირუსის დასახელების სანაცვლოდ. ნიშანდობლივია, რომ გამოკითხულ პირთაგან ვერცერთმა ვერ დაასახელა ვერც აღნიშნულის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი და ვერც წყარო, თუ საიდან ფლობდნენ არასწორ ინფორმაციას.

როგორც საყოველთაოდ ცნობილია, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიას, როგორც მისი გავრცელების პრევენციის, აგრეთვე ინფიცირებულთა მიმართ ქმედითი სამედიცინო დამხარების აღმოჩენის კუთხით, რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა, საქართველო, სხვა 14 ევროპულ ქვეყანასთან ერთად, დაასახელა კორონა ვირუსთან მებრძოლ წარმატებულ და უსაფრთხო ქვეყნად და წევრ ქვეყნებს ჩვენი მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა.

იმავდროულად, გამოძიებით აშკარად იკვეთება, რომ ქვეყანაში მოქმედი გარკვეული ძალები და პირთა ჯგუფები, მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში ცრუ ინფორმაციის კამპანიურად გავრცელების გზით, მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეებში დიამეტრალურად განსხვავებული განწყობების შექმნას, რაც იწვევს დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციების და სამსახურების ნორმალური სამსახურების ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.

საქმეზე სრული, ყოველმხრივი და ობიქტური გამოძიების შემდგომი წარმართვის მიზნით, რათა ყოველ კონკრეტულ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების საკითხი გადაწყდეს უტყუარი და უერთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს ინიციატივისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა განჩინება 2020 წლის 20 ივნისს, გადაცემა შაბათის მთავარში გასული რეპორტაჟის – ნაყიდი COVID 19 და ასევე, 2020 წლის 25 ივნისს, 21:03 – 21:13 საათის პერიოდში გასული სიუჟეტის, სრული და უწყვეტი, დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვის თაობაზე, რომელიც დღეს ოფიციალურად ჩაბარდება აღსასრულებლად სამაუწყებლო კომპანია მთავარი არხის“ ხელმძღვანელობას.

გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე”.- წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები